ახალი ამბები

GDI: სასამართლომ 5 ივლისს დაზარალებულ აქტივისტებს სტატუსი არ მიანიჭა

29 ოქტომბერი, 2021 • 822
GDI: სასამართლომ 5 ივლისს დაზარალებულ აქტივისტებს სტატუსი არ მიანიჭა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის საჩივარი 5 ივლისის საქმეზე აქტივისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორები და აქტივისტები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ დევნის ობიექტები ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან და სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდნენ. ამავდროულად, მათ ვერ შეძლეს შეკრება-მანიფესტაციის უფლების თავისუფლებით სარგებლობა.

აღნიშნულის გამო GDI-მ  2021 წლის 27 სექტემბერს, მათი სახელით, პროკურატურისგან მოითხოვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით, პროკურორი ვალდებული იყო, 48 საათის განმავლობაში გამოეცა დადგენილება დაზარალებულად ცნობის ან დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, GDI-ს განცხადებაზე პასუხი არ გასცა:

„2021 წლის 8 ოქტომბერს GDI-მ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა პროკურორის უმოქმედობა და მოითხოვა, დაევალებინა ქვემდგომისთვის კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოცემა. GDI-ს საჩივარზე ზემდგომმა პროკურორმა რეაგირება არ მოახდინა. 2021 წლის 11 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, ქვემდგომმა პროკურორმა წერილით უპასუხა GDI-ს განცხადებასაც და საჩივარსაც (რომელიც თავად ქვემდგომი პროკურორის მიერ კანონის დარღვევას ეხებოდა).

პროკურორმა წერილში აღნიშნა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც გამოკითხავდნენ პრაიდ კვირეულის დროს განვითარებული მოვლენების მსხვერპლებს. პროკურორმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კვლავ არ გამოსცა დადგენილება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამის შემდეგ GDI-მ აღნიშნული სასამართლოში გაასაჩივრა, 2021 წლის 27 ოქტომბერს კი სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა მსხვერპლების ადვოკატის საჩივარი:

„სასამართლომ აღნიშნა: „ვინაიდან არ არის დაცული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები (პროცესუალური ნაწილი) და ასევე საქმეში წარმოდგენილი არ არის როგორც პროკურორის, ასევე ზემდგომი პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, იმსჯელოს მასში მითითებულ გარემოებებზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

GDI-ში აცხადებენ, რომ პროკურორისა და ზემდგომი პროკურორის მიერ, კანონის უხეში დარღვევით, მიმართვიდან 48 საათში დადგენილების გამოცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სასამართლომ პროკურატურას არ დაავალა აღნიშნული დარღვევის გამოსწორება, კერძოდ კი, დაზარალებულებს უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე:

„სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება ამკვიდრებს საგანგაშო პრეცედენტს, რომელიც პროკურატურის თვითნებობას შეუზღუდავს ტოვებს. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა არ გამოსცემს დადგენილებას და დაარღვევს კანონს, აღნიშნულის სასამართლოში გასაჩივრება შეუძლებელი ხდება. მსგავსი მიდგომა ზღუდავს დაზარალებულების უფლებას, მიმართონ სასამართლოს და გაასაჩივრონ პროკურატურის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა“ ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

5 ივლისს დაზარალებულ აქტივისტთა ინტერესებს GDI იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, საქმის წარმოება მიმდინარეობს ,,ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის“ – ფარგლებში.

რა მოხდა 5 ივლისს

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს “ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სთან და პროკურატურასთან.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 27 პირი დააკავა, თუმცა ჯერჯერობით ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებული არავინაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი