ახალი ამბები

საჯარო რესურსის პარტიისთვის გამოყენება და ოპოზიციური აზრის დევნა — საიას ანგარიში

1 სექტემბერი, 2021 • 965
საჯარო რესურსის პარტიისთვის გამოყენება და ოპოზიციური აზრის დევნა — საიას ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში, პირველი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საიამ რამდენიმე შემთხვევა აღრიცხა, მათი ერთი ნაწილი შეეხება მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო მეორე — ოპოზიციური აზრის გამო საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას.

მთავრობის ინიციატივა სასესხო ვალდებულებების სუბსიდირების შესახებ

25 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით. დადგენილება მთავრობამ 2 აგვისტოს, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიიღო, რითაც, საია-ს შეფასებით, თავი აარიდა რეგულაციას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვაზე.

“ეს ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციაა”, — აცხადებს საია და დასძენს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება თანასწორი და კონკურენტული წინასაარჩევნო კამპანიის პრინციპებს.

სოციალურ ქსელებში საჯარო რესურსის პარტიული მიზნით გამოყენება

რამდენიმე სახელისუფლებო ოფიციალურ Facebook-გვერდზე საიამ აღრიცხა მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოსტები: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონიალის ვიდეოჩანანაწერი “ფეისბუქში” პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვის რეჟიმში გადაიცემოდა და დაფინანსებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ; ონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ონის მერობის კანდიდატის, სერგი ხიდაშელის მხარდამჭერი პოსტი.

ეს ქმედებები საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა ჯერ არ მოქმედებდა, თუმცა საია ცუდ პრაქტიკად მიიჩნევს პარტიის მხარდასაჭერად საჯარო რესურსის გამოყენებას.

“ამგვარი ქმედება უმრავლესობას გაუმართლებელ უპირატესობას ანიჭებს, ხოლო სხვა პარტიებს არსებითად უთანასწორო პირობებს უქმნის. იმავდროულად, ის ეწინააღმდეგება პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მოთხოვნას”, — აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაციით, საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სამთავრობო რესურსების გამოყენება ნებისმიერ პერიოდში უნდა იკრძალებოდეს.

ოლეგ ხუბულურის სამსახურიდან გათვისუფლების საქმე

საია-ს ანგარიშში მოხვდა გორის მერიის ადმინისტრაციის და შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილის, ოლეგ ხუბულურის სამსახურიდან გათავისუფლების საქმე, რომელიც პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრ გიორგი ხოჯევანიშვილის და გათავისუფლებული მერის მოადგილეების გუნდის წევრად მიიჩნეოდა. ხუბულურის განცხადებით, ამის მიზეზი მის მიერ ოპოზიციური აზრის გამოთქმა გახდა.

13-14 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურმა აღრიცხა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში დასწრება. აღრიცხვების პერიოდში ოლეგ ხუბულური არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილას. დისციპლინური წარმოების ფარგლებში განიხილეს ასევე ოლეგ ხუბულურის მიერ „TV პირველის“ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ „ხდება დისკრიმინაცია იმ ადამიანების და იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ, სავარაუდოდ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება”, რაც შეფასდა როგორც საჯარო ინტერესის და მუნიციპალიტეტის მერის რეპუტაციის შელახვა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საიას შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს ეს გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა, რადგან ოლეგ ხუბულურის ნათქვამი იყო ზოგადი და შეეხებდა სისტემურ პრობლემას, რაც არ შეიძლება მიჩნეული იყოს, ერთი მხრივ, პირადი ინტერესის საკითხად, ხოლო მეორე მხრივ, კონკრეტული საჯარო დაწესებულების (როგორც ამას ზოგადი წესების შესაბამისი ნორმის დისპოზიცია მოითხოვს) რეპუტაციის შელახვად.

რაც შეეხება სამსახურში გამოუცხადებლობის ეპიზოდს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, საია-ს შეფასებით, სამუშაო საათების დროს სამსახურის უნებართვო დატოვება ან სამსახურში გამოუცხადებლობა არ შეიძლება, მძიმე გადაცდომად დაკვალიფიცირდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ პირს მანამდე არ ჰქონია ჩადენილი ამგვარი ქმედება, ის ვერ გახდება მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი