ახალი ამბები

ნამახვანჰესის ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოვლინდა

9 სექტემბერი, 2021 • 1914
ნამახვანჰესის ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოვლინდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანია “ენკა რენუებლზს” შორის გაფორმებული ნამახვანჰესის მშენებლობის კონტრაქტის შესწავლის მიზნით, საერთაშორისო კომპანია “CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP”, იგივე “CMS” გამოავლინა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, აღნიშნული კომპანია შეირჩა სხვა მომსახურების კომპანიებისგან განსხვავებული, დაბალი ფასის გამო.

სამინისტროს განმარტებით, კომპანიამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი და  შეადაროს საერთაშორისო პრაქტიკას.

“უნდა აღინიშნოს, რომ CMS-ს გააჩნია ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება განახლებადი ენერგიის სფეროში მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მათი გამოცდილება მოიცავს ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრს, ჰიდროენერგეტიკის (Hydropower) ჩათვლით. კომპანია, ასევე, ჩართული იყო მეზობელ ქვეყნებში განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებში (აზერბაიჯანი, რუსეთი)”, – წერია სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის გაგზავნილ წერილში.

სამინისტროს თანახმად, კონტრაქტის შესწავლაზე იმუშავებს კომპანიის ლონდონის ოფისის გუნდი.

“კომპანია პროექტის სამართლებრივი ასპექტების შესასწავლად წარმოდგენილია ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისაგან, რომლებიც, ასევე, არიან CMS პარტნიორებიც. ამ ეტაპზე „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადისმშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს კომპანიის CMS -ს ლონდონის ოფისის გუნდი, რომლებსაც მოცემულ სფეროში მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ”, – წერია განცხადებაში.

კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია 44 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 5000-ზე მეტ იურისტს აერთიანებს.

იუსტიციის სამინისტრომ, ნამახვანჰესის კონტრაქტის შესწავლისა და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა 27 მაისს გამოაცხადა.

მანამდე, რიონის ხეობის მოსახლეობის საპროტესტო აქციების შემდეგ, 27 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა სამინისტროს აღნიშნული ხელშეკრულების შესწავლა.

“აზრს მოკლებული” და “საეჭვო”

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ივნისის თვეში აცხადებდა, რომ სამინისტროს მიერ ხელშეკრულების შესაფასებლად საერთაშორისო კომპანიის ძებნა „აზრს მოკლებული იყო მაშინ, როცა აღნიშნული შეფასება უშუალოდ მისი, როგორც საჯარო უწყების, კომპეტენციაა და, რაც მთავარია, შეფასებაც უკვე მომზადებული აქვს“.

„დასკვნის შინაარსის გამჟღავნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის იურიდიული კომპანიის დაქირავება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ახალი, ამჯერად ნაკლებად კრიტიკული დასკვნის მოპოვებას სხვა სუბიექტისგან ცდილობს“, – აცხადებდა მაშინ სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

როგორც ორგანიზაცია წერდა, ხელშეკრულების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი დასკვნა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც შესაბამისმა უწყებამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაითვალისწინოს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებზე იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას ცხადად მიუთითა, ხელშეკრულება იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობის გათვალისწინების გარეშე მაინც გაფორმდა.

„ასეთ დროს სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს, რა არგუმენტაციით არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი კონსულტაცია და, მაგალითად, დაამტკიცოს, რომ პროექტით მისაღებმა სარგებელმა გადაწონა ყველა ის მძიმე სამართლებრივი რისკი, რაზეც იუსტიციის სამინისტრო თავის დასკვნაში უთითებდა“, – აცხადებდნენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „ილუზორული და ფრაგმენტულია“ და მისი დღის წესრიგში შემოტანით ხელისუფლება „პრობლემის აღიარებას თავს არიდებს და ცდილობს ხელშეკრულების შესახებ არსებული ძირითადი პრობლემების გადაფარვას“.

ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის “სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, თანახმად, გაფორმებული ხელშეკრულება “კაბალური და საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია”.


გირჩევთ რამდენიმე სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან:

ენერგოდამოუკიდებლობა 15 წლით? – რა ხდება შემდეგ | ნამახვანჰესის კონტრაქტი

„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს

ღირს თუ არა ნამახვანჰესის ენერგია იმპორტირებულზე ძვირი და “ესკოს” კონფიდენციალური დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი