ახალი ამბები

სამხედრო გადატრიალება სუდანში: მთავრობა დაშალეს, პრემიერ-მინისტრი და სხვები — დააკავეს

25 ოქტომბერი, 2021 • 2401
სამხედრო გადატრიალება სუდანში: მთავრობა დაშალეს, პრემიერ-მინისტრი და სხვები — დააკავეს

სუდანის არმიამ ქვეყნის გარდამავალი მთავრობა დაშალა, პოლიტიკური ლიდერები დააკავა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხედროებმა დააკავეს პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ათასობით მოქალაქე კი ქუჩაშია გამოსული სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ.

სუდანის სამხედრო და სამოქალაქო პირები ერთმანეთს არაერთგზის უპირისპირდებიან 2019 წლის შემდეგ, როცა დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი თანამდებობიდან გადააყენეს, დაიწყო მუშაობა დემოკრატიული გარდაქმნისთვის და ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა ჩამოყალიბდა.

მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვათა დაკავებები სამხედროებმა 25 ოქტომბერს, გამთენიამდე დაიწყეს. პარალელურად, შეფერხდა ინტერნეტთან კავშირი და დაიხურა დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტი. აღნიშნული მოვლენებიდან მალევე, გავრცელდა ცნობები შესაძლო გადატრიალების შესახებ.

სუდანის ინფორმაციის სამინისტროს თანახმად, პრემიერ-მინისტრი აბდალლაჰ ჰამდუქი სამხედროებმა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ჰამდუქზე ზეწოლა განხორციელდა, რათა დათანხმებოდა გადატრიალებას, თუმცა ის აღნიშნულზე უარს აცხადებს და ხალხს მოუწოდებს, მშვიდობიანი პროტესტით “დაიცვას რევოლუცია”.

გადატრიალების მოწინააღმდეგეები სუდანის დედაქალაქის ქუჩებში. პლაკატებზე პაკატზე წერია: “არა გადატრიალებას სუდანელი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ”; “თავისუფალი რევოლუციონერები განვაგრძობთ გზას”.

რამდენიმესაათიანი სიჩუმის შემდეგ, სუდანის არმიის გენერალმა აბდულ ფათთაჰ ბურჰანმა, ტელევიზიით მიმართა მოქალაქეებს და თქვა, რომ არმია შლის როგორც გარდამავალ მთავრობას, ისე სუვერენიტეტის საბჭოს — სამხედროებითა და სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებულ უწყებას, რომელიც ალ-ბაშირის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ შეიქმნა, როგორც დროებითი მმართველი ორგანო.

ბურჰანის თქმით, არმიას პროცესებში ჩარევისკენ პოლიტიკურ ფრაქციებს შორის არსებულმა კონფლიქტებმა გადააწყვეტინა. გენერლის სიტყვებით, არმია ტექნოკრატიულ მთავრობას ჩამოაყალიბებს, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. არჩევნები 2023 წლის ივლისისთვის დაინიშნა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ არმია დარჩება პროცესებში ჩართული და განაგრძობს “დემოკრატიული გარდაქმნის სრულყოფას მანამ, სანამ ხელისუფლება სამოქალაქო, არჩეული მთავრობის ხელში არ გადავა”.

გადატრიალების მოწინააღმდეგეები ქუჩებში საბურავებს წვავენ. ფოტო: BBC

ამ ფონზე, ქუჩაში გამოვიდა ათასობით სადანელი, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ სამხედროებსა და მათ დაპირებებს. გაბრაზებული მოქალაქეები, რომლებიც გადატრიალებას გმობენ, გზებს კეტავენ და საბურავებს წვავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ კვეთს ათასობით მოქალაქე ხიდებს მდინარე ნილოსზე და დედაქალაქის ცენტრისკენ მიემართება.

აქციები იმართება სუდანის სხვა ქალაქებშიც. პრო-დემოკრატიული ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოვიდნენ დემონსტრაციებზე, გამოაცხადონ გაფიცვა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

რა ხდებოდა მანამდე?

2019 წელს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სამხედროების ჩარევით თანამდებობიდან გადააყენეს სუდანის დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც 30 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას.

ამის შემდეგ გაფორმდა ძალაუფლების გაზიარების შეთანხმება სამხედროებსა და “თავისუფლებისა და ცვლილების ძალებს” შორის. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამოქალაქო ჯგუფების კოალიციას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალ-ბაშირის წინააღმდეგ დემონსტრაციების ორგანიზებაში.

შეთანხმების ფარგლებში სამხედროებმა და ზემოხსენებულმა კოალიციამ დააფუძნეს “სუვერენიტეტის საბჭო”, რომელსაც სუდანი მომდევნო 1 წლის მანძილზე უნდა ემართა, საბოლოოდ კი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა დამყარებულიყო.

თუმცა საბჭოში ხშირად ხდებოდა განხეთქილებები, მასში შემავალი პოლიტიკური ფრაქციების სიმრავლისა და ამ უკანასკნელთა შორის არსებული განსხვავებებიდან გამომდინარე.

აბდალლაჰ ჰამდოქი ფოტო: EPA

ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა მიმდინარე წლის სექტემბერში, როცა ქვეყანაში გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული მცდელობა მაშინ გადაყენებული ალ-ბაშირის მომხრეებს მიაწერეს.

გასულ კვირებში სუდანის დემოკრატიული გარდაქმნის მოწინააღმდეგეები აქციებს მართავდნენ და ითხოვდნენ, ხელისუფლება ჯარს გადაებარებინა.

ამის საპირისპიროდ, გასულ კვირას სუდანის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური აქციები გამართეს სამხედრო მმართველობის მოწინააღმდეგეებმა და გარდამავალ მთავრობას გამოუცხადეს სოლიდარობა.

BBC-ის თანახმად, ბოლო თვეებში გარდამავალი მთავრობის მიმართ მხარდაჭერა შემცირებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეების ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი