ახალი ამბები

5 ივლისის საქმეზე 2 მსჯავრდებულს სააპელაციომ სასჯელი დაუმძიმა

8 მაისი, 2023 • 1044
5 ივლისის საქმეზე 2 მსჯავრდებულს სააპელაციომ სასჯელი დაუმძიმა

5 ივლისის საქმეზე 2 მსჯავრდებულს სააპელაციომ სასჯელი დაუმძიმა. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილია თვალიაშვილის ცემის ეპიზოდზე, რომლის ფარგლებშიც სასჯელს იხდიდნენ გიორგი წარუაშვილი და გიორგი მაღრაძე.

ორივე მსჯავრდებულს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი, სასჯელი 3-3 წლით განესაზღვრათ. გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდათ, ერთი მათგანი სასამართლო დარბაზში დააკავეს, მეორეს მიმართ კი ძებნა გამოცხადდა.

5 ივლისის საქმეზე საქმეზე მსჯავრდებულ დანარჩენი 5 პირის შემთხვევაში სააპელაციომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა. მათ შორის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც იყო, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნის გასაჯაროებული ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა. ნარკოტიკული ზედოზირება ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ის ვერსია იყო, რომელზეც შსს ოპერატორის დაღუპვის დღიდან მიანიშნებდა.

ექსპერტიზის დასკვნამდე დიდი ხნით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა როლი ითამაშა გარდაცვალებაში რამდენიმე დღით ადრე სასტიკმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რა დროსაც ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა.

ძალადობრივი ჯგუფები ქუჩაში სწორედ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად საპატრიარქოსა და პრო-რუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ორგანიზებით გამოვიდნენ. ჟურნალისტების ცემის გარდა, მათ ასევე დაარბიეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში პარლამენტის წინ დადგმული კარვები, ასევე „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.

მთავარ ფოტოზე: ილია თვალიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი