ახალი ამბები

აშშ-ის შესაძლო დეფოლტი – რა მოხდა და რას უნდა ველოდოთ

11 ოქტომბერი, 2021 • 9036
აშშ-ის შესაძლო დეფოლტი – რა მოხდა და რას უნდა ველოდოთ

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, მინიმუმ სამ დეკემბრამდე, დეფოლტის გამოცხადების საფრთხე თავიდან აიცილა.

სენატმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის მცირედით გაზრდას, თუმცა, შესაძლოა, მეორედ ასე აღარ მოიქცეს და ისტორიაში პირველად, აშშ-ს დეფოლტის გამოცხადება მოუწიოს. ეს კი, ექსპერტების ვარაუდით, მსოფლიოში ეკონომიკური პრობლემის კატალიზატორი შეიძლება გახდეს.

დეფოლტი ნიშნავს, რომ ქვეყანა ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს, რაც პრობლემმების ჯაჭვს იწვევს.

აშშ-ის სახელმწიფო ვალის ისტორია

სახელმწიფო ვალი, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, არის ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის ვალდებულება სხვადასხვა კრედიტორისადმი — საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურებისადმი თუ სხვა სახელმწიფოებისადმი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი ამჟამად 29 ტრილიონ დოლარს უახლოვდება. „ფორბსის“ მონაცემებით, 2021 წლის მაისისთვის ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 127 პროცენტია (შედარებისთვის, იაპონიის ვალი მშპ-ის 272 პროცენტს უტოლდება).

შეერთებული შტატების ფედერალურ მთავრობას, გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ფაქტობრივად, ყოველთვის ჰქონდა სახელმწიფო ვალი (ერთადერთი გამონაკლისი 1835-36 წლები იყო, ენდრიუ ჯექსონის პრეზიდენტობის დროს).

ვალის აღების საჭიროება განპირობებული იყო ბიუჯეტის დეფიციტით. დეფიციტი, თავის მხრივ, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებისა და დანახარჯების შედეგია. ასეთ დროს მთავრობას არ აქვს საკმარისი თანხა ვალდებულებების შესასრულებლად. მარტივ ენაზე, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, პირობითად, 1000 დოლარს შეადგენს, მაგრამ ბიუჯეტში მხოლოდ 900-ია.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფედერალური მთავრობა იღებს ვალს.

თანამედროვე სისტემა ასე გამოიყურება: ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტი უშვებს ფასიან ქაღალდებს, რომლებსაც ინვესტორები ყიდულობენ. ამგვარად, ბიუჯეტში შედის ფული, ინვესტორები კი, თავის მხრივ, სარგებელს იღებენ.

თუმცა 1939 წლიდან აშშ-ის კონგრესმა დააწესა სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი (ცნობილი, როგორც Debt Ceiling – ვალის „ჭერი“; ასეთივე ზედა ზღვარი, მშპ-ის 60%-ის დონეზე, გაწერილია საქართველოს კონსიტუციაში). ეს ნიშნავს, რომ თუ ვალის ზედა ზღვარი, პირობითად, 100 დოლარია, მთავრობას არ შეუძლია ისესხოს უფრო მეტი.

საჭიროებისამებრ, კონგრესი ზედა ზღვარს წევდა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის — რომელიც იდეოლოგიურად ფისკალურ კონსერვატიზმს უჭერს მხარს — წევრები ამჯერად შეეწინააღმდეგნენ ზედა ზღვრის გაზრდას (მსგავსი შემთხვევა 2013 წელსაც მოხდა).

რა მოხდა ამჯერად

სახელმწიფო ვალის ზედა დასაშვებ ზღვარს შტატების ხაზინამ ჯერ კიდევ ივლისში მიაღწია. იქიდან მოყოლებული, ფინანსთა დეპარტამენტის მდივანი „საგანგებო ზომებს“ მიმართავდა.

„ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის“ პროგნოზით, ვალის ზედა ზღვრის გაზრდის გარეშე ხაზინაში ფული 15 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ამოიწურებოდა.

ამგვარად, ვაშინგტონი ვეღარ მოახერხებდა ვალის მომსახურებას, ანუ ფასიანი ქაღალდების სარგებლის გადახდას, და მოუწევდა დეფოლტის გამოცხადება. 1998 წელს, ზუსტად ასე, ამავე ნაბიჯის გადადგმა მოუწია რუსეთის ფედერაციას.

გამოსავალი ამ სიტუაციიდან ვალის ზედა ზღვრის გაზრდა იყო, რასაც აშშ-ის სენატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი ხელისუფლებაში მყოფ დემოკრატებს ხარჯების ზრდისთვის აკრიტიკიბენ. ხარჯების ზრდა, თავის მხრივ, განპირობებულია პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სტიმულირებისთვის გადადგმული ნაბიჯებით.

რესპუბლიკელებს, მართალია, არ აქვთ ხმათა უმრავლესობა სენატში, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს წესდების მიხედვით, საკითხის განხილვის დასრულებისთვის და ამა თუ იმ გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემის პროცესზე გადასვლისთვის არა ხმათა უმრავლესობა (51/100), არამედ 60 ხმაა საჭირო. დემოკრატებს კი რესპუბლიკელების ნაწილის მხარდაჭერის გარეშე საკმარისი ხმა არ უგროვდებოდათ.

საბოლოო ჯამში, შედგა კომპრომისი: ბიუჯეტის გადახედვის ფარგლებში სენატმა ვალის ზედა ზღვარი, 480 მილიარდი დოლარით, 3 დეკემბრამდე გაზარდა. ამგვარად, სახაზინო კვლავ შეძლებს ვალის მომსახურებას, მაგრამ დეკემბერში, დიდი ალბათობით, კვლავ შეიქმნება პრობლემა ზედა ზღვრის გაზრდაზე.

სენატის მიერ ვალის ზედა ზღვრის გაზრდის შემდეგ, ჯერი წარმომადგენელთა პალატაზეა, სადაც დემოკრატებს ასევე უმრავლესობა აქვთ. კონგრესის ორივე პალატის მიერ ზედა ზღვრის გაზრდის დამტკიცების შემდეგ, საჭირო იქნება მხოლოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი