ახალი ამბები

დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 უბანთან

30 ოქტომბერი, 2021 • 889
დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 უბანთან

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მოხდა ენმ-ის მხარდამჭერი მოძრაობის, „საქართველოსთვის“ წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის.

მოძრაობის ლიდერის, გიორგი მუმლაძის თქმით, მათი ორგანიზაციის წევრმა, დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა პირმა, ბექა პაპაშვილმა დაინახა, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი.

მუმლაძის თანახმად, როცა პაპაშვილმა სიტუაციაში გარკვევა სცადა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მუმლაძის თქმითვე, ამ დროისთვის ბექა პაპაშვილი და ის პირი, ვინც მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდა მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, მამუკა წოწერია. ასევე, მოძრაობის „საქართველოსთვის“ სხვა წევრები.

მე-20 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კახა ჯაბუამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ დაპირისპირებას უბნის გარეთ ჰქონდა ადგილი და უბანზე სიწყნარეა.

მოგვიანებით პოლიციამ გიორგი მუმლაძეც გადაიყვანა განყოფილებაში ძალის გამოყენებით.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი