ახალი ამბები

ბილბორდებზე მხოლოდ “ოცნება” — ვინ როგორ ატარებს საარჩევნო კამპანიას

3 სექტემბერი, 2021 • 1616
ბილბორდებზე მხოლოდ “ოცნება” — ვინ როგორ ატარებს საარჩევნო კამპანიას

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა, თუმცა საარჩევნო კამპანია, ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის და დამკვირვებლის აზრით, დუნედ მიმდინარეობს — პარტიების ნაწილი თვითშეზღუდვის მიზეზად პანდემიით გაზრდილ საფრთხეებს ასახელებს, თუმცა ხელისუფლებას სწამს, რომ ოპოზიცია მომავალი წაგების „გასამართლებლად” სპეციალურად პასიურობს.

„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის კამპანიის მოახლოებასთან ერთად გაიზარდა პოლიტიკური დაძაბულობა, თუმცა პარტიების აქტიურობა კამპანიის თვალსაზრისით ნაკლებად შეინიშნებოდა”, – ვკითხულობთ საია-ს მონიტორინგის ანგარიში, რომელიც პირველი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა სტრატეგიით და ფინანსური რესურსებით ატარებენ პარტიები საარჩევნო კამპანიას, რა პრობლემებს აწყდებიან და როგორ მოქმედებს კამპანიაზე კოვიდშეზღუდვები?

უარი კარდაკარზე

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ისინი სულ უფრო ნაკლებად მიმართავენ ე.წ. კარდაკარს და ცდილობენ, ამომრჩველებს ღია ცის ქვეშ ან ონლაინ პლატფორმებზე შეხვდნენ.

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა”, რომელიც “კარდაკარის” ნაცვლად “ზუმდაზუმ” კამპანიას ატარებს, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ამომრჩევლებს მოუწოდა, კარი არ გაუღონ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად მათ სახლში აკითხავენ.

„პოლიტიკოსები არიან ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები, როდესაც კარადკარ შემოივლიან მთელ უბანს. ამიტომ კარდაკარის ნაცვლად Zoom და Zoom კამპანია მოვიფიქრეთ. ვფიქრობ, სმარტფონების მეშვეობით, თუნდაც რეგიონებში, ბევრად მეტ ადამიანს შეიძლება მიწვდე, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი შეძლებს ფიზიკური შეხვედრით”, — ამბობს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.

“ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის უარი ვთქვით კარდაკარზე. უსაფრთხოების ზომების დაცვით ვმართავთ მცირერიცხოვან შეკრებებს. ვიყენებთ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხს, ეს იქნება სოციალური ქსელები თუ ტელევიზია. პირადად მე რასაც ვაკეთებ, არის ძალიან ბევრი სიარული ქუჩაში, ადამიანებთან შორიდან მისალმება, გასაუბრება და არა თავყრილობების მოწყობა”, — აცხადებს ქუთაისის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე.

კარდაკარის სრულფასოვნად წარმოებას შეუძლებლად მიიჩნევს “ლელოც”.

“მიუხედავად იმისა, რომ ორგზის ვარ აცრილი და პირბადე მუდმივად მიკეთია, ძალიან რთულია, ადამიანებმა გაგიღონ კარი და ესაუბრო უშუალოდ, თუ ძლიერი თანხმობა არ გამოხატეს. ჩემი სტრატეგიაა, რომ საღამოობით მივდივარ ღია სივრცეებში, სკვერებში და დისტანციის დაცვით ვესაუბრები ადამიანებს.

ამ თვალსაზრისით, ინოვაციას ვერ შევთავაზებ მოსახლეობას — მიკავშირდებიან სოციალურ ქსელებში, ვხვდები Zoom პლატფრომის საშუალებითაც. “ზუმის” შეხვედრებში ძირითადად ახალგაზრდები არიან”, — ამბობს “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში ლანა გალდავა.

ლანა გალდავა

პარტიის “საქართველოსთვის” წევრ ბექა ლილუაშვილის თქმით, კოვიდპანდემია შემაფერხებელია ყველა პარტიისთვის, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ამომრჩევლის წინაშე:

“რაიონებში აქტიურად მიმდინარეობს პარტიის “საქართველოსთვის” წევრების შეხვედრები და შტაბების გახსნა, თუმცა ინსტრუქცია არსებობს, რომლის მიხედვითაც ვატარებთ კარდაკარს არა უშუალოდ ოჯახში შესვლით და კომუნიკაციით, არამედ ღია ცის ქვეშ შეხვედრებით, დასახლებულ პუნქტებში მისვლით და იქ მოსახლეობის მობილიზებით”, — ამბობს ლილუაშვილი და დასძენს, რომ პარტია “საქართველოსთვის” როგორც ცენტრალური შტაბიდან, ასევე რეგიონული ოფისებიდან უზრუნველყოფს ონლაინ ფორმატში შეხვედრებსაც, თუმცა ზოგიერთ რაიონში მაღალი ხარისხის ინტერნეტის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ასეთი აქტივობა სირთულეებთან არის დაკავშირებული.

საარჩევნო სუბიექტები კამპანიის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის ასახელებენ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასაც.

“ადამიანებს ვერ დავავალდებულებ, ტაქსით მოვიდნენ ჩემთან შეხვედრაზე, ამიტომ, სადაც შესაძლებელია, ვცდილობ, თვითონ მივიდე”, — ამბობს ლანა გალდავა.

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი პრობლემად ასახელებს იმასაც, რომ დახურული სკოლებისა და ბაღების გამო თბილისის მცხოვრებლები გახანგრძლივებულად დარჩნენ რეგიონებში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის ფონზე, “გირჩი — მეტი თავისუფლება” ქალაქში 45-ნომრიანი (პარტიის საარჩევნო ნომერი) მიკროავტობუსით გადაადგილდება და დანიშნულების ადგილზე მგზავრები გადაჰყავს.—

“ამ გზით გვინდა, რაღაცნაირად გავაპროტესტოთ ის სიგიჟე, რაც ხდება. ახლა ადამიანები გადაადგილებაზე ხარჯავენ უფრო მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვთ თვეში. რა საფრთხეც არ უნდა იყოს, ეს როგორ შეიძლება ადამიანს გაუკეთოს საკუთარმა მთავრობამ, მე არ მესმის”, — ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, სამართალდამცველებს ამ აქციისთვის არ დაუჯარიმებიათ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზეწოლა ოპონენტებზე

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობის გარდა, ოპოზიციური პარტიები საუბრობენ ტრადიციულად ქცეულ პრობლემებზე, რაც ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ოპონენტებზე ზეწოლას შეეხება.

“ყოველდღე ვეჩეხებით ყველა იმ ძალიან ბინძურ მეთოდს, რომლის გამოყენებითაც, სამწუხაროდ, მმართველი ხელისუფლება მის წინამორბედ “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა, იქნება ეს პოლიტიკური ზეწოლა, დაშინებები, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებები პოლიტიკური შეხედულებების გამო თუ სხვა”, — აცხადებს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრი ბექა ლილუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

ოცნების წარმომადგენლები “აბსურდსა და ტყუილს” უწოდებენ გახარიას პარტიის მხარდამჭერებზე ზეწოლას, თუმცა ასეთ ფაქტებს ადასტურებს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის ინფორმაციით, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, ბოლო პერიოდში, პოლიტიკური შეხედულებების გამო შესაძლო დისკრიმინაციის ათობით ფაქტი გამოვლინდა.

ზეწოლა სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლებაში ან თანამდებობის დატოვების მოთხოვნაში გამოიხატა, მათ შორის საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროზე, მუნიციპალური სამსახურებზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებზე, ააიპ-ებზე და სხვა საჯარო დაწესებულებებზე.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსებისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტებზე მიუთითეს მონიტორინგის პირველ ანგარიშებში საიამ და სამართლიანმა არჩევნებმაც.

იაგო ხვიჩიას თქმით, “გირჩის” რამდენიმე კანდიდატს დაუკავშირდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და “ურჩიეს”, თუ მაინცდამაინც არჩევნებში მონაწილეობა უნდოდათ, “ქართული ოცნების” სახელით ეყარათ კენჭი. “გირჩი” აცხადებს, რომ გარკვეული ინფორმაციის შედარების შემდეგ ამ ფაქტებზე საჯაროდ ისაუბრებს.

პარტიების შემოწირულობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოს განმავლობაში პარტიებმა 5 754 306 ლარის ოდენობის ფინანსური შემოწირულობა მიიღეს, აქედან 5-ჯერ მეტი, ვიდრე ყველა დანარჩენმა პარტიამ ერთად — “ქართულმა ოცნებამ”.

პოლიტიკური პარტიების აგვისტოს შემოწირულობები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ — 4 987 854 ლარი;
  • „საქართველოსთვის“ — 324 500 ლარი;
  • „ლელო“ — 169 500 ლარი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 117 480 ლარი;
  • „ევროპული საქართველო“ — 54 886 ლარი;
  • „დროა“ — 31 468 ლარი;
  • „ევროპელი სოციალისტები“ — 25 000 ლარი;
  • „ხალხისთვის“ — 14 207 ლარი.

ამ პერიოდში შემოწირულობა არ უფიქსირდებათ „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“.

„ჩვეულებრივი ფაქტია, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები და ადამიანები ასე “აბრუნებენ ვალს“ — მმართველ პარტიას სწირავენ ფულს. ესეც კონკურენტების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაა. “ქართული ოცნება”, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, მოქალაქეების დაშინებაზე არ ამბობს უარს, მეორე მხრივ, ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფინანსური კონტრიბუცია, რასაც პარტია აჩვენებს”, — მიიჩნევს სერგო ჩიხლაძე, პოლიტიკური პლატფორმა “მესამე ძალის” წარმომადგენელი.

აუდიტის სამსახურის მონაცემებითვე, 2-22 აგვისტოს პერიოდში “ქართულმა ოცნებამ” რეკლამაზე 2 794 718 ლარი დახარჯა, გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” — 79 893 ლარი, “ევროპულმა საქართველომ” — 51 471 ლარი, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” — 38 135 ლარი.

“ოცნების” ბილბორდები საქართველოს ქალაქებში

“ოცნების” ბილბორდები საქართველოს ქალაქებში

22 აგვისტომდე მონაცემებით, “ქართულ ოცნებას” ქვეყნის მასშტაბით განთავსებული აქვს 922 ბილბორდი, ხშირად მიჯრით, გვერდიგვერდ, ერთნაირი რამდენიმე ერთნაირი ბილბორდი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად არ იყენებს გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სარეკლამო სივრცეებს, არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რათა არჩევნებში დამარცხების შემდეგ ისაუბრონ.

პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია კოვიდრეგულაციების დაცვით ყოველდღიურად ხვდება რეგიონის მოსახლეობას, ეცნობა მათ საჭიროებებს და სახავს გეგმას მათ მოსაგვარებლად, ამის ფონზე კი ოპოზიცია სპეციალურად პასიურობს.

“ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რამე, თუნდაც პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა.

მეტიც, ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სარეკლამო სივრცეებს, მათ შორის, არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის დასტურად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ. ოპოზიცია არ იყენებს ფასიან სარეკლამო დროს თავიანთი საარჩევნო რგოლების განსათავსებლად, რათა არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ საარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი”, — თქვა მან.

„შალვა პაპუაშვილს უთხარით, რომ ლანა გალდავას ძალიან სურს ბილბორდის აღება ისნის რაიონში და “ოცნებამ” რომელიმე დამითმოს”, — ამბობს საპასუხოდ “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბილბორდების დაქირავება ძალიან ძვირი ღირს და კოვიდპანდემიის ფონზე ამ ხარჯის გაწევას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

„მე პირიქით გავაკრიტიკებდი “ქართული ოცნებას”, რომ ზედმეტად იყენებს ყველაფერს, რაც შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა. როცა 4 დიდი ბანერია და ოთხივეზე გაღიმებული “ქოცი” და 41 ნომერი ახატია, ეს იმდენად სასაცილოა, რომ სჯობს, საერთოდ არ გამოიყენონ. ამას თუ ურჩევს ოპოზიციას, მე პირიქით ვურჩევდი, რომ “ქართულმა ოცნებამაც” დაანებოს [ასეთ რეკლამას] თავი”, — ამბობს იაგო ხვიჩია, თუმცა ზოგადად იზიარებს პოზიციას, რომ ოპოზიცია სათანადოდ არ იბრძვის ამომრჩევლის მისამხრობად.

“გარდა ამისა, ხელისუფლება როგორ იქცევა, მთავარი პრობლემა რაც მაწუხებს, არის მედიაგაშუქევაბა. მედია ძალიან პოლიტიზებულია. მე არ ვარ პარტიული მედიის წინააღმდეგი, მაგრამ ვარ კრიტიკოსი, რადგან მათ ხშირ შემთხვევაში არ ესმით, რა ხდება ქვეყანაში და საკუთარი ლიდერების უაზრო ვოიაჟების გაშუქებით არიან დაკავებული, არ უჩნდებათ შინაარსობრივი კითხვები, გარდა კონკრეტული პარტიების დღის წესრიგისა და ამის იქით გაღწევა არის რთული.

სკანდალი არის ოპოზიციური მედიის ძირითადი თემა, რომელიც როცა გაივლის, არაფერი რჩება და არანაირი გავლენა არ აქვს არაფერზე. საბოლო ჯამში, ეს აქცევს კამპანიას ისეთად, როგორიც არის. ქოცები, რადგან უკეთესი მედიაჩართულობა აქვთ, ოპოზიციის და ოპოზიციური მედიის შეცდომის გამო იგებენ იმ თამაშს, რომელიც სინამდვილეში უნდა წააგონ”, — ამბობს ხვიჩია.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიციის პასიურობის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა თავად სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია შეთანხმებული არიან და მათ შორის “კვაზი ჩხუბი” რეალური ომი არ არის.

“მესამე ძალად” ბრენდირებული “სტრატეგია აღმაშენებელი” ირწმუნება, რომ შექმნილ ორპოლუსიან დღის წესრიგში ამომრჩეველს შესთავაზებს ზიზღზე და დაპირისპირებაზე უარის თქმის იდეას, ე.წ. მესამე ალტერნატივას, თუმცა ამგვარ პერსპექტივას ექსპრემიერის გუნდი უფრო აჩვენებს. მას შემდეგ, რაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩაერთო, საარჩევნო კამპანია დედაქალაქში უფრო აქტიური, თვითმმართველობის არჩევნების შედეგი კი ძნელად პროგნოზირებადი გახდა.

თუმცა თბილისის მოქმედ მერ კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის სრული მხარდაჭერის იმედი აქვს და მეორე ტურის ჩატარების საჭიროებას გამორიცხავს.

“მადლობას ვუხდი თითოეულ თბილისელს იმ თანადგომისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. უამრავი შეხვედრა მაქვს დღის განმავლობაში და ამ მხარდაჭერის იმედი მაქვს. პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს და გავიმარჯვებთ”, — აცხადებს კალაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი