ახალი ამბები

მუმლაძე: ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს

28 ნოემბერი, 2023 • 759
მუმლაძე: ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი გიორგი მუმლაძე პარტიაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და მიიჩნევს, რომ მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ რიტორიკაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

მუმლაძე აცხადებს, რომ ხაბეიშვილის განცხადებები და ქმედებები არ უწყობს ხელს პარტიის კონსოლიდაციას და მიიჩნევს, რომ არცერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს პარტიის ერთიანობის დარღვევად და მის შესუსტებად:

„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც [ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს] დაიწყო საუბარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებების საჭიროებაზე და ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილში მეტი აქტიურობა და პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით უნდა ყოფილიყო დადებითი შედეგები. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და მე მაქვს პასუხისმგებლობა, მქონდეს ჩემი პოზიცია შექმნილ ვითარებაზე.

სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს პარტიის კონსოლიდაციას, ჩვენს თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას და, მე ვფიქრობ, უნდა ესმოდეს, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მას და რომ არცერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს ან პარტია შესუსტდეს“, — მიიჩნევს მუმლაძე.

გიორგი მუმლაძის თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ხაბეიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულზე პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობის დატოვებაა, რის შემდეგაც მოიწვევენ მასშტაბურ ყრილობას და ღიაობის პრინციპების დაცვით და მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გათვალისწინებით, პოლიტსაბჭო ხელახლა დაკომპლექტდება ბრძოლისუნარიანი ადამიანებით:

„სწორედ ეს პოლიტსაბჭო აირჩევს როგორც სათათბირო, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს და მთელი 2024 წლის განმავლობაში სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას და ეს იქნება რეალურად კრიზისის დაძლევის მექანიზმი. ვინაიდან ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის და [საჭიროა] მაქსიმალური ჩართულობა, ყველა ის განაწყენებული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ჰყავს წარმომადგენელი პარტიის მართვაში.

ამ მძიმე კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა თავის რიტორიკაზე და ამ ხნის განმავლობაში პარტიის ვერ გაძლიერებაზე და, მეორე მხრივ, აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერი პრივილეგია, ნებისმიერი თანამდებობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ჩვენ გვეკისრება და ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაწილში.

აქვე დავძენ, ჩვენ ყველანი მზად ვართ ვიბრძოლოთ, პირველ რიგში, რეჟიმის დასამარცხებლად და ეს იყო მთავარი მოტივატორი და არა რაიმე პირადი პრივილეგია. ეს არის ჩემი შეთავაზება როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის. მე მივმართავ ჩემს მხარდამჭერებს: მეგობრებო, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ ღირსეულად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ასეთი დემოკრატიული ჩართულობით, დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით პარტიაში, მაშინ დავსხდეთ და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით საპარლამენტო არჩევნებიდან სამ თვეში ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე“ ,— აცხადებს გიორგი მუმლაძე.


23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

მანიფესტს ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს წევრები, თუმცა მასზე ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს.

მანიფესტის შექმნის იდეა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. მისი თქმით, მანიფესტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა.

27 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა.  მისი თქმით, ნიკა მელიას დრო ჰქონდა, 23 ნოემბრის მანიფესტს შეერთებოდა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„ფორმულას“ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახებ და არსებობს თუ არა ამის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის პარტიის წევრი აღარაა. რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ „წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან“.

ხაბეიშვილის თქმით, მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.

ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა.

„ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე “, – მიმართა ვახო სანაიამ ლევან ხაბეიშვილს და ფურცელი გაუწოდა.

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა – „არ არის, არ წარმოადგენს“ და თან თავის ხელმოწერა დაურთო.


2022 წლის სექტემბერში, მაშინ როცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, გიორგი მუმლაძემ ნიკა მელიასა და მისი დაცვის წევრებთან ფიზიკურ დაპიირისპირებაზე ისაუბრა.

მუმლაძის თქმით, დაპირისპირების მიზეზი იყო „ტვ პირველზე“, ნოდარ მელაძის „შაბათში“ გასული სიუჟეტი სუს-ის მიერ ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილი აგენტების შესახებ. კერძოდ, მუმლაძის თანახმად, ამ სიუჟეტის შემდეგ ენმ-ში “გავრცელდა ინფორმაცია“, რომ მუმლაძის თანაგუნდელი, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი ლაშა ხუსკივაძე „სუს-ის აგენტია“ და მელაძის გადაცემის ანონსში, რომელიც აგენტებს ეხებოდა, მისი ხმა ამოიცნეს.

„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც გადავწყვიტეთ, პასუხი მოგვეთხოვა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასე უაპელაციოდ ავრცელებდა უბინძურეს ინფორმაციას“, – აცხადებს მუმლაძე.

მისი თქმით, გადაცემის ავტორთან, ნოდარ მელაძესთან გადაამოწმეს ინფორმაცია ხუსკივაძის აგენტობის შესახებ და „გაირკვა, რომ [ხუსკივაძე] არაფერ შუაში არ იყო ფაილებთან და ხმასთან, რაც სიუჟეტში იყო“.

გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა მოითხოვეს, „ეს საკითხი მოგვარებულიყო“ და მას, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებდა, ბოდიში მოეხადა.

„პირველ ეტაპზე ვერც ერთ ადამიანთან ვერ მოხდა დაკავშირება. შემდეგ გადაწყდა, რომ ნიკა მელიას თაოსნობით იქნებოდა შეხვედრა ორშაბათს [19 სექტემბერს], რომ ამაზე უნდა გვესაუბრა“, – ამბობს მუმლაძე.

მუმლაძის თქმით, ამის შემდეგ პარტიაში იყო შეხვედრა, სადაც უნდა მისულიყვნენ და ეს საკითხია „გაერკვიათ“: „შეკრებაზე მივედით 7 ადამიანი, „მოძრაობა საქართველოსთვის“. ამას უნდა დასწრებოდა მელია, პეტრე ცისკარიშვილი და აქ გაირკვეოდა, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია“. თუმცა, მუმლაძის მონათხრობის თანახმად, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

მუმლაძის ვერსია ასეთია: მელიასთან შეხვედრაზე თავდაპირველად 4 ადამიანი შევიდა, მოგვიანებით კი თვითონაც შევიდა და „დანარჩენებიც მიჰყვნენ“, რა დროსაც ნიკა მელიამ იკითხა: „ამათ აქ რა უნდათ“?

მისი თქმით, მელია გაღიზიანებული იყო მის მიმართ დასმული კითხვებით და უთხრა: „რა კითხვებს მისვამ, ფეისბუკზე რა დღეში ხარ“? მუმლაძის თანახმადვე, მელიამ მას პროვოკატორი უწოდა, რის შემდეგაც მუმლაძემ შეიგინა.

მისი თქმით, ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც იყვნენ ჩართულნი ნიკა მელიას დაცვის წევრების ნაწილი, მისი მძღოლი და „სხვა პირები“.

მუმლაძის ბრალდებების საპასუხოდ პარტიის გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. მაშინ ენმ-ის თავმჯდომარე კვლავ ნიკა მელია იყო.განცხადების თანახმად, არსებობს „ადამიანების მცირე ჯგუფი“, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და „დესტრუქციულ ნაბიჯებს“ დგამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი