ახალი ამბებიეკონომიკა

ენერგოდამოუკიდებლობა 15 წლით? – რა ხდება შემდეგ | ნამახვანჰესის კონტრაქტი

11 ივნისი, 2021 • 4444
ენერგოდამოუკიდებლობა 15 წლით? – რა ხდება შემდეგ | ნამახვანჰესის კონტრაქტი

ნამახვანჰესის მშენებლობის მხარდამჭერების თანახმად, პროექტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება საქართველოსთვის ადგილობრივი წარმოების ენერგიის მოწოდება და ამ გზით უცხო სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე, დამოკიდებულების შემცირებაა.

მათივე განცხადებით, ეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხობის გამოწვევებს პასუხობს.

ჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა ნაწილის თანახმად, სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება მიანიშნებს იმაზე, რომ გამომუშავებული ენერგია 15 წლის შემდეგ უცხო ქვეყნების ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილებას შეიძლება მოხმარდეს.  მათი აზრით, ამ რისკებს  ხელშეკრულება არ აზღვევს.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რას გულისხმობს სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება ენერგიის ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებისა და ექსპორტის შესახებ,  არის თუ არა დაზღვეული კონტრაქტში ის რისკი, რომ ჰესის აშენებიდან 15 წლის შემდეგ ენერგია სრულად საექსპორტო მიზნებს არ მოხმარდება და ასევე ისიც, თუ რამდენად თანხვედრაშია ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ექსპორტი სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების მიზნებთან.

 რა არის “PPA” და “არა-PPA” პერიოდი ხელშეკრულების თანახმად

სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ნამახვანჰესის ენერგია გარანტირებულად შეიძინოს სადგურების ამუშავებიდან პირველი 15 წლის განმავლობაში, წელიწადის 8 თვე, გარდა მაისისა და ზაფხულის თვეებისა.

მაისსა და ზაფხულში, როგორც წესი, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება მაღალია და ქვეყანას ენერგია უცხოეთშიც კი გააქვს.

ამ პერიოდს [წელიწადის 8 თვე], როდესაც სახელმწიფომ ენერგია უნდა შეისყიდოს, “PPA [ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების] პერიოდი” ეწოდება.

მაისისა და ზაფხულის თვეები, ასევე სადგურების ამუშავებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, არსებული დრო კი “არა PPA” პერიოდია, რა დროსაც კომპანიას ნამახვანჰესით გამომუშავებული ენერგიის ექსპორტის უფლება ენიჭება.

“PPA” და “არა-PPA პერიოდები” ჰესის ამუშავებიდან 15 წლის განმავლობაში. 15 წლის გასვლის შემდეგ, წლის პერიოდი არა-PPA პერიოდია და კომპანიასაც, კონტრაქტის თანახმად, ენერგიის ექსპორტი მთელი წლის განმავლობაში შეუძლია. 

კონტრაქტის თანახმად, ენერგიის შესასყიდი ფასი პირველ წელს კილოვატ საათზე 6.2 ამერიკული ცენტი იქნება, რაც ყოველ მომდევნო წელს 3 პროცენტით გაიზრდება.

დადებული ხელშეკრულების 3.2.2.c პუნქტის თანახმად, მთავრობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კომპანიას ანიჭებს უფლებას “არა PPA პერიოდში” (ანუ მაისსა და ზაფხულის თვეებში და სადგურის ფაქტობრივი ამუშავებიდან 15 წლის შემდეგ) ენერგია გაიტანოს ექსპორტზე.

ასევე 4.3.2.c.i.A პუნქტში აღნიშნულია, რომ “არა PPA პერიოდში” “კომპანიას შეუძლია თავისუფლად განკარგოს მთლიანი საპროგნოზო წარმოებული ენერგია და სადგურისგან წარმოებული ენერგია, საქართველოში ნებისმიერი ელექტროენერგიის მყიდველისთვის მიყიდვით, ან ასეთი ენერგიის საქართველოს საზღვრებს გარეთ ექსპორტის გზით”.

კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასევე მოიცავს ქართული სახელმწიფოს მიერ უკვე ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა თანახმადაც, საქართველომ უნდა გაზარდოს საექსპორტო გადაცემის სისტემის სიმძლავრეები.

თურქეთი, როგორც საექსპორტო მიმართულება

ხელშეკრულების ტექსტი მიანიშნებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგიის გადამცემი სისტემის სიმძლავრე გაიზრდება და კომპანიაც სწორედ ამ ვარაუდით ერთვება პროექტში, რასაც თავის მხრივ, აცნობიერებს სახელმწიფო.

“სახელმწიფო აცნობიერებს, რომ კომპანია პროექტში ერთვება იმ ვარაუდით, რომ “გადაცემის სისტემის” სიმძლავრე საქართველოსა და თურქეთს შორის გაიზრდება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული “სამთავრობოთაშორისი ხელშეკრულების შესაბამისად”, – წერია ხელშეკრულების 4.3.2.c.i.A პუნქტში.

გარდა ამისა, 3.2.12.b.i.C პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა ღონეს, რათა თურქეთის მიმართულებით გადამცემი სიმძლავრე 2022 წლის პირველ იანვრამდე, პრაქტიკულად 2021 წლის ბოლოსთვის, გაზარდოს 1400 მეგავატამდე.

თურქეთი, როგორც შესაძლო საექსპორტო მიმართულება, ხაზგასმულია “საექსპორტო გადამცემი ხაზების” განმარტებაშიც:

 

საექსპორტო გადამცემი ხაზების განმარტება ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მოიცავს ახალციხე-ბორჩხას გადამცემ მხაზს, ნებისმიერ სხვა ხაზს, რომელიც აშენდება საქართველოსა და თურქეთს შორის და სხვა ნებისმიერ ტრანს-სასაზღვრო გადამცემ ხაზს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის. ‘

განმარტებაში გაზგასმულია, რომ “საექსპორტო გადამცემი ხაზი” არის გადაცემის სისტემის ნაწილი, ხოლო “გადაცემის სისტემის” განმარტებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ის მოიცავს საექსპორტო გადამცემ ხაზებსაც.

სახელმწიფო კომპანიის, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ვებ-გვერდზე განთავსებული “ინვესტორის გვერდის” თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგორესურსებით ინვესტორების დაინტერესებას, ვკითხულობთ, რომ თურქეთის მაღალი ენერგოტარიფები და საქართველოს იაფი წარმოების შესაძლებლობა საფუძველს უყრის მომავალში ელენერგიის ექპორტის ზრდის პირობას.

“მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა თურქეთი და სომხეთი, ელექტროენერგიის ტარიფი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში ექსპორტის დიდი შესაძლებლობა. საქართველოს, ელექტროენერგიის მიღების პონტეციალიდან გამომდინარე, შეუძლია ექსპორტის მოცულობა 1.7-ჯერ გაზარდოს 2015 წლისთვის და 6.7-ჯერ – 2020 წლისთვის. თურქეთის მაღალი ენერგოტარიფები და საქართველოს იაფი წარმოების შესაძლებლობა საფუძველს უყრის მომავალში ელენერგიის ექსპორტის ზრდას.

თურქეთის ენერგომოხმარება ყოველწლიურად 7 % -ით იზრდება და ჩვენი მოკვლევების შედეგად 2020 წლისთვის ქვეყანას 118 ტრვტ საათის დეფიციტი ექნება. საქართველოს ენერგოსექტორისთვის ეს ხელსაყრელია და გვაძლევს იმის სტიმულს, რომ უფრო მეტი და მეტი ენერგია გამოვიმუშაოთ და მივაწოდოთ ჩვენს მეზობლებს”, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ვებ-გვერდის, “ინვესტორის გვერდზე”.

სწორედ ამ სახელმწიფო კომპანიის, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ შექმნილმა კომისიამ, შეისწავლა ჰესის აშენების კონკურსში თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოავლინა, რომელსაც შემდგომში “ენკა რინიუებლზი” ეწოდა.

სახელმწიფო ვერ შეზღუდავს ექსპორტს და ენერგოდამოუკიდებლობა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის  ადვოკატის, სალომე შუბლაძის განცხადებით, კომპანიის მთავარი მოტივი პროექტში ჩართვის დროს გახლავთ ის, რომ მას მომავალში შეეძლება ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა.

“ამას გვაფიქრებინებს ხელშეკრულების ის დებულებები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი მხრივ, “არა-PPA” პერიოდის დროს კომპანიას აქვს ენერგიის ექსპორტზე გატანის უფლება, თანაც გამომუშავებული ენერგიის სრული მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რომ მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ გააძლიეროს გადამცემი ხაზები თურქეთის მიმართულებით, რათა 2022 წლისთვის ამ ხაზების გატარების სიმძლავრე 1400 მეგავატამდე გაიზარდოს.

ეს დებულებები გვაფიქრებინებს, რომ ამ შეთანხმების არსი არის ის, რომ კომპანიას სრული უფლება აქვს გაიტანოს ენერგია ექსპორტზე და ამას მთავრობა სამართლებრივად ვერ შეზღუდავს”, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი სალომე შუბლაძე.

სალომე შუბლაძის განცხადებით, სახელმწიფოს შეუძლია არ მისცეს კომპანიას ენერგიის ექსპორტის უფლება, თუ თავად ექნება ამ ენერგიის ადგილზე გამოყენების აუცილებლობა, მაგრამ ეს ხელშეკრულების პირობების დარღვევად ჩაითვლება და სახელმწიფოს მოუწევს კომპენსაციის გადახდა.

“ბევრჯერ მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ისინი კომპანიას არ გაატანინებენ ენერგიას ექსპორტზე. ეკონომიკის სამინისტრომ ისიც თქვა, რომ ენერგიის გატანას სჭირდება ინფრასტრუქტურა, გადამცემი ხაზები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაა, რის გამოც კომპანია ენერგიას ვერ გაიტანს.  მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას აქვს უფლება გაიტანოს ენერგია.

ვთქვათ, სახელმწიფო კომპანიას არ მისცემს ენერგიის გატანის უფლებას, რადგან თავადვე აკონტროლებს გადამცემ ქსელს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ ჩაითვლება მთავრობის მიერ ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულების თანახმად, ეს იქნება ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც არის კომპენსირებადი შემთხვევა და კომპანიას შეუძლია ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება”, – აცხადებს სალომე შუბლაძე.

სალომე შუბლაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ენერგიის ექსპორტის აკრძალვით დაარღვევს კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს, არბიტრაჟისთვის მიმართვაც კი არ ხდება საჭირო, არამედ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით გახდება სახელმწიფო ვალდებული, გადაუხადოს კომპანიას კომპენსაცია.

მისივე განცხადებით, “ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტს არანაირად არ უმაგრებს ზურგს ხელშეკრულების ტექსტი, გათვლები და დაანგარიშებები”.

“ნამახვანჰესის ირგვლივ ხშირადაა არგუმენტები, რომლებიც უფრო ლოზუნგებსა და სადღეგრძელოებს ჰგავს, ვიდრე არგუმენტებს – ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური განვითარება, ხალხის დასაქმება და ა.შ. თუმცა ყველა ამ არგუმენტს უნდა უმაგრებდეს ხელშეკრულების ტექსტი.

გვესმის, რომ შეიძლება ტერიტორიები დაიტბოროს, ხალხი გადასახლდეს, სახელმწიფომ აიღოს დიდი ფისკალური რისკი, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება ენერგოდამოუკიდებლობისთვის, მაგრამ თუ ასეა, თუ ხელშეკრულების შედგენის დროს ეს ლოგიკა მოქმედებდა, მაშინ მასში უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ეს ენერგია უნდა გამოიყენებოდეს ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის. ამას შეიძლებოდა გადაეწონა სხვა არგუმენტები, მაგრამ ამგვარი ჩანაწერი ხელშეკრულებაში არაა”, – აცხადებს იგი.

მისივე განცხადებით, სახელმწიფოს არგუმენტი, რომ ენერგიის ექსპორტისთვის აუქციონში მონაწილეობაა საჭირო, რეალურად უბრალოდ პროცედურაა და არა შემაკავებელი მექანიზმი.

“კონტრაქტის თანახმად, გადამცემი სისტემის საჭირო სიმძლავრე, ნებისმიერ დროს, ხელშეკრულებით კომპანიას წინასწარ აქვს,  ამის შემდეგ აუქციონი არის უბრალო პროცედურა, მთავარია, რომ მას ამ სიმძლავრეების გამოყენების უფლება წინასწარ აქვს”, – ამბობს იგი.

სალომე შუბლაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო რეალურად მართლა შეზღუდავს ექსპორტს, ეს იქნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის პრინციპების დარღვევა.

“ეს იქნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის პრინციპების დარღვევა. არსებობს სამართლიანი მოპყრობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს თანმიმდევრულ მოპყრობას სახელმწიფოს მხრიდან, ანუ არ შეიძლება ერთი ხელით, როგორც ხელშეკრულებაში წერია, მისცე უფლება, რომ გაიტანოს ენერგია ექსპორტზე და, მეორე მხრივ, შეუზღუდო აღნიშნული უფლება ეროვნული კანონმდებლობით.

საქართველოსა და თურქეთს შორის არსებობს ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი ძალა, თუნდაც საქართველოს კანონმდებლობასთან. თუ უცხოელ ინვესტორს რაიმე უფლება მიეცი, მათზე კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები ვერ გაამართლებს იმას, რომ ის პირობა, რომელიც უცხოელ ინვესტორს მიეცი, დაურღვიო”, – აცხადებს სალომე შუბლაძე.

მისივე თქმით, ცალკე რისკების შემცველია ის გარემოებაც, რომ 15 წლის პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ცენტრალური ელექტროსისტემის პრივატიზაცია, რაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ბერკეტებს ენერგიის შესაძლო კონტროლზე კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია

იმის დასადგენად, შეძლებდა თუ არა ჰესის მშენებელი, შემდგომში კი განმკარგავი კომპანია ენერგიის უცხოეთში ექსპორტს და იმ შემთხვევაში, თუ შეძლებდა, რამდენად შეესაბამება ეს მთავრობის გაცხადებულ პოზიციას, რომ ჰესის მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება საქართველოს ადგილობრივი წარმოების ენერგიით მომარაგება იყო, სამი კითხვით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს.

  • იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ჰესის აშენებიდან 15 წლის შემდეგ არა-PPA პერიოდში ენერგიას მხოლოდ უცხოეთში გაიტანდა, როგორ პასუხობდა ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გამოწვევებს;
  • არსებობდა თუ არა რაიმე მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც სახელმწიფოს შეეძლო შეეზღუდა ენერგიის ექსპორტი არა-PPA პერიოდში და იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდავდა, ხომ არ გამოიწვევდა ეს კონტრაქტის პირობების დარღვევას;
  • კონტრაქტის თანამხად, რამდენადაა დაზღვეული ის, რომ მაგალითისთვის არა PPA პერიოდში (15 წლის შემდეგ) ნამახვანჰესის ენერგია მხოლოდ საექსპორტო მიზნებს არ მოხმარდება? თუ ეს რისკები დაზღვეულია, როგორ (კონკრეტული პუნქტის მითითებით), და თუ არ არის, მაშინ საერთაშორისო არბიტრაჟში შესაძლო დავისას, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მოითხოვს ენერგიის ექსპორტზე გატანას, ხოლო სახელმწიფო ამას შეზღუდავს, მიენიჭება თუ არა უპირატესობა იმას, თუ რა წერია კონტრაქტში.

ეკონომიკის სამინისტრომ კითხვების საპასუხოდ წერილი მე-8 დღეს გამოაგზავნა, სადაც ნათქვამია:

“ხელშეკრულების თანახმად, კომპანია დისპეჩერთან შეთანხმებით შეიმუშავებს „რეზერვუარის გაიდლაინებს“, რომელიც დაადგენს წყალსაცავის მართვისა და ოპერირების წესებს. დოკუმენტი სრულ შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონთან და მის საფუძველზე დამტკიცებულ „ქსელის წესებთან“. ამასთან, აღნიშნულ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ხელშეკრულების დანართი N15 “პროგნოზირება და დისპეჩერიზაცია“, რომელიც ასევე სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან”.  

სამინისტროს მიერ მითითებული დანართები სახელმწიფოსა და კომპანიას შორის შეთანხმებით არეგულირებს წყლის რეზერვუარის მართვის პირობებსა და რეზერვუარში წყლის ოდენობას.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, “იმისათვის, რათა ჰესმა შეძლოს ელენერგიის ექსპორტი, მისმა ოპერატორმა კომპანიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს შესაბამის აუქციონში, ამის გამო კი განცხადება, რომ კომპანია საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეძლებს ენერგიის ექსპორტს, არის სიცრუე”:

“განსხვავებით ბევრი სხვა პროექტისაგან (მაგ. ფარავანი ჰესი, დარიალი ჰესი, მტკვარი ჰესი, ონისჰესების კასკადი, შუახევი და ა.შ.), ნამახვანიჰესის პროექტი არ ითვალისწინებს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის (TDA) ხელშეკრულების გაფორმებას გადაცემის ლიცენზიანტებთან (სსე, ენერგოტრანსი და საქ-რუს ენერგო), რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით ჩამოთვილი პროექტებისაგან, ნამახვანი ჰესს არ აქვს დარეზერვებული მოცულობა საქართველო-თურქეთის საექსპორტო ხაზზე. აქედან გამომდინარე, ნამახვანი ჰესი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების142-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, არ ხვდება პირველი კატეგორიის პრიორიტეტულ პროექტებში, შესაბამისად, ნამახვანიჰესის მიერ გამომუშავებული ელენერგიის ექსპორტზე გატანა გაცილებით მეტ ხარჯთან და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რათა ჰესმა შეძლოს ელენერგიის ექსპორტი, მისმა ოპერატორმა კომპანიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს შესაბამის აუქციონში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ ნამახვანიჰესი საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს განახორციელებს ექსპორტს თურქეთის მიმართულებით არის მტკნარი სიცრუე”, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.

წერილის საპასუხოდ ნეტგაზეთმა სამინისტროს კიდევ ერთხელ ჰკითხა, თუ სახელმწიფო შეზღუდავს ენერგიის გატანას, ხომ არ დაარღვევს ხელშეკრულებას და ხომ არ დადგება კომპენსირებადი შემთხვევა, რაზეც პასუხი ამ დროისთვის არ მიგვიღია.

ჰესის ამშენებელი კომპანია “ენკა რენუებლზის” წარმომადგენელმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ენერგიის ექსპორტისთვის შეთანხმება უნდა მოხდეს დისპეტჩერთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იქნება ენერგოდეფიციტი, მაშინ სახელმწიფოს უფლება აქვს, არ მისცეს კომპანიას ექსპორტის უფლება.

“ენკა რენუებლზს” გასულ კვირას ვკითხეთ, რა აზღვევს კომპანიას იმისგან, რომ სახელმწიფო ხელოვნურად არ შექმნის დეფიციტს ბაზარზე [მაგალითად, არ შეიძენს უცხოურ ენერგიას, თუ ადგილობრივი წარმოებით იმ დროისთვის საკუთარ მოთხოვნას სრულად ვერ დააკმაყოფილებს] და ამით კომპანიას აიძულებს, გამომუშავებული ენერგია უფრო ნაკლებ, თუმცა საბაზრო ფასში გაყიდოს საქართველოში, ვიდრე ეს თურქეთში მოხდებოდა. ასევე ვკითხეთ, თუ სახელმწიფოს შეუძლია არ გაატაროს ენერგია ექსპორტზე, რატომ არ შევიდა ეს პუნქტი კონტრაქტში და იმის გამო, რომ ასეთი პუნქტები კონტრაქტში არ არის, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო არ დაუშვებს ენერგიის ექსპორტს, ხომ არ გამოიწვევდა ეს კონტრაქტის გათვალისწინებულ კომპენსირებად შემთხვევას. ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი