პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის „სოლიდარობის ჯილდო“ გადასცა.

ამაღლობელს ჯილდო გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად.

დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა. მზია ამაღლობელის სახელით, პოლონეთის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისგან ჯილდო „ბათუმელების“ წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო. ცერემონიალს თავად ვალენსაც ესწრებოდა.

„ახლა საქართველოს დახმარების ჯერია. ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო – მზია ამაღლობელს. ის არის კორუფციასთან მებრძოლი ქართველი ჟურნალისტი, ორი დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალების დამფუძნებელი. 2025 წელს მას პოლიტიკური მოტივით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, რითაც იგი დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარი გახდა“, — დაწერა ლეხ ვალენსამ სოციალურ ქსელში.

ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2014 წელს დაარსდა.

ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.

პრემიის ლაურეატებს შორის არიან: ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი (2014); რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჟანა ნემცოვა (2015); ბელარუსი დისიდენტი პაველ ლატუშკო (2024) და კუბელი დისიდენტი, მოძრაობა – „ქალები თეთრებში“ ლიდერი, ბერტა სოლერ ფერნანდესი (2025).

ლეხ ვალენსა პოლონეთის ცნობილი მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტია. მას 1983 წელს ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში.

მზია ამაღლობელი წელიწადი და 8 თვეა პატიმრობაში. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.