ახალი ამბები

კოალიცია: 5 ივლისზე სააპელაციოს გადაწყვეტილება დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

17 იანვარი, 2023 • 614
კოალიცია: 5 ივლისზე სააპელაციოს გადაწყვეტილება  დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 5 ივლისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც  2021 წლის 5 ივლისის თავდასხმისას, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში მსჯავრდებულები გამართლდნენ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.

კოალიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

ამასთან, მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე არავის დაკისრებია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა:

„საქართველოს სახალხო დამცველმა, მედიის ადვოკატირების კოალიციამ და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს გენერალურ პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. სამწუხაროდ, მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც ორგანიზებული ძალადობის შედეგად 56 პირი, მათ შორის 47 ჟურნალისტი დაზარალდა . თავდასხმის შემდეგ 31 პირი დააკავეს, მათგან 27- ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.

მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ყურადღება არის გამახვილებული, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
ამის თაობაზე არაერთხელ აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციამ თავის განცხადებებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა.

2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე 6 მსჯავრდებულს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა. მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით, ექვსივე მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5 წლის ვადით პატიმრობა 4-მდე შეუმცირდათ.

მსჯავრდებულებს შორის, რომელთა სააპელაციო სარჩელზეც გადაწყვეტილება სასამართლომ გამოაცხადა, არიან დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ ბრალი დაუდგინდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მესამე ნაწილსა და 154, 156, მუხლებით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და დევნას გულისხმობს.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროა. დასკვნის გასაჯაროებული ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა. ნარკოტიკული ზედოზირება ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ის ვერსია იყო, რომელზეც შსს ოპერატორის დაღუპვის დღიდან მიანიშნებდა.

როგორ მოკლეს მეორედ ლაშქარავა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე
ექსპერტიზის დასკვნამდე დიდი ხნით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა როლი ითამაშა გარდაცვალებაში რამდენიმე დღით ადრე სასტიკმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი