ახალი ამბები

ივანიშვილის ადვოკატი: ღარიბაშვილზე განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია

21 ნოემბერი, 2021 • 5523
ივანიშვილის ადვოკატი: ღარიბაშვილზე განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში ივანიშვილის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილზე „აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან“.

საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტზე. კადრებში ნაჩვენებია, ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის დისტანციური ჩვენება, რომელიც მან ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან დავის ფარგლებში დისტანციურად მისცა. ამ კონტექსტში მან ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა.

კადრებში ისმის, თუ როგორ ამბობს ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არ არის და „ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული ამის განათლება და, მით უმეტეს, არც ფინანსური“.

ყიფიანი „იმედის“ ეთერში ამბობს, რომ საქმე ძალიან რეზონანსულია საერთაშორისო მედიაშიც, ხოლო ის კადრები, რაც საქართველოში გავრცელდა მოითხოვს შესწავლას.

„ეჭვის დონეზე და ვარაუდის დონეზე მე მიჭირს საუბარი, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის – გარკვეული ვიდეო მასალა, რომელიც გავრცელდა ქართულ სივრცეში, მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერი ფოტო-ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა.

ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მიმართულებით ვივლით, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვინმეს გაეკეთებინა ჩვენი მხრიდან. თვითონ პროცესი არის საჯარო, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს, მან უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას.

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი ან ნებისმიერი სხვა. აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა რომელიმე დაინტერესებულ პირზე ან ჯგუფზე,“ – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ის, რომ პროცესზე რომელიმე დაინტერესებული პირი დაესწრო, დარღვევა არ არის, თუმცა – „ის, რომ მოხდა ვიდეო ან ფოტო გადაღებასთან დაკავშირებული შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არც თუ დადებით ასოციაციებს იწვევს, არის შესწავლის საგანი,“.

რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ეხებოდა, ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ გავრცელებული კადრები კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ის განმარტავს:

„ერთია, რომ ეს არის შეზღუდვების დარღვევა და მეორე – არ დავაკონკრეტებ, გარკვეულ წყაროებს, მაგრამ ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი მასალა, რომელიც გამოიყენება.. მაგალითად, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გადაცემის ქუდში რაც ვნახეთ, იგივე ბატონი ივანიშვილის კომენტარი ბატონ ღარიბაშვილზე – რაც აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან. იქ არის ასეთი ფრაზა, რომ ღარიბაშვილი ვერ ერკვეოდა ფინანსებსა და იურისპრუდენციაში…

კონტექსტში და სრულად, მისი დამოკიდებულება და შეფასება ღარიბაშვილის მიმართ გამოიხატებოდა შემდეგნაირად: იქ რა ფინანსებზეც არის საუბარი, ჯერ ერთი საუბარია რთულ საფინანსო პროდუქტებზე ე.წ. წარმოებულ ფინანსურ პროდუქტებზე და ამ შემთხვევაში, არამხოლოდ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ ძალიან ბევრს ქართულ საფინანსო სფეროშიც კი ამის სათანადო არ და ვერ ექნება, განუვითარებელი ბაზრის გამო. და მეორე მან [ივანიშვილმა] ძალიან ვრცელი შეფასება მისცა მის დამოკიდებულებაზე ბატონი ღარიბაშვილისადმი. აღნიშნა რა, რომ წლების განმავლობაში ბატონი ირაკლი იყო მისი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო და აქტიური მონაწილე და შესაბამისად, არაერთი საქებარი სიტყვებით აღნიშნა მისი ნიშან-თვისებები, შესაბამისად, ის რად კმარა, რომ იმ მთავრობაში, სადაც ბატონი ივანიშვილი მუშაობდა პრემიერად, ბატონმა ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია დაიკავა,“.

დამატებით კითხვაზე, ის დასძენს, რომ უშუალოდ საქმის მიმდინარეობის პროცესში ივანიშვილის ამ განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ კადრებს მავნე დატვირთვა ეძლევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ კონტექსტში.

ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ჩვენებას ბერმუდის სასამართლოში დისტანციურად აძლევდა, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სააგენტო „ბლუმბერგმა“. გაიგეთ დეტალები ამ დავაზე:


2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდა.

ერთი წლის თავზე, 2013 წლის 20 ნოემბერს, ის გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და შემცვლელად 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა, რომელსაც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, უფრო ადრე კი — მმართველი პოზიცია ეკავა ივანიშვილის დაარსებულ ფონდ „ქართუში“.

მოულოდნელად, დანიშვნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, ღარიბაშვილმაც დატოვა თანამდებობა. „ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო“, — ასე განუმარტა მან ჟურნალისტებს გადადგომის მიზეზი 2015 წლის დეკემბერში.

2018 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე დაბრუნდა. მოგვიანებით, 2019 წლის გაზაფხულზე, პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილიც დაბრუნდა. ცოტა ხანში მან თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.

2021 წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებდა: „მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“.

2 თვეში, – მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამაც დატოვა ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე მთავრობასთან უთანხმოების მოტივით, – ქვეყნის პირველი პირი უკვე მეორედ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი.


საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისს“ 6 წელი, ედავება და ბანკს ადანაშაულებს თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვაში და თაღლითობაში.

ივანიშვილის ბანკირი იყო პატრიკ ლესკადრონი, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა და რომელსაც თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა. თუმცა „კრედიტ სუისი“ აცხადებს, რომ ლესკადრონი, – რომელმაც 2020 წელს თავი მოიკლა, – დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.

ივანიშვილი ერთ-ერთია იმ ხუთ ადამიანს შორის, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ბანკის წინააღმდეგ დავას და აცხადებენ, რომ ბანკის ვალდებულება იყო, ლესკადრონის ქმედებები არ დაეშვა მას შემდეგ, რაც დანაშაული გამოაშკარავდა. ივანიშვილი ბანკს, ბერმუდასთან ერთად, ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც ედავება.

„კრედიტ სუისი“ ჯერჯერობით არ პასუხობს ივანიშვილის კომენტარებს და აცხადებს, რომ სასამართლოს მიმდინარეობისას კომენტარს არ გააკეთებს.

ბერმუდის სასამართლო პროცესზე კომპანიის წარმომადგენელმა, ადვოკატმა სტივენ მოვერლი სმიტმა ივანიშვილს უწოდა „ოლიგარქი“ და თქვა, რომ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა სარისკო საინვესტიციო მოქმედებების გამო, რასაც „ლესკადრონი მისი სახელით აკეთებდა“.

ივანიშვილი პარასკევსაც მისცემს ჩვენებას. მომდევნო კვირაში კი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს მოუსმენენ ბერმუდის სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი