ახალი ამბები

ოქრიაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

21 სექტემბერი, 2021 • 1029
ოქრიაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დმანისის სოფელ განთიადში ოპოზიციის ორი აქტივისტი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დაჭრეს.

ოქრიაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა დმანისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილისა და მის ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოხდა.

“ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს – ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას”, – აცხადებს ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილი ასახელებს იმ ადაამიანების სახელებსა და გვარებს, ვინც მისი თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ და ამბობს, რომ მათ შორის “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილია. თავად მიხეილ დაუთაშვილი კი ამბობს, ყველაფერი კახა ოქრიაშვილმა დაგეგმა.

“კახა ოქრიაშვილის დაგეგმილი თემა იყო. გამოიარეს სიგნალებით, შეურაცხყოფებით. ჩემი შვილი მე დღესაც არ მინახავს და როგორ გაარკვიეთ რომ ჩემი შვილი იყო, არ ვიცი და თუ ეგრე მიაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი.. მაგრამ იქნებ მიამსგავსეს, იქნებ ის, მაგრამ ფაქტია, რომ არ ყოფილა[…] შეიძლება თვითონ დააზარალეს, ერთმანეთში მოხდა რაღაც შელაპარაკება და თვითონ მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქვე ლანძღავდნენ ერთმანეთს. არავისთან თავდასხმა არ გვჭირდება, ჩვენ ვართ მოგებულები, გამარჯვებულები. თვითონ არიან გაღიზიანებულები, რომ წაგებული პოზიცია აქვთ”, – ამბობს მიხეილ დაუთაშვილი “მთავარ არხთან”.

მომხდართან დაკავშირებით ნეტგაზეთი “ქართულ ოცნებას” და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ელოდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი