ახალი ამბები

გახარიას პარტიის წევრებთან ურთიერთობის გამო ათეულობით საჯარო მოსამსახურე შეავიწროვეს – ომბუდსმენი

1 სექტემბერი, 2021 • 1301
გახარიას პარტიის წევრებთან ურთიერთობის გამო ათეულობით საჯარო მოსამსახურე შეავიწროვეს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში გამოვლინდა პოლიტიკური შეხედულებების გამო შესაძლო დისკრიმინაციის ათობით ფაქტი. ომბუდსმენის ცნობით, ზეწოლა გამოიხატა სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლებაში ან თანამდებობის დატოვების მოთხოვნაში, მათ შორის საუბარია შინაგან საქმეთა სამინსიტროზე, მუნიციპალური სამსახურებზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებზე, ააიპ-ებზე და სხვა საჯარო დაწესებულებებზე.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა, მათმა უმრავლესობამ კი დაადასტურა, რომ ზეწოლის მიზეზი ყოფილი პრემიერ-მინსიტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობები გახდა. ამასთან, ომბუდსმენის ცნობით, რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა, რომ სახალხო დამცველის აპარატს მათი საქმე შეესწავლა.

“მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი, არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის – პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის ცნობით,  2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშრიებული საქმეების შესწავლისა და რეაგირების მიზნით ინფორმაცია გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.

“ვინაიდან მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის განცხადებები და შეტყობინებები, გათავისუფლებულ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად, დამატებით მიაწვდის მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და მიადევნებს თვალს მათზე განხორციელებულ რეაგირებას, ასევე, შეისწავლის ინდივიდუალურ საქმეებს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომის უფლების დარღვევის კუთხით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკური შეხედულებების და მოსაზრებების გამო ადამიანების დევნას და სამსახურიდან გათავისუფლებას, ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს კი მოუწოდებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გაათავისუფლონ, ან არ გასცენ მითითებები თანამშრომელბის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

ასევე, ომბუდსმენი პროკურატურასა და შსს-ს მოუწოდებს, დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი