„რუსეთში პატიმრის ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. […] ამასთან, არაერთი დამოუკიდებელი დასკვნით დასტურდება, რომ რუსეთის ციხეებში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა – ვხედავთ წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და პატიმართა დაღუპვის შემთხვევებს. ხშირია ინფორმაციისა თუ აღიარების მოსაპოვებლად და დასჯის მიზნით გამოყენებული სასტიკი მეთოდებიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთში ნებისმიერი პატიმრის გაგზავნა ადამიანის უდიდესი რისკის ქვეშ ჩაყენებას ნიშნავს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საშიში, როცა პირს მიაჩნია, რომ წარსულში გამოთქმული მოსაზრებების გამო შესაძლოა დევნის მსხვერპლი გახდეს, რუსეთს კი ძირითადად სწორედ ასეთი ადამიანები ტოვებენ. ბუნებრივია, არსებობს საფრთხე, რომ საკუთარი შეხედულებებისა თუ სხვა გარემოებების გამო, ისინი იქ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდებიან“, – ამბობს ბურჯანაძე.
ბურჯანაძემ აღნიშნა, კიდევ ერთი პირის – მიხაილ ტიმოფეევის საქმე, რომელსაც, ასევე ექსტრადიცია ემუქრება. დაცვის მხარე დროებითი ღონისძიებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
„წესით უზენაესმა სასამართლომ უნდა გააჩეროს ეს პროცესი… ჩვენ ვიცით, რომ ქართული სასამართლო, საბოლოო ჯამში ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე, რასაც პოლიტიკური ხელისუფლება იმ მომენტში მიიჩნევს საჭიროდ და განსახორციელებლად. ამიტომ ქართული სასამართლოს მხრიდან არ მაქვს იმედი“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
„ნეტგაზეთმა“ კითხვით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და დაინტერესდა, რა გახდა რუსეთში ექსტრადირებაზე მორატორიუმის შეცვლის მიზეზი.
უწყებამ კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა და ზოგადი პასუხი გაგვცა:
„იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველო, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში, ექსტრადიციის სფეროში არაერთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში წელიწადში, საშუალოდ, 200-250 ძებნილი პირის ექსტრადიცია ხორციელდება“.
„საქართველოს კანონმდებლობით, ყოველი საექსტრადიციო საქმის შესწავლა ხდება ინდივიდუალურად, გადაწყვეტილება კი მიიღება ორი ინსტანციის სასამართლოს გავლის შემდეგ, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით.ექსტრადირების საკითხის განხილვისას კანონის მიდგომა ნებისმიერი პირის მიმართ თანასწორია და ის დაფუძნებულია მართლმსაჯულების აღსრულების პრინციპზე“, – ამბობს უწყება.
