აფხაზეთში საწვავით მომარაგების პრობლემა ბოლო დღეებში კვლავ მწვავედ დგას. ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები შეინიშნება, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, საწვავის მიწოდება რუსეთიდან გრძელდება და არსებული მარაგების სრულად ამოწურვის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

10 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ საწვავით რესპუბლიკის მომარაგების საკითხზე თათბირი გამართა. გუნბას განცხადებით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება ისეთი გარემოებებით არის გამოწვეული, რომლებიც “რესპუბლიკაზე არ არის დამოკიდებული”. მისი თქმით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ვითარების ნორმალიზებისთვის ყველა საჭირო ზომას იღებს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა აფხაზეთის მოსახლეობას გაგებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მდგომარეობის დასტაბილურებისთვის ყველაფერს აკეთებს.

ამასთან, გუნბამ აღნიშნა, რომ ვითარების პოლიტიზების მცდელობები „კრახისთვისაა განწირული“, რადგან, მისი შეფასებით, მოსახლეობას მიმდინარე მოვლენების რეალური მიზეზები ესმის.

გუნბამ ასევე დავალება გასცა, რომ ვითარების სრულ სტაბილიზაციამდე, საწვავ-საპოხი მასალებით პირველ რიგში უზრუნველყონ უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე სოციალური და კომუნალური სამსახურები.

აფხაზეთში საწვავის მიწოდების შეფერხებები რამდენიმე კვირაა გრძელდება. 30 ივლისს დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთიდან აფხაზეთში 414 ტონა ბენზინი შევიდა და დამატებითი მიწოდებები აგვისტოს დასაწყისშიც იყო მოსალოდნელი. დე ფაქტო ხელისუფლება პრობლემის სტაბილიზაციისთვის რუსულ სახელმწიფო უწყებებსა და მომწოდებლებთან თანამშრომლობაზე საუბრობდა.

4 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა ბატალ მუშბამ განაცხადა, რომ რუსეთიდან დაახლოებით 1 600 ტონა ბენზინი იყო გამოგზავნილი. მისი ინფორმაციით, აქედან 350 ტონა ორ დღეში უნდა მიეღოთ, კიდევ 600 ტონა – ერთი კვირის განმავლობაში, დამატებითი მოცულობების მიღება კი 10–15 დღეში იგეგმებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიწოდების შეფერხების მიზეზად რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ლოგისტიკურ სირთულეებს ასახელებდა.

ამავე პერიოდში ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები წარმოიქმნა. 4 აგვისტოს გავრცელებული ცნობებით, რიგები აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში უკვე რამდენიმე კვირა შეინიშნებოდა.

10 აგვისტოს დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე რუსეთიდან აფხაზეთში 2 300 ტონა ბენზინი შევიდა. უწყების ცნობით, საწვავი მოსახლეობის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ტურისტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იყო განკუთვნილი.

მიუხედავად ახალი პარტიების მიღებისა, ადგილობრივი ცნობების მიხედვით, ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები 10 აგვისტოსაც გრძელდებოდა. არსებული მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ მასალებში აღნიშნულია, რომ საწვავის მიღებას მძღოლებს ზოგიერთ შემთხვევაში ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ უწევდათ.

დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, პრობლემას ლოგისტიკურ შეფერხებებთან ერთად ტურისტულ სეზონზე საწვავზე გაზრდილი მოთხოვნაც ამწვავებს.