ახალი ამბები

ენმ-ის ცნობით, წუხელ ზუგდიდში მათ მხარდამჭერს თავს დაესხნენ

30 ოქტომბერი, 2021 • 1113
ენმ-ის ცნობით, წუხელ ზუგდიდში მათ მხარდამჭერს თავს დაესხნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებს, რომ წუხელ ენმ-ის მხარდამჭერს თავს დაესხნენ და სცემეს.

„თავს დაესხნენ ჩვენს მხარდამჭერს, ზური ბეჭვაიას, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა ხმის მისაცემად და აქტიურად გვეხმარება საარჩევნო კამპანიაში“, – დაწერა წითლიძემ ფეისბუკზე.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ბათლომე შელიას ცნობით, შემთხვევა ზუგდიდის სოფელ კახათში მოხდა.

წითლიძეც და შელიაც წერენ, რომ ბეჭვაიას ოთხი მანქანით გადაუჭრეს გზა და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე, წაართვეს საბუთები და პირადი ნივთები.

მათი თქმითვე, თავდასხმას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა – თავდამსხმელები ბეჭვაიას მიმართევდნენ „შე ნაციონალოს ყვირილით და გინებით“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ ამავე მასალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი