ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს

24 ივნისი, 2021 • 6116
რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას — ხარჯთსარგებლიანობის ანალიზსა და პროექტის შესახებ დასკვნას.

სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ეს დოკუმენტები:

  • ან არ არსებობს, რაც კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და კონტრაქტის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს;
  • ან იმდენად კრიტიკულია და მნიშვნელოვან კონტრარგუმენტებს შეიცავს პროექტის არსებული სახით განხორციელების წინააღმდეგ, რომ სახელმწიფოს მათი გასაჯაროება არ სურს.

„ნეტგაზეთი“ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარს ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრებს.

პროექტი, პროტესტი და სადავო საკითხები

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი გრუფი“).

რიონის ხეობის მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე თითქმის ერთი წელია, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება [ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მედიაციის პროცესი მიმდინარეობს].

აქციების პარალელურად, მოსახლეობისთვის ახალ-ახალი დეტალები ხდება ცნობილი:

  • ჯერ გასაჯაროვდა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ძირითადი კონტრაქტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სახელმწიფოსთვის კაბალურად შეაფასა;
  • შემდეგ მედიაში გაჟონა იუსტიციის სამინისტროს დასკვნამ, რომელიც არაერთ კრიტიკულ შენიშვნას გამოთქვამდა კონტრაქტთან დაკავშირებით;
  • მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ კომპანია „ენკას“ ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა, რომელიც აპრილში იწურებოდა, თითქმის ერთი წლით გაუხანგრძლივა, რაც კრიტიკოსების შეფასებით, საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა;

რას არ ასაჯაროებენ სამინისტროები?

სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ გარკვეულ დოკუმენტებს, რაც პროექტთანაა დაკავშირებული და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიძლება შეიცავდეს. 3 ივნისს „ნეტგაზეთმა“ ეს დოკუმენტები გამოითხოვა. კერძოდ:

  • ფინანსთა სამინისტროს ვკითხეთ, აქვთ თუ არა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლის და საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად, მომზადებული დასკვნა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტსა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებაზე;
    • ასეთი დასვკნ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში კი ამ დოკუმენტაციის მოწოდება ვითხოვეთ;
  • ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის #426 დადგენილების მე-10 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მომზადებული აქვთ თუ არა ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით;
    • ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, სამინისტროსგან მისი მოწოდება ვითხოვეთ; ასევე, ვითხოვეთ, ამავე დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები მოეწოდებინათ.

საჯარო უწყებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად 10 სამუშაო დღე აქვს კანონმდებლობით მინიჭებული. „ნეტგაზეთს“ პასუხი ამ ვადაში არ მიუღია. სამინისტროებს არც კომუნიკაცია დაუმყარებიათ და არ აუხსნიათ, ჰქონდა თუ არა დაგვიანებას საფუძველი და მუშაობდნენ თუ არა ამ დოკუმენტების მოწოდებაზე.

21 ივნისს ფინანსთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ განცხადება შესაბამის დეპარტამენტზე გადაცემული იყო, 24 ივნისს კი გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე პასუხი არ არის და შეგვიძლია, კანონით განსაზღვრული მოქმედებები განვახორციელოთ.

24 ივნისს „ნეტგაზეთს“ ეკონომიკის სამინისტროშიც უთხრეს, რომ განცხადება შესაბამის დეპარტამენტს გადაეცა, თუმცა შეფერხების მიზეზი არ განუმარტავთ.

რატომაა ეს დოკუმენტები მნიშვნელოვანი?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი უნდა აფასებდეს პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ყველა ფორმით გაღებულ ხარჯს:

„ბუნებრივი რესურსები, რისკები, გარანტიები, მათ შორის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, ეკოლოგიური ზიანი, ადგილობრივ მოსახლეობაზე მიყენებული ზიანი, გარემოზე ზემოქმედება, — ეს ყველაფერი არის ხარჯი. მეორე მხრივ, ენერგეტიკული და ეკონომიკური თვალსაზრისით როგორია პროექტი, სოციალური, დასაქმების კუთხით როგორია, – ეს ყველა გარემოება უნდა იყოს თავმოყრილი ხარჯთსარგებლიანობის ანალიზში“, – ამბობს იგი.

იურისტის თქმით, სამინისტროს მიერ ამ დოკუმენტის გასაჯაროებაზე უარი დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება „ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების გარეშე მოხდა“.

ფინანსთა სამინისტროს დასვკნა

სალომე შუბლაძის თანახმადვე, ფინანსთა სამინისტროს დასკვნა არა მხოლოდ ნამახვანჰესის პროექტზე, არამედ საჯარო-კერძო თანამშრომლობის (ანუ PPP) ყველა პროექტზე არის ცენტრალური დოკუმენტი:

„საჯარო-კერძო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავისი კონტრიბუციით, მხარდაჭერით, საჯარო რესურსებით შედის პროექტში… ეს საკითხი გადის ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობაზე და მოიცავს გარკვეულ ფისკალურ რისკებს“, – ამბობს იურისტი და განმარტავს:

„კერძოდ, საუბარი გვაქვს PPA-ზე, ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, არის საქართველოს მთავრობის ვალდებულება. თუ ესკო (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) იქნება გადახდისუუნარო, ეს თანხა კომპანიას უნდა გადაუხადოს მთავრობამ. გარდა ამისა, ხელშეკრულება მოიცავს უამრავ პირობას, როდესაც პირდაპირ დგება სახელმწიფოს ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი“.

შესაბამისად, ორგანიზაციის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ერთი მხრივ, პროექტის ბუნებიდან, მეორე მხრივ კი, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, — „როდესაც ამდენ გარანტიას იღებს სახელმწიფო კომპანიის წინაშე“, — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი შეიძლება გადიოდეს საბიუჯეტო სტაბილურობაზე, რადგან ვიცით, რომ ვალდებულებები, რაც ამ ეტაპზე აქვს მთავრობას აღებული, იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებს, სერიოზულ კომპენსაციებს უკავშირდება. და, ბუნებრივია, ეს რისკები წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი და შეფასებული“, – გვეუბნება სალომე შუბლაძე.

მისი აზრით, გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ასაჯაროებს აღნიშნულ დასკვნას, იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ:

  1. ეს დასკვნა საერთოდ არ არსებობს, ან
  2. დასკვნა სავარაუდოდ არის ძალიან კრიტიკული.

„ამას ვამბობთ იქიდან გამომდინარე, რომ ანალოგიური შემთხვევა გვქონდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნის. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სამინისტროს ამ დასკვნის გასაჯაროების მოთხოვნით, შემდეგ მივმართეთ სასამართლოსაც, თუმცა ეს დოკუმენტი ვერ მივიღეთ. საბოლოოდ, გამოცემა „მთის ამბებმა“ მოიპოვა ეს დოკუმენტი და ვნახეთ, რამდენად კრიტიკული იყო ის“, – იხსენებს იურისტი.

[ვრცლად: იუსტიციის სამინისტროს 22 შენიშვნა ნამახვანის კონტრაქტზე]

„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ ეს დასკვნა ცენტრალური დოკუმენტია კანონმდებლობაში, არ არის უბრალო სიტყვები. ეს საკითხი ახდენს გავლენას პროექტის კანონიერებაზე“, – ამბობს იგი.

„ფინანსთა სამინისტროს დასკვნის არსებობა კი არ არის მხოლოდ აუცილებელი, არამედ მისი გათვალისწინებაც. ფინანსთა სამინისტროს შენიშვნების გათვალისიწნება არის სავალდებულო. თუ ეს დასკვნა არ არსებობს, — თუ დადებითი დასკვნა არ არსებობს კონკრეტულ პროექტზე, — ეკონომიკის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მთავრობას წარუდგინოს საკითხი განსახილველად და მთავრობასაც არ შეუძლია მოიწონოს ხელშეკრულება და ასეთი პროექტი“, – გვეუბნება სალომე შუბლაძე.

ამრიგად, მისი შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს დასკვნა გადამწყვეტია და მის გასაჯაროებაზე სამინისტროს უარი, მაღალი ალბათობით, ნიშნავს, რომ „ნამახვანის ხელშეკრულება გაფორმდა უკანონოდ, — იმ დოკუმენტის გარეშე, რომელიც აუცილებლად უნდა არსებულიყო და გათვალისწინებულიყო. ეს გარემოება კი ხელშეკრულების კანონიერების საკითხს აყენებს ეჭვქვეშ“.


გირჩევთ „ნეტგაზეთის“ მასალებს ნამახვანჰესის საკითხზე:

ენერგოდამოუკიდებლობა 15 წლით? – რა ხდება შემდეგ | ნამახვანჰესის კონტრაქტი

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

მხარს ვუჭერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

მასალების გადაბეჭდვის წესი