ახალი ამბები

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

25 აპრილი, 2023 • 2485
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

გუშინ, 24 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკვე დაწყებულია და ამ პროცესში აქტიურად ჩართულია საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.

დღეს დილით კი უკრაინის და საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა.

„დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, ჩაატარა წარმატებული სამაშველო ოპერაცია სუდანის დედაქალაქის, ომით განადგურებული ხარტუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. უწყვეტი ბრძოლის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუცველობის, საკვების, წყლისა და აღჭურვილობის ნაკლებობის პირობებში, უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად ავიაციის სპეციალისტები — პილოტები, ტექნიკოსები და მათი ოჯახის წევრები  – ევაკუირებული იქნენ შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან. ასევე, ევაკუირებული იქნენ საქართველოსა და პერუს მოქალაქეები. სულ გამოყვანილია 138 მოქალაქე, მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვია“, — ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუდანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა Myway Airlines და Geo Sky-ის ბორტის წევრები იყვნენ. „ნეტგაზეთს“ ორივე ავიაკომპანიის დირექტორმა დაუდასტურა ინფორმაცია მათი ეგვიპტეში გაყვანის  შესახებ.

Myway Airlines-ის გენერალური დირექტორის რატი ბაკურაძის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, ეგვიპტეში საქართველოს ელჩის თანხლებით, სასტუმროში მიემგზავრებიან. ავიაკომპანია Geo Sky-ის ხელმძღვანელმა შალვა კიკნაძემ გვითხრა, რომ მოქალაქეების ავტობუსებით გამოყვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავიაკომპანიის მიერ იყო ორგანიზებული და ამ პროცესში ჩართული იყო უკრაინული მხარეც.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. უწყების მიერ პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სუდანში, სადაც სამხედრო დაპირისპირებაა, საქართველოს 30-მდე მოქალაქე იყო ჩარჩენილი. სუდანში დედაქალაქ ხარტუმსა და მის გარეთ ერთმანეთს ორი სამხედრო ძალა ებრძვის: სუდანის რეგულარული არმია (SAF) და გასამხედროებული დაჯგუფება, სახელწოდებით “სწრაფი მხარდაჭერის ძალები” (RSF).

მასალების გადაბეჭდვის წესი