ახალი ამბები

ზუგდიდში პოლიციამ გიორგი მუმლაძე ძალის გამოყენებით გაიყვანა

30 ოქტომბერი, 2021 • 1835
ზუგდიდში პოლიციამ გიორგი მუმლაძე ძალის გამოყენებით გაიყვანა

ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბანთან, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მოძრაობის, „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი მუმლაძე პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

მის გადაყვანას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება მოძრაობის წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის.

გიორგი მუმლაძის თქმით, მათი ორგანიზაციის წევრმა, დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა პირმა, ბექა პაპაშვილმა დაინახა, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი.

მუმლაძის თანახმად, როცა პაპაშვილმა სიტუაციაში გარკვევა სცადა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბექა პაპაშვილი და ის პირი, ვინც მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით პოლიციელებმა მუმლაძეს უთხრეს, რომ განყოფილებაში გაჰყოლოდა, რაზეც მან იკითხა, თუ რა სტატუსით. პოლიციელები ასევე ამბობდნენ, რომ არ აკავებდნენ და გამოსაკითხად უნდოდათ გადაეყვანათ, თუმცა ამ დროს კვლავ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება და მუმლაძე პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მე-20 უბანთან პოლიციამ 5 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი