საზოგადოება

„პოლიტიკური დანაშაული“ — როგორ ცვლის „ოცნება“ არჩევნების შედეგებს საკრებულოებში

15 დეკემბერი, 2021 • 2660
„პოლიტიკური დანაშაული“ — როგორ ცვლის „ოცნება“ არჩევნების შედეგებს საკრებულოებში

ახლად არჩეული საკრებულოები უფლებამოსილების შესრულებას 3 დეკემბერს შეუდგნენ, თუმცა რამდენიმე მათგანში საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩიეს. მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა, ოპოზიციონერი წევრების გადაბირების და მანდატების ამომრჩეველთა ნების შეუსაბამოდ გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.

კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ჩხოროწყუს, ბათუმისა და რუსთავის საკრებულოებში ცალკე აღებულ არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაა საჭირო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას შესთავაზა, რომ მხარს დაუჭერდა მათ კანდიდატებს ოპოზიციური საკრებულოების თავმჯდომარის პოსტებზე, თუკი საკრებულოებში სხვადასხვა თანამდებობაზე ოპოზიციონერები დაინიშნებიან და არა — „ქართული ოცნების“ წევრები.

ბათუმი

ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ 16 მანდატი მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” — 15, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ — 3, „ლელომ“ კი – 1. თუმცა არჩევნების შემდეგ პარტიის „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა. მიზეზად დაასახელა, რომ კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ [ლელოს ჩათვლით] ნებისმიერი სახით თანამშრომლობა. ენმ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „ლელოდან“ გასულ დეპუტატს ირაკლი კუპრაძეს უჭერს მხარს.

„ნაციონალურ მოძრაობის“ 15 წევრიდან ერთ-ერთი მაჟორიტარი ნუგზარ ფუტკარაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ენმ-მ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმადაც, გარდაცვალებამდე ფუტკარაძეს 100 000 აშშ დოლარს სთავაზობდნენ საკრებულოში ნეიტრალური პოზიციის დაკავებაში.

„ჩვენ გვჭირდება „ნეიტრალი“ — არც იქით ხარ და არც აქეთ ხარ და მხარდაჭერა [სჭირდებათ] შენი“, – ისმის ჩანაწერში. ფუტკარაძე შეთავაზებაზე უარს ამბობს: „მაი პროჭი ხარ მაშინ. ვერ ავდგები და დავუშვათ, ვერ გავაკეთებ განცხადებას, რომ დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“ და გადავედი სხვა, ოპოზიციაში და ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი? ამას მე არასდროს არ ვიტყვი“. ჩანაწერში ფუტკარაძე ასევე ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ გულის ძლიერი შეტევა ჰქონდა და  ექიმმა ე.წ. შუნტირების გაკეთება ურჩიეს.

საყურადღებოა, რომ საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვაზე გამოძიება არ დაიწყო.

დღევანდელი კონფიგურაციით, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად გადამწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებს გახარიას პარტიაში დარჩენილი ორი წევრი. 19 ოქტომბერს, ბათუმში ვიზიტის დროს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა: „ბათუმში „ოცნებას“ ექნება სტაბილური უმრავლესობა, ამას გპირდებით მე!“.

დმანისი

თავმჯდომარის არჩევა ერთი ჩაშლილი სხდომის შემდეგ შეძლო დმანისის საკრებულომ, სადაც „ქართულ ოცნებას“ და დანარჩენ ოპოზიციას მანდატების (15/15 მანდატი) თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ. ენმ ბოიკოტს აცხადებდა და საკრებულოს სხდომაზე არ ცხადდებოდა, რაც შეუძლებელს ხდიდა კვორუმის შეკრებას და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობას, ეს კი, თავის მხრივ, ხელახალი არჩევნების ჩატარების წინაპირობას ქმნიდა.

9 დეკემბერს ოპოზიციის წევრებმა ენმ-ის მაჟორიტარ დეპუტატ რამიზ რამაზანოვზე ზეწოლის შესახებ განაცხადეს და თქვეს, რომ მას ვერ პოულობდნენ. რამიზ რამაზანოვმა, რომელმაც ზეწოლა უარყო და 9 დეკემბერს “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ენმ-ის წევრად რჩებოდა, 10 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გამოცხადდა. მისი მისვლით საკრებულო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, თავად რამიზ რამაზანოვი კი საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.

„ხელისუფლებამ მიმართა ჩვეულ ძალადობა-მოსყიდვის მეთოდს და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომაზე არ მივიდა, ჯერ სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლა, დაჭერის მუქარით, შემდეგ კი, რადგან სხდომაზე მივიდა და საკუთარ გუნდს უღალატა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშნა. მეტი მტკიცებულება რად გვინდა — ეს იყო ზეწოლაც და მოსყიდვაც მმართველი გუნდის მხრიდან!”, — აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია „პროგრესის“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი.

წალენჯიხა

წალენჯიხის საკრებულო სულ 27 წევრისგან არის დაკომპლექტებული. არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11-11 მანდატი მიიღეს, პარტიამ „საქართველოსთვის“ — 4, „ლელომ“ — 1. არჩევნების შემდეგ პარტიის „საქართველოსთვის“ სიით წალენჯიხის საკრებულოს არჩეულმა წევრმა ნანა ლემონჯავამ გიორგი გახარიას პარტია დატოვა და წითელ ხაზად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია და თანამშრომლობა დაასახელა. ლემონჯავას თქმით, ის დარჩება წალენჯიხის საკრებულოში და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად 12 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო ოპოზიციამ ჯამურად – 15.

  • ქართული ოცნება – 12
  • ნაციონალური მოძრაობა – 7
  • საქართველოსთვის – 7
  • ლელო – 1

საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნას 14 წევრის ხმა სჭირდება. პირველ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, 9 დეკემბრის კენჭისყრაში კი ჩხოროწყუს ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იმაზე მეტი ხმა მიიღო, რამდენი წევრიც ჰყავს „ოცნებას“. ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კანდიდატს ხმა ოპოზიციიდან მისცეს, თუმცა კენჭისყრა ფარული იყო. უცნობია, ვინ გააკეთა ეს. ამასთან, ოპოზიციის ერთი წევრის ბიულეტენი გაფუჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხმა ოპოზიციის კანდიდატმა ვერ მიიღო.

ენმ-ში განაცხადეს, რომ მათი და „ლელოს“ წევრების ერთგულებაში დარწმუნებული არიან და პრობლემა გახარიას გუნდში იყო. ამ უკანასკნელში უარყვეს, რომ „ოცნებას” მათი რიგებიდან დაუჭირეს მხარი.

გახარიას გუნდის ინიციატივა

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას ითვალისწინებს.

„ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, დაესრულებინათ ერთპარტიული მმართველობა მუნიციპალურ დონეზე. სამწუხაროდ, „ოცნება“ არჩევნების შემდეგაც აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონო მეთოდების გამოყენებას და მოსყიდვით და მუქარით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ, ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში. ვიხილეთ ფარული მოლაპარაკებები, ადგილობრივი წარმომადგენლების მოსყიდვის, დაშინებისა და გატაცების ფაქტებიც კი.

იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს „ოცნების“ უკანონობა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა საქმიანობის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, დავაინიციირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას“, — განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში აცხადებენ, რომ პერსონალურ საკითხებზე კენჭისყრის ფარულობა პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოხატვის დემოკრატიული პრინციპია, მოკლევადიანი ინტერესების გამო ამ სტანდარტის გაუარესება მიუღებელია.

„გახარიას გუნდს თურმე ძალიან მაგრად „ესმის“, რას ნიშნავს გამჭვირვალე თამაშის წესები. მათი ლოგიკით, ყველაზე გამჭვირვალე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობები ყოფილა, რომლებზეც ხელის აწევით იღებდნენ გადაწყვეტილებას. საბჭოთა კავშირში ვაპირებთ დაბრუნებას?

ფარული კენჭისყრა დემოკრატიის გზაზე დამდგარ ქვეყნებში ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ იმის გამო მოიფიქრეს, რომ ძალაუფლების მქონე ძალებს არ ჰქონოდათ საშუალება, გამოერკვიათ, რომელმა დეპუტატმა არ მისცა მათ ხმა და ზემოქმედება მოეხდინათ მასზე. კენჭისყრის ფარულობა ყოველთვის იცავს ხმის მიმცემს. მაშინ არჩევნებში ღიად ხმის მიცემაც ხომ არ მოვითხოვოთ?!

საკუთარი პარტიის წევრებს ვერ აკონტროლებენ და ამისთვის კანონმდებლობა უნდა შევცვალოთ და გადავიდეთ პრინციპზე, რომელიც მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში მოქმედებს? ნუთუ ამდენი არ ესმის ყოფილ პრემიერს, რომ ძალიან პატარა ინტერესის გამო, რომ ორიოდე მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე გააძვრინოს, ცდილობს, ეს დემოკრატიული პრინციპი მოარღვიოს?“ — კითხულობს ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში და მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსი.

თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი აცხადებს, რომ პარლამენტშიც და საკრებულოებშიც ფარული კენჭისყრა მხოლოდ პერსონალურ საკითხებს ეხება და ეს არის ხმის მიმცემის დაზღვევის მექანიზმი.

“ყველამ ვიცით, ვინ გადავიდა მმართველი გუნდის მხარეს — აგერ, დმანისში ის კაცი თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ფარული კენჭისყრა რას მოგვცემდა? პირიქით, უარეს შედეგს მივიღებდით და ზეწოლის მეტ ბერკეტს მივცემდით ხელისუფლებას”, — ამბობს კანდელაკი.

ის ასევე არასწორად მიიჩნევს თავისუფალი მანდატის პრინციპის შეცვლას და დეპუტატის გამოწვევას იმ შემთხვევაში, თუ ის დატოვებს პარტიას, რომლის სიითაც დეპუტატი გახდა. საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.

“ზოგ ქვეყანაში თვითმმართველობების დონეზე არის გამოწვევის მექანიზმი — ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, გაიწვიოს დეპუტატი და არა — პარტიას. ამისთვის ცალკე არჩევნები ტარდება, მაგრამ ეს იშვიათობაა. თავისუფალი მანდატი თავისუფლების უფრო მეტ ხარისხს ანიჭებს პოლიტიკოსებს”, — ამბობს კანდელაკი.

პოლიტიკური პროცესი დანაშაულის ნიშნებით?

მმართველ გუნდში უარყოფენ ზეწოლას საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებზე, თუმცა ადასტურებენ მოლაპარაკებებს მათ გადმოსაბირებლად და აღნიშნულს პოლიტიკურ პროცესად აფასებენ.

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა უმრავლესობა არჩევნების შემდეგ, თუმცა ორ  შემთხვევაში — მარტვილში და დმანისში — მოვახერხეთ „ქართული ოცნების“ გარშემო უმრავლესობის ფორმირება. ანუ პროცესი დაწყებულია და ეს პროცესი გაგრძელდება ინდივიდუალური კონსულტაციების საფუძველზე.

ჩვენ გვექნება პერსონალური კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან და ამის საფუძველზე გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში, საბოლოო ჯამში, მოახერხებს სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას… ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„ველაპარაკოთ ადამიანს, რომ გადმოდი, ადამიანმა [გახარია], ვისთანაც დადექი, რეალურად ჩაიდინა გუნდის ღალატი, ქვეყნის ღალატი, სამართლის ღალატი და არ არის სწორი იქ დგომა და გადმოდი სწორ მხარეს, ეს გადაბირება არ არის. ბუნებრივია, ველაპარაკებით“, — თქვა დეპუტატმა სოზარ სუბარმაპალიტრანიუსის“ ეთერში.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ მიმდინარეობს კომუნიკაცია გახარიას პარტიის საკრებულოში შესულ წევრებთან, სოზარ სუბარი პასუხობს: „ეგ არის პოლიტიკური პროცესი“.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ ოპოზიციის დეპუტატებს 300 000 დოლარს სთავაზობენ.

„სახელს და გვარს ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრთან იყვნენ. 300 000 დოლარიდან იწყება შეთავაზება, რომ ხმა მისცენ, „ქართული ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარეს. ჯერჯერობით არ გვემუქრება, რომ ენმ-ის წევრები ამ შეთავაზებას მიიღებენ“, — ამბობს წითლიძე.

თვითმმართველობის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური „ვაჭრობა“, მათ შორის, ამა თუ იმ გადაწყვეტილების სანაცვლოდ თანამდებობის შეთავაზება შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, თუმცა ეს არაჯანსაღი პროცესია, ხოლო მოსყიდვა-მუქარის შემთხვევაში საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომლის თაობაზეც ზეწოლის ადრესატებმა უნდა განაცხადონ.

„ერთი პარტიიდან არჩეული დეპუტატები ფორსირებულად იცვლიან პოზიციას, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მხოლოდ პოლიტიკური პროცესი არ არის და ხდება სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა ზეწოლა, მოსყიდვა თუ სხვა. თუმცა ამას დამტკიცება უნდა. თვითონ თუ არ განაცხადა, რომ ზეწოლა იყო, ისე პოლიტიკურ მოლაპარაკებები და კარგი გაგებით „ვაჭრობა“ პოლიტიკური პროცესია.

ფაქტი სახეზეა, რომ რამდენიმე საკრებულოში ისე სწრაფად მოხდა არჩევნების შემდეგ რიგი დეპუტატების პოზიციების ცვლილება, რომ გაუგებარია, მაშინ საერთოდ რატომ იყარეს კენჭი იმ პარტიიდან. რეალურად, ეს არ მეტყველებს კარგად ადამიანებზე, თორემ კანონით მათ თავისუფალი მანდატი აქვთ და არ არიან შეზღუდული პარტიით ან ამომრჩევლებით”, — ამბობს კანდელაკი.

კანდელაკი ამბობს, რომ არავინაა დაზღვეული დეპუტატების მიერ პოზიციის ცვლილებისგან, მით უმეტეს, ისეთ გარემოში, სადაც ადამიანები ადვილად ექვემდებარებიან ძალოვანი სტრუქტურების თუ სხვაგვარ ზეწოლას. ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს არსებული გარემოს გაუმჯობესება და თვითონ პარტიების შიგნით შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება.

„როგორ შეიძლება, ჯანსაღი ვუწოდოთ პროცესს, როდესაც, ფაქტობრივად, ხდება მოსახლეობის მიერ არჩევნების გზით დაფიქსირებული ნების შეცვლა?! საკრებულომ უნდა ასახოს ის პოლიტიკური ნება, რაც მოსახლეობას აქვს. მოსახლეობის არჩევანის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს ერთპიროვნული უმრავლესობა საკრებულოებში — ამ მოცემულობის შეცვლა გადმობირების და მოლაპარაკების გზით როგორ შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად?

თუ ვინმეზე ზეწოლა ხდება, მან ან პარტიამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, თუმცა, თუ მოლაპარაკების გზით ხდება უბრალოდ [გადაბირება], ეს არის პოლიტიკური დანაშაული. ეს არის ამომრჩევლის ნების იგნორირება — პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც შეიძლება კანონის ფარგლებში იჯდეს, მაგრამ ცუდი საქციელი“, — ამბობს მელაშვილი.

ირაკლი მელაშვილის აღნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა/არარჩევით ხელახალი არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგება, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, თუ საკრებულო სრული შემადგენლობის ორ მესამედი უფლებამოსილებას არ ცნობს. ახლად არჩეულ საკრებულოებში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წევრებმაც მხარი დაუჭირეს.

„შესაბამისად, ახლა უბრალოდ კრიზისს ქმნიან. თუმცა იანვარ-თებერვალში საკრებულოებში უნდა შევიდეს ბიუჯეტში ცვლილებები და თუ საკრებულომ არ დაამტკიცა, ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებში ყველაფერი გაჩერდება, გარდა ხელფასების გაცემისა.

თუ რამდენიმე თვის განმავლობაში არ იფუნქციონირა საკრებულომ და ხელი შეუშალა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებას, ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიძლება დააყენოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, ოღონდ იმ ფონზე, რა ნაბიჯებსაც დგამს ოპოზიციის ნაწილი, არ მგონია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაიმეოროს”, — ამბობს ირაკლი მელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი