ახალი ამბები

“პოლიტიკური ნიშნით მომხსნეს” – 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

28 ოქტომბერი, 2021 • 1541
“პოლიტიკური ნიშნით მომხსნეს” – 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

თბილისის 119-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მშობლების ნაწილი დირექტორის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებლის ჩანაცვლებას აპროტესტებენ.

პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტრომ თეა ბრეგვაძე პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩაანაცვლა.

კერძოდ, როგორც თავად თეა ბრეგვაძე აცხადებს, ის “ნაციონალური მოძრაობის” ღია მხარდამჭერია, თამარ თაბუაშვილი კი, რომელიც სამინისტრომ ბრეგვაძის ადგილას დანიშნა, “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს.

თეა ბრეგვაძის და სკოლის მასწავლებლების განმარტებით, მათთვის გაუგებარია, რატომ ჩაანაცვლა დირექტორობის ერთი შემსრულებელი მეორით, როცა ბრეგვაძეზე მაღალი კვალიფიკაცია თაბუაშვილს არ აქვს. ამასთან, ის 119-ე საჯარო სკოლის მასწავლებელიც არ არის.

თეა ბრეგვაძე აღნიშნულ სკოლაში დირექტორის მოვალეობას 2020 წლიდან ასრულებს, მანამდე კი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მისი თქმით, გამუდმებით ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთ დღეს დირექტორით ჩაანაცვლებდნენ, თუმცა ფიქრობდა, რომ ეს დადგენილი წესის შესაბამისად მოხდებოდა, ანუ განიხილებოდა კონკრეტული კანდიდატურა, რომელსაც საბოლოოდ სკოლა აირჩევდა:

“გუშინ მომივიდა წერილი, რომ დღევანდელი დღიდან [28 ოქტომბრიდან] დირექტორის მოვალეობის შესრულებას 118-ე სკოლის პედაგოგი გააგრძელებდა, რომელიც იგივე მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც მე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აგრძელებს ის და რატომ არ ვაგრძელებ მე. იმიტომ, რომ მე ვარ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი და ეს იციან, ისინი ვერასდროს დარეკავენ ჩემთან, რომ აქციაზე მივიყვანო პედაგოგები, თუმცა თავისუფლად დარეკავენ თამარ თაბუაშვილთან, რომელიც ღიად არის მათი მხარდამჭერი. ასეთი დავალებების შესრულებისთვის მე მათთვის სასურველი კადრი არ ვარ. კარგი, ვთქვათ, მე ცუდად ვასრულებდი მოვალეობას, ამ სკოლაში ბევრი კარგი კადრია, ვისაც ჩემი შეცვლა შეეძლო”, – აცხადებს თეა ბრეგვაძე “ნეტგაზეთთან”.

თეა ბრეგვაძის მხარდასაჭერად დღეს 35-მდე მასწავლებელმა პროტესტის ნიშნად გაკვეთილების ჩატარებაზე უარი თქვა. სკოლასთან შეიკრიბნენ მოსწავლეების მშობლებიც. “ნეტგაზეთთან” საუბარში პროტესტის მონაწილეებმა განმარტეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ახალ დირექტორი ღია კონკურსით შეირჩეს:

“ჩვენ ვეწინააღმდეგებით დროებითი მოვალეობის შემსრულებლის ჩანაცვლებას ისევ მოვალეობის შემსრულებლით იმიტომ, რომ ჩვენ ველოდით ღია კონკურსით შერჩეულ დირექტორს. ასევე, საბჭოს არჩეულ დირექტორს. ასეთი კანდიდატი არ წარდგა და პირდაპირ ხდება ჩანაცვლება არაფრით გამორჩეული კანდიდატით”, – განმარტა სკოლის პედაგოგმა, მაია შეიზაშვილმა.

თეა ბრეგვაძის ჩანაცვლებას მხარს არ უჭერს მშობლების ნაწილიც. როგორც თავად ამბობენ, ისინი კმაყოფილი არიან ბრეგვაძის მუშაობით და ეჭვი ეპარებათ თაბუაშვილის კვალიფიკაციაში.

“ახალი დირექტორი რომ მოსულიყო კვალიფიციური, რომელსაც გამოცდები ექნებოდა ჩაბარებული, ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვექნებოდა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა მშობელმა, მანუჩარ ჩაფიჩაძემ.

სკოლის დირექტორთან დაკავშირებულ ბრალდებებს განათლების სამინისტრო უარყოფს და აცხადებს, რომ თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.

“ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო განმარტავს, რომ 2020 წლის 8 სექტემბერს 119-ე სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა ამოეწურა, რის შემდეგაც დირექტორის მოვალეობის შესრულებაც მისმა მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ გააგრძელა. რაც შეეხება თამარ თაბუაშვილის, სამინისტროს განმარტებით, მოვალეობის შემსრულებლად მისი დანიშვნა კანონის შესაბამისად მოხდა:

“სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება”, – აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი