ახალი ამბები

“პოლიტიკური ნიშნით 15 ადამიანი გაათავისუფლეს” — წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები ISFED-სგან

1 სექტემბერი, 2021 • 1101
“პოლიტიკური ნიშნით 15 ადამიანი გაათავისუფლეს” — წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები ISFED-სგან

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” [ISFED] განცხადებით, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზაციამ აღრიცხა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსებისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები.

ამის შესახებ საუბარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიშის შედეგებში, რომელიც ISFED-მა დღეს, 1 სექტემბერს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა.

“ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ძირითადა, პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „სამართლიანი არჩევნები” არაერთი გათავისუფლებული პირის უფლებებს სასამართლოში იცავს”, — წერია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში დააზიანეს ოპოზიციური პარტია „დროას“ ოფისი ზუგდიდში. ასევე, მასწავლებლები ჩართეს საარჩევნო კამპანიაში.

“არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა.

„სამართლიანი არჩევნები“ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების თემაზე, რაც განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა წინასაარჩევნო პერიოდში. შეინიშნება რეგიონებში  მმართველი პარტიის სასარგებლოდ სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენების და მათი წინასაარჩევნო კამპნიაში ჩართვის ფაქტები”, — აცხადებს ISFED.

ISFED-ის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აღრიცხეს:

  • სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 15,
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 11,
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13,
  • სოციალური ქსელით აგიტაციის – 6,
  • ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 4,
  • მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 8 ფაქტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი