საზოგადოება

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დედა-შვილი კლინიკაში გადაიყვანეს

1 სექტემბერი, 2022 • 1749
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დედა-შვილი კლინიკაში გადაიყვანეს

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი. მათგან დედა-შვილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

აფეთქდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

როგორც მეზობლები “ნეტგაზეთთან” ყვებიან, აფეთქება დილას, დაახლოებით 7:30 საათისთვის მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე სახლებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, ზოგან კი დაზიანდა ან სრულად მოიშალა კარებიც.

“ჩემ სახლში გარე კარი მთლიანად დეფორმირებულია და შიგნით საპირფარეშოს კარი მოგლეჯილია მთლიანად, ფარდებიც ჩამოგლიჯა შიგნით რაც ეკიდა”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი, რეზო გოგიაშვილი, რომლის ბინაც აფეთქების ადგილიდან ერთი სახლის გამოტოვებით მდებარეობს.

ბინა, სადაც აფეთქება მოხდა. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

მეზობლების თქმით, აფეთქების ტალღამ ბინის კარი რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

აფეთქების ადგილთან ახლოს მდგარი ავტომანქანა. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

მისი თქმით, დედა-შვილი სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ორი დღის წინ ქირით გადავიდა და ისინი ამ სახლში პირველი მოსახლეები იყვნენ.

“დილით აფეთქების ხმამ გამაღვიძა, ალბათ 8-ის ნახევარი იქნებოდა. წამოვხტი, რომ გამოვარდი გარეთ. დიდი კვამლი იდგა, ყველაფერი გამონგრეული იყო.

სახლში რომ შევედით პატარა ცეცხლის კერა იყო თავიდან და მერე მოედო სახლს. შევესიეთ და ჩვენი ძალებით ჩავაქრეთ. ვიცოდით, რომ ბავშვი იყო შიგნით და რომ მოვიძიეთ ვიპოვეთ და გამოვიყვანეთ. ცოტახანი აქ გვეწვა და მერე სასაწრაფო მოვიდა და გადაიყვანეს”, – ამბობს დაშავებულების კარის მეზობელი, რომელსაც აფეთქებულ სახლთან საერთო კედელი აქვს.

აფეთქების შემდეგ, მეზობლებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს, ცეცხლი რომ არ გავრცელებულიყო.ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე ავტომანქანებიც. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

მამუკა ფიფია იხსენებს, რომ გუშინ საღამოს, დაახლოებით 12 საათისთვის მის მეზობლებს კარი და ფანჯრები ჩაკეტილი ჰქონდათ და სახლში ელექტროენერგიაც არ ენთო. შესაბამისად, ვარაუდობს, რომ ისინი სახლში არ იყვნენ და დილას დაბრუნდნენ, აფეთქება კი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, შუქის ანთებისას მოხდა.

კარის მეზობლების თქმით, გუშინ ბუნებრივი აირის სუნი არ უგრძვნიათ.

მეზობლების თქმით, აფეთქების ტალღამ ბინის კარი რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

სავარაუდოდ სახლში არ იყვნენ იმიტომ რომ სადღაც 12-მდე ვისხედით გარეთ, ფანჯრები და კარი დაკეტილი იყო ორივე და შუქები არ ენთო.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მცირეწლოვანი იაშვილის კლინიკაში მიიყვანეს, ხოლო დედა – ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფეისბუკ ჯგუფში – „დიდი დიღომი – Didi Dighomi“ გავრცელდა. მოქალაქეები წერენ, რომ დილით, დაახლოებით 07:30 საათზე აფეთქების ხმა გაიგონეს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

“ნეტგაზეთმა” საბურთალოს რაიონის გამგეობას მიმართა, იმის დასაზუსტებლად, მიიღებენ თუ არა ის ოჯახები დახმარებას, რომლებსაც აფეთქების შედეგად სახლი დაუზიანდათ. მათი განცხადებით, ამჟამად აღწერას აწარმოებენ და დეტალები ზუსტდება. გამგეობის ინფორმაციით, მაცხვრებელთა ნაწილი თბილისში არ არის რეგისტრირებული და მათ დახმარებას ვერ გაუწევენ, თუმცა საკითხების გარკვევის შემდეგ გამგეობა მზად არის მაცხოვრებლებს კომპენსაცია მისცენ.

გვერდზე კორპუსში მდებარე სახლი, სადაც აფეთქების შედეგად ჩაიმსხრა შუშები და მოიშალა კარი. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

გვერდზე კორპუსში მდებარე სახლი, სადაც აფეთქების შედეგად ჩაიმსხრა შუშები და მოიშალა კარი. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი