ახალი ამბები |

“რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, ვიღაც დეგენერატმა დაჭრა” – კობახიძე დმანისის ინციდენტზე

21 სექტემბერი, 2021 | | 1296
“რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, ვიღაც დეგენერატმა დაჭრა” – კობახიძე დმანისის ინციდენტზე

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დმანისში, ოპოზიციონერი აქტივისტების დაჭრის ფაქტი  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

მისივე თქმით, ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რადგან – „ვიღაც დეგენერატმა“ დაჭრა ორი ადამიანი.

მანამდე პარტია „პროგრესი და თავისუფლების” ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა თქვა, რომ დმანისის სოფელ განთიადში ორი აქტივისტი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დაჭრეს.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს გრძნობს თუ არა პარტია ამაზე პასუხისმგებლობას და უკავშირდება თუ არა ეს მანამდე გავრცელებულ ძალადობრივ მოწოდებებს, მათ შორის ე.წ. სისხლიან ბანერებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ბანერები „ოცნებას“ არ დაუკვეთია, თუმცა – „სისხლი იყო ქვეყანაში 9 წელი, ბანერებზე კი არ არის სისხლი…,“.

დამატებით კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას პარტია დმანისში მომხდარზე, ის პასუხობს:

„ეს არის ნაცმოძრაობისა და მისი ტელევიზიების ხელწერა,“.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც მოხდა დმანისში, არის გაუმართლებელი და არის სრულიად მიუღებელი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მას აიღებენ დამნაშავეები. ჩვენ დღესაც შეხვედრები როცა გვქონდა,ბათუმში, ასევე ოზურგეთში და სხვა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც ვსაუბრობთ, მაქსიმალურად გააფრთხილონ შტაბებმა აქტივისტები, იმისთვის, რომ მშვიდობიანი გარემო შევინარჩუნოთ. აქედან იყო მძიმე ამოვარდნა და ეს იმსახურებს მძიმე შეფასებას. და საჭიროა სათანადო ზომების მიღება, არამარტო იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს, არამედ იმისთვისაც, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს და მომავალში არ განვითარდეს…,“ – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს იყო ექსცესი და ერთჯერადი შემთხვევა. ჟურნალისტების კითხვაზე კი ბოლოს თქვა:

„მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, კაცმა დაჭრა, ვიღაც დეგენერატმა, ვიღაც კაცი. რა პსუხისმგებლობა უნდა ავიღო,“?

დმანისში მომხდარზე ჯერჯერობით არ საუბრობენ შსს-ში. თუმცა, გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში ორი ადამიანია გადაყვანილი.

ოქრიაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი