ახალი ამბები

ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე და კრიტიკული შეფასებები მართლმსაჯულების რეფორმაზე

5 აგვისტო, 2021 • 1133
ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე და კრიტიკული შეფასებები მართლმსაჯულების რეფორმაზე

ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულების შეფასებას და რეკომენდაციებს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის განაცხადები 60 %-ით შემცირდა, ხოლო  დადებითი გადაწყვეტილებების წილი 4,1 %-დან 4,6 %-მდე გაიზარდა. 2020 წელს საქართველოდან საზღვრის უკანონო კვეთის 30 შემთხვევა დაფიქსირდა (2019 წელთან შედარებით 10-ჯერ ნაკლები). ასევე, შემცირდა (13 %-ით) ევროკავშირში უკანონოდ მყოფი პირების რიცხვი.

ევროკომიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ძველი სისტემის გამოყენებით უზენაეს სასამართლოში 6 ახალი მოსამართლე დანიშნა, რითაც ევროკავშირის რჩევისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების წინააღმდეგ წავიდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა შემდგომი ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოსაგვარებლად, ასევე, ფულის გათეთრებასა და კორუფციასთან ბრძოლა და პრევენცია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციებს, საქართველომ უნდა განაგრძოს წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოგვარება და სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები მიგრანტების შესაბამის პროფილებს უნდა მოარგოს.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველომ უნდა გაზარდოს ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობა, რათა შეძლოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების უკეთ მოგვარება და  უზრუნველყოს ყველა ასეთი შემთხვევის გამოძიება.

ანგარიშში არის რეკომენდაციები მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით და ნათქვამია, რომ საქართველომ უზენაესი სასამართლოს რეფორმა უნდა დაასრულოს მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უნდა დასრულდეს პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით.

ასევე, საქართველომ უნდა დაასრულოს ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ შეძლოს მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და ჰქონდეს სრული და დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად.

მათივე რეკომენდაციით, უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ. ასევე, უნდა გაგრძელდეს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისი სავიზო პოლიტიკის  შესაბამისობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან მესამე ქვეყნების მიმართ. განსაკუთრებით, იმ მესამე ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკს წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი