ახალი ამბები

TI: კლანი მოსამართლეთა დაწინაურების სისტემას ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს

26 ოქტომბერი, 2021 • 897
TI: კლანი მოსამართლეთა დაწინაურების სისტემას ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საერთო სასამართლოების სისტემაში დაწინაურების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და დამკვიდრებული პრაქტიკა შეისწავლა.

კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა, გაანალიზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ 2015-2020 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რაც TI-ს შეფასებით, აჩვენებს, რომ დაწინაურების სისტემას გავლენიანი მოსამართლეების კლანი იყენებს შიდა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად.

ორგანიზაციის განცხადებით, დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების უმრავლესობა საერთო სასამართლოების სისტემაში არა დამსახურების პრინციპზე დაფუძნებით, არამედ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის პირადი, ვიწრო ინტერესების შესაბამისად მიიღება და ამის შესაძლებლობას მათ აძლევს არსებული სამართლებრივი მოწესრიგება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი.

კვლევის ავტორების თქმით, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაწესება ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობას. TI-ს აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გავლენიანი მოსამართლეებისგან მომდინარე იმ საფრთხეების გათვალისწინება, რამაც შეიძლება ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შელახოს:

„მიტაცებული“ იუსტიციის საბჭოს არსებობა საფრთხეს უქმნის სასამართლოს გაჯანსაღებასა და მისი რეალური დამოუკიდებლობის მიღწევას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება, საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურებითა და საკადრო გადაწყვეტილებებით მანიპულაციის შესაძლებლობას აძლევს. ასეთ ვითარებაში, ჩნდება ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის საფრთხეები, რაც კორპორატივიზმის პრინციპზე დაფუძნებულ მმართველობას აძლიერებს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

დოკუმენტის ავტორების თქმით, მოსამართლეთა დაწინაურებისას ძირითად პრობლემას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების არაჯანსაღი მიზნებით გამოყენება.

კერძოდ, მოსამართლეთა ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანისას არ არის გათვალისწინებული კონკრეტული სასამართლოს საკადრო საჭიროებები.

TI-ს თქმით, ზედაპირული და არაშინაარსობრივია გასაუბრების პროცესიც, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება და ძირითადად კანდიდატის მოტივაციის შესახებ ინფორმაციას ეხება. კვლევის ავტორების თქმით, საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პირობებში, გაუგებარია, ნამდვილად დამსახურების მიხედვით გამოიყენა თუ არა საბჭომ დადგენილი წესები და კრიტერიუმები კონკრეტული კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭების დროს:

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკადრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არათანმიმდევრულია. საინტერესოა, რომ 2015 წლიდან დღემდე კონკურსის გარეშე 35 მოსამართლე დაწინაურდა, მოსამართლეები სხვადასხვა სასამართლოებიდან უმეტესად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ. მხოლოდ,3 შემთხვევაა ისეთი, როდესაც მოსამართლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს.

კითხვებს ბადებს მოსამართლეთა უმეტესობის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურების ტენდენცია, მაშინ, როცა რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობა გაცილებით უფრო პრობლემურია. ამის მაგალითია გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან მოსამართლე ნინო შარაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაწინაურება, რის შედეგადაც გორის რაიონული სასამართლო ნახევარი წლის განმავლობაში სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლის გარეშე დარჩა“, — წერია დოკუმენტში.

ამასთან, კვლევის ავტორების თქმით, მოსამართლეთა დაწინაურების არსებული წესი უმეტესად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სასამართლოებს შორის მოსამართლეთა ე.წ. როტაციის მიზნით გამოიყენება. TI-ს თქმით, სწორედ, მსგავსი საკადრო მანიპულაციებით ინარჩუნებს ე.წ. კლანი გავლენებს სასამართლო სისტემაში.

მაგალითად, დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ დაწინაურდა. ამის შემდგომ, 2020 წლის 31 ივლისის ბრძანებით, ანგარიშის ავტორების განცხადებით, იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაიყვანეს და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნეს დიმიტრი გვრიტიშვილის ადგილზე, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.

2020 წლის დეკემბერიდან კი მშვენიერაძე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარეა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა დაწინაურების არსებული პრაქტიკა საფრთხის ქვეშ აყენებს ზემდგომ ინსტანციებში უფრო მეტად კვალიფიციური მოსამართლეების მოხვედრის შესაძლებლობას:

„სასამართლო სისტემაში არსებული რეალობის გათვალისწინებითა და მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პირობებში, ობიექტური დამკვირვებლისთვის გაუგებარი რჩება, მოსამართლეები დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩნენ თუ არა. ამასთან, გაუმჭვირვალე პროცედურის პირობებში შესაძლებელი ხდება, რომ კანდიდატი, რომელიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით სხვებს გადაწონის, ვერ დაწინაურდეს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ზემდგომ ინსტანციაში დაწინაურების პრაქტიკა სასამართლო სისტემაში ქრონიზმისა და ფავორიტიზმის რისკებს ზრდის.

კვლევის ავტორების თქმით, პროცესის ფორსირებულად და დაუსაბუთებლად წარმართვა ეჭვებს ბადებს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ამ პროცესისადმი საზოგადოების უნდობლობას. გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, როგორც წესი, დაწინაურება მხოლოდ გავლენიანი ჯგუფისადმი ლოიალურად განწყობილ მოსამართლეებს ეხებათ:

„დაწინაურების არსებული პრაქტიკის გამოყენებით, სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი ყველაზე დიდ და გავლენიან სასამართლოებს მისდამი ლოიალური და ერთგული კადრებით აკომპლექტებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის პარალელურად, 2019 წლის ივლისში გააქტიურდა.

ამ პროცესის შედეგად, სააპელაციო სასამართლოში 22 მოსამართლე დაწინაურდა. მათგან 12 მოსამართლე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობდა“, — წერია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებულ მოსამართლეთა გავლენები სასამართლო სისტემაში, როგორც წესი, სწრაფი ტემპით იზრდება. TI აღნიშნავს , რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებული მოსამართლეების სწრაფი კარიერული წინსვლის არაერთი მაგალითი არსებობს. მათ შორის ორგანიზაცია გამოყოფს ლევან მიქაბერიძის შემთხვევას.

მიქაბერიძე 2019 წელს პირველად დაწინაურდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. რამდენიმე თვეში კი, ორგანიზაციის განცხადებით, მიქაბერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და საკვალიფიკაციო პალატის წევრი გახდა. ხოლო, 2021 წლის 26 მაისის მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად აირჩიეს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ამ პროცესზე კონტროლს მხოლოდ სასამართლო კორპუსს უტოვებს. კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით კი, ანგარიშის ავტორების თქმით, უმჯობესი იქნება, პროცესში სხვა პროფესიული წევრებიც მონაწილეობდნენ.

შესაბამისად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ბილატერალური მხარდაჭერის წესით, კერძოდ, არამოსამართლე წევრების მონაწილეობით უნდა მიიღებოდეს.

ამასთან, TI აღნიშნავს, რომ დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების ფარული კენჭისყრით მიღება ვერ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ფარული კენჭისყრის არსებობა გამორიცხავს გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთებას, შემდეგ კი, მის გასაჩივრებას.

პრობლემების მოგვარების მიზნით, ანგარიშის ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია:

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილება დაწინაურების თაობაზე საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრების ორმაგი ⅔-ის უმრავლესობით მიიღებოდეს;
  • ამავდროულად, პარლამენტმა უზრუნველყოს ნეიტრალური და დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტება;
  • მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის წესს, ორგანული კანონის 37-ე მუხლს, საგამონაკლისო ხასიათი უნდა ჰქონდეს და ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანის შესაძლებლობას არ უნდა ითვალისწინებდეს;
  • საბჭომ შეასრულოს ორგანული კანონით დადგენილი ვალდებულებები და შეიმუშაოს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები;
  • გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე ღია კენჭისყრით მიიღებოდეს, ვინაიდან კენჭისყრის ფარულობა სათანადო დასაბუთებასა და შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას.

TI-ის ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი