საზოგადოება

ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი – ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ დავისას

20 ნოემბერი, 2021 •
ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი – ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ დავისას

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან დავის ფარგლებში დისტანციურად აძლევდა ჩვენებას, ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა.

ვიდეოკადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ტელეკომპანიის თანახმად, ეს კადრები 18-19 ნოემბრით თარიღდება, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერმუდის სასამართლოში ფინანსურ დავას ესწრებოდა და ჩვენებას აძლევდა.

„ერთ პატარა რემარკას გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ზოგადად, კარგი იქნება, რახან ღარიბაშვილი აინტერესებს [კითხვის ავტორს]“, – ამბობს ექსპრემიერი ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა.

არხის თანახმადვე, ღარიბაშვილი, რომელიც იმ პერიოდში ივანიშვილის თანაშემწე იყო, ესწრებოდა ბანკ „კრედიტ სუისთან“ ხელშეკრულებების ხელმოწერას, რის შემდეგაც, ივანიშვილის თანახმად, ბანკმა მას ასობით მილიონი აშშ დოლარი დააკარგვინა.

„ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ „კრედიტ სუისი“ მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი“? – კითხულობს ექსპრემიერი.

მისი თქმით, იმ პერიოდში ღარიბაშვილის ვალდებულება შემდეგი იყო:

„აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, ვთქვათ… იგივე, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, მინდოდა ფულის გადარიცხვა, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება, ასეთ მსგავსი, თვეში ერთხელ გაეგო, ანგარიშზე რა თანხებია დარჩენილი და ა.შ“.

ამის შემდეგ უცხო პირი, რომელიც ვიდეოში არ ჩანს, ივანიშვილს ეკითხება: „ანუ, რაღაც, მდივანივით გყავდათ, არა“?, რაზეც ივანიშვილი იცინის და უპასუხებს:

„რაც გინდათ ის დაარქვით, თქვენი რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

„ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული ამის განათლება და, მით უმეტეს, არც ფინანსური“, – თქვა ასევე ივანიშვილმა.

ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ჩვენებას ბერმუდის სასამართლოში დისტანციურად აძლევდა, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სააგენტო „ბლუმბერგმა“. გაიგეთ დეტალები ამ დავაზე:


2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდა.

ერთი წლის თავზე, 2013 წლის 20 ნოემბერს, ის გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და შემცვლელად 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა, რომელსაც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, უფრო ადრე კი — მმართველი პოზიცია ეკავა ივანიშვილის დაარსებულ ფონდ „ქართუში“.

მოულოდნელად, დანიშვნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, ღარიბაშვილმაც დატოვა თანამდებობა. „ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო“, — ასე განუმარტა მან ჟურნალისტებს გადადგომის მიზეზი 2015 წლის დეკემბერში.

2018 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე დაბრუნდა. მოგვიანებით, 2019 წლის გაზაფხულზე, პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილიც დაბრუნდა. ცოტა ხანში მან თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.

2021 წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებდა: „მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“.

2 თვეში, – მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამაც დატოვა ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე მთავრობასთან უთანხმოების მოტივით, – ქვეყნის პირველი პირი უკვე მეორედ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი.


საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისს“ 6 წელი, ედავება და ბანკს ადანაშაულებს თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვაში და თაღლითობაში.

ივანიშვილის ბანკირი იყო პატრიკ ლესკადრონი, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა და რომელსაც თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა. თუმცა „კრედიტ სუისი“ აცხადებს, რომ ლესკადრონი, – რომელმაც 2020 წელს თავი მოიკლა, – დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.

ივანიშვილი ერთ-ერთია იმ ხუთ ადამიანს შორის, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ბანკის წინააღმდეგ დავას და აცხადებენ, რომ ბანკის ვალდებულება იყო, ლესკადრონის ქმედებები არ დაეშვა მას შემდეგ, რაც დანაშაული გამოაშკარავდა. ივანიშვილი ბანკს, ბერმუდასთან ერთად, ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც ედავება.

„კრედიტ სუისი“ ჯერჯერობით არ პასუხობს ივანიშვილის კომენტარებს და აცხადებს, რომ სასამართლოს მიმდინარეობისას კომენტარს არ გააკეთებს.

ბერმუდის სასამართლო პროცესზე კომპანიის წარმომადგენელმა, ადვოკატმა სტივენ მოვერლი სმიტმა ივანიშვილს უწოდა „ოლიგარქი“ და თქვა, რომ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა სარისკო საინვესტიციო მოქმედებების გამო, რასაც „ლესკადრონი მისი სახელით აკეთებდა“.

ივანიშვილი პარასკევსაც მისცემს ჩვენებას. მომდევნო კვირაში კი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს მოუსმენენ ბერმუდის სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი