აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც აფხაზური პასპორტების აღიარებასა და აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის გახსნას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, “აფხაზური პასპორტებისა და აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული სხვა დოკუმენტების აღიარების საკითხს აფხაზური მხარე წლების განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე აყენებს”.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც აფხაზური პასპორტების აღიარებასა და აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის გახსნას ითვალისწინებს.

ჩვენთვის ჩვენი სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების აღიარება უმნიშვნელოვანესი ამოცანის ნაწილია – მივაღწიოთ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის უფრო ფართო საერთაშორისო აღიარებას და სხვა სახელმწიფოებთან სრულფასოვანი ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების დამყარებას“, – აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებენ.

„დღეს აქტიური და მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი აფხაზეთის „იზოლაციის დასრულებას“ მოითხოვს