ახალი ამბები

“ასეთი თავხედობა რუსეთ-საქართველოს ველურ კაპიტალიზმშიც არ შემხვედრია” – ივანიშვილი „კრედიტ სუისზე“

18 ნოემბერი, 2021 • 12109
“ასეთი თავხედობა რუსეთ-საქართველოს ველურ კაპიტალიზმშიც არ შემხვედრია” – ივანიშვილი „კრედიტ სუისზე“

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ „კრედიტ სუისთან“ (Credit Suisse) დავას აგრძელებს, ერთ-ერთ ბოლო სასამართლო განხილვაზე განაცხადა:

„ისეთი დონის თავხედობა, რაც Credit Suisse-სგან გამოვცადე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოში, ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი არ შემხვედრია“.

„არასოდეს არსად მინახავს, კლიენტს ასე ცუდად მოჰქცეოდნენ. ეს ჩემთვის იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა“, – განაცხადა მან 17 ნოემბერს ბერმუდის სასამართლოზე.

ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ჩვენებას ბერმუდის სასამართლოში დისტანციურად აძლევდა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოს დისტანციურად, საქართველოდან ჩაერთო.

საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისს“ 6 წელი, ედავება და ბანკს ადანაშაულებს თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვაში და თაღლითობაში.

ივანიშვილის ბანკირი იყო პატრიკ ლესკადრონი, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა და რომელსაც თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა. თუმცა „კრედიტ სუისი“ აცხადებს, რომ ლესკადრონი, – რომელმაც 2020 წელს თავი მოიკლა, – დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.

ივანიშვილი ერთ-ერთია იმ ხუთ ადამიანს შორის, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ბანკის წინააღმდეგ დავას და აცხადებენ, რომ ბანკის ვალდებულება იყო, ლესკადრონის ქმედებები არ დაეშვა მას შემდეგ, რაც დანაშაული გამოაშკარავდა. ივანიშვილი ბანკს, ბერმუდასთან ერთად, ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც ედავება.

„კრედიტ სუისი“ ჯერჯერობით არ პასუხობს ივანიშვილის კომენტარებს და აცხადებს, რომ სასამართლოს მიმდინარეობისას კომენტარს არ გააკეთებს.

ბერმუდის სასამართლო პროცესზე კომპანიის წარმომადგენელმა, ადვოკატმა სტივენ მოვერლი სმიტმა ივანიშვილს უწოდა „ოლიგარქი“ და თქვა, რომ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა სარისკო საინვესტიციო მოქმედებების გამო, რასაც „ლესკადრონი მისი სახელით აკეთებდა“.

ივანიშვილი პარასკევსაც მისცემს ჩვენებას. მომდევნო კვირაში კი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს მოუსმენენ ბერმუდის სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი