ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც 5 ივლისის საქმეზე 6 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა, კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ჟურნალისტებზე ძალადობას.
გოგოსაშვილის თქმით, იმ ვითარებაში, როცა 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობაც კი არაა დაკისრებული, სასჯელის შემსუბუქება მათთვის, ვის მიმართაც სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს, კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთას:
„ჩვენი შეფასებით, სასამართლოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ძალადობას. ფაქტია, რომ 5 ივლისის მონაწილე ყველა მოძალადე არ არის დასჯილი და ამასთან, ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობაც არ არის დაკისრებული.
ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ სასჯელი უმსუბუქდებათ მათ, ვის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები. ჯგუფურ ძალადობაზე ბრალდების მოხსნა კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთას. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობა მოძალადეებისა ძალიან მსუბუქი სასჯელებით არიან დასჯილი“, – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
მარიამ გოგოსაშვილის თქმით, მედიის მიმართ ძალადობა განპირობებულია ორი გარემოებით, ერთია წამახალისებელი განცხადებები, მეორე კი- სათანადო რეაგირების არქონა
„უმეტეს შემთხვევაში იწყება გამოძიება და არ სრულდება, და თუ გამოძიება მივიდა ბოლომდე, ვხედავთ, სასამართლო როგორ გადაწყვეტილებებს იღებს. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი იყო ორგანიზებულად ჩადენილი. ასევე ფაქტია ის, რომ 50-ზე მეტი ჟურნალისტია დაზარალებული და ყველა ქმედებაზე არ არის პასუხისმგებელი პირი გამოვლენილი. რაც მთავარია, 5 ივლისის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემაა, რადგან ეს იყოს პრევენცია იმისა, რომ მედიაზე ძალადობრივი ქმედებები მომავალში დასჯადი იქნება“, – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროა. დასკვნის გასაჯაროებული ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა. ნარკოტიკული ზედოზირება ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ის ვერსია იყო, რომელზეც შსს ოპერატორის დაღუპვის დღიდან მიანიშნებდა.
ექსპერტიზის დასკვნამდე დიდი ხნით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას.
გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა როლი ითამაშა გარდაცვალებაში რამდენიმე დღით ადრე სასტიკმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.