სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს 69 პირი, სავარაუდოდ, დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროვეს.
ამის შესახებ მან დღეს, 10 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეაჯამა.
მისი თქმით, 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გასული წლების მსგავსად, უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა.
„სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადაც, მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 16 ფაქტი; გარდა ამისა, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო, გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.
„სამწუხაროდ, ასევე მრავლად იყო შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს დანაშაულებრივად არ ეძლეოდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ვრცლად სახალხო დამცველის ანგარიში ნახეთ აქ.