საზოგადოება

თბილისი არ ადასტურებს, რომ სუდანიდან ქართველები უკრაინამ გამოიყვანა

25 აპრილი, 2023 • 1804
თბილისი არ ადასტურებს, რომ სუდანიდან ქართველები უკრაინამ გამოიყვანა

„საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევით და დაგეგმვით“, — ამ მოკლე პასუხით შემოიფარგლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ.

„ნეტგაზეთმა“ საგარეო უწყებას ჰკითხა, მართალია თუ არა ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ.

დღეს დილით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ სუდანიდან გამოიყვანა 138 ადამიანი, მათ შორის, საკუთარი მოქალაქეები და ასევე, საქართველოს და პერუს მოქალაქეები.

ავიაკომპანია Geo Sky-ის ხელმძღვანელმა შალვა კიკნაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მოქალაქეების ავტობუსებით გამოყვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავიაკომპანიის მიერ იყო ორგანიზებული და ამ პროცესში ჩართული იყო უკრაინული მხარეც.

სუდანში, სადაც სამხედრო დაპირისპირებაა, საქართველოს 30-მდე მოქალაქე იყო ჩარჩენილი. ახლა ისინი ეგვიპტეში იმყოფებიან.

სუდანის დედაქალაქ ხარტუმსა და მის გარეთ ერთმანეთს ორი სამხედრო ძალა ებრძვის: სუდანის რეგულარული არმია (SAF) და გასამხედროებული დაჯგუფება, სახელწოდებით “სწრაფი მხარდაჭერის ძალები” (RSF).

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი