ახალი ამბები

არასწორად მოხეული და უბეჭდო ბიულეტენები – რას ამბობენ ცესკოში

2 ოქტომბერი, 2021 • 1311
არასწორად მოხეული და უბეჭდო ბიულეტენები – რას ამბობენ ცესკოში

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყო. უბნების გახსნიდან მალევე, სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უბანზე მისულ ამომრჩევლებს რეგისტრატორმა დაზიანებული ბიულეტენი გადასცა, ზოგმა კი განაცხადა, რომ მათ ბიულეტენს ბეჭედი არ ერტყა.

მსგავს შემთხვევზე ინფორმაცია პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა, ცუდად მოხეული ბიულეტენის გადაცემის შემთხვევაში მისი შეცვლა მოეთხოვათ.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა სამგორის 26-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც ამომრჩეველს ჯერ დაზიანებული ბიულეტენი გადასცეს, შემდეგ კი ახალი ბიულეტენი რეგისტრატორის ბეჭდის გარეშე მიაწოდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” კითხვით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კომისიაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცუდად მოხეულ ბიულეტენზე ნათლად იკითხება როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, ის ბათილად არ ჩაითვლება:

“სოციალურ ქსელში ვრცელდება ბიულეტენების ფოტოები, სადაც ზედა მხარეს გამყოფ ზოლთან არასწორადაა მოხეული ეს ბიულეტენები. აღნიშნულ ფოტოებთან დაკავშირებით ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც ავრცელებდა ინფორმაციას. ჩვენ განვნმარტავთ, რომ თუ ბიულეტენზე ცალსახად იკითხება და აღნიშნულია როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიის ნომრები, ასეთი ბიულეტენები ბათილად არ ჩაითვლება და ნუ შევიყვანთ ამომრჩევლებს შეცდომაში”, – აცხადებენ ცესკოში.

რაც შეეხება ბეჭედს, იმისათვის რომ ბიულეტენი ბათილად არ ჩაითვალოს, მას უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. ცესკოში აცხადებენ, რომ შესაძლოა რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა ადამიანურ შეცდომას და ამომრჩევლებს მოუწოდებენ აღნიშნულზე დაკვირვებისკენ, საუბნო საარჩევნო კომისიებს კი -საარჩევნო კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვისკენ:

“საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველს ვიდრე რეგისტრატორი გადასცემს ბიულეტენს, მან უნდა გააკეთოს უკანა გვერდზე ხელმოწერა და ასევე დაუსვას რეგისტრატორის ბეჭედი. ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, თუ ასეთი დაფიქსირდება, აუცილებლად მიუთითონ რეგისტრატორებს. შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ ადამიანური შეცდომა, ადამიანს შეიძლება უბრალოდ გამორჩეს. არ მგონია, ეს იყოს მიზანმიმართული ქმედება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციებს, ზედმიწევნით დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა” ,- აცხადებენ ცესკოში.

ნეტგაზეთისთვის ცნობილია 2 ისეთი შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველს ბიულეტინზე ბეჭედი არ დაურტყეს და ხელი არ მოუწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი