ახალი ამბები

თურქმენეთი ამტკიცებს, რომ კოვიდის შემთხვევა არ ჰქონია, აქტივისტების ცნობით, ეს ტყუილია

26 სექტემბერი, 2021 • 2651
თურქმენეთი ამტკიცებს, რომ კოვიდის შემთხვევა არ ჰქონია, აქტივისტების ცნობით, ეს ტყუილია

კოვიდპანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე თურქმენეთი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, თუმცა აქტივისტებს ამ მონაცემების არ სჯერათ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

თურქმენეთი ცენტრალურ აზიაში მდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელშიც 6 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და WHO თანახმად, მსოფლიოში სულ 5 სახელმწიფოა, რომელიც აცხადებს, რომ COVID 19-ის არც ერთი შემთხვევა არ ჰქონია ქვეყანაში. 3 მათგანი წყნარ ოკეანეში მდებარე იზოლირებული კუნძულია, დანარჩენი ორი კი სწორედ ავტორიტარული თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეა არიან.

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, რომელიც ქვეყანას უკვე 15 წელია მართავს, გასულ კვირაში გაეროს ტრიბუნიდან სხვა ქვეყნებს მიმართა. მან ფეიქი უწოდა ცნობებს მის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ და მსოფლიოს მოუწოდა, რომ პანდემიაზე პასუხი არ გახდეს “პოლიტიზებული”.

CNN-ის თანახმად, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, სინამდვილეში ქვეყანა ვირუსის მე-3 ტალღას ებრძვის, რომელმაც ჰოსპიტლების გადატვირთვა და ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ რეპრესიული პრეზიდენტი ვირუსის საფრთხეს უარყოფს, რათა საკუთარი იმიჯი შეინარჩუნოს.

რუსლან მიატიევი, რომელიც თურქმენეთიდან დევნილი ჟურნალისტია და ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს, აცხადებს, რომ მან პერსონალურად შეაგროვა 60-ზე მეტი ადამიანის მონაცემი, რომლებიც მისი თქმით, კორონავირუსით დაიღუპნენ თურქმენეთში, მათ შორის არიან პედაგოგები, არტისტები და ექიმები. მიატიევი ამტკიცებს, რომ მას არამხოლოდ სახელები და გვარები არამედ სამედიცინო ჩანაწერები, რენტგენის მონაცემებიც აქვს, რომელიც ფილტვების დაზიანების ფაქტებს ადასტურებს.

2020 წლის ივლისში WHO-ს მისიამ თურქმენეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურება ვერ მოახერხა, თუმცა განაცხადა, რომ შეშფოთებული იყო პნევმონიისა და მწვავე რესპირატორული ინფექციებით. WHO-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ისე უნდა მოიქცეს, როგორც COVID 19-ის ცირკულირებისას. მიატიევის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის მართვის მხრივ სიტუაცია კონტროლიდან სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა.

თურქმენეთის მეზობელი ქვეყანაა ირანი, რომელიც პანდემიის შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფოა, სადაც ჯამურად 5.5 მლნ შემთხვევაა დაფიქსირებული.

“უყურებ რა ხდება ამ რეგიონის სხვა ქვეყნებში და როგორ შეიძლება თურქმენეთში ასე სხვანაირად იყოს სიტუაცია?”, – განაცხადა რეიჩელ დენბერმა, Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა.

თურქმენეთში ვაქცინაციისთვის რუსულ სპუტნიკს იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი