ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბორელის თქმით, სომხეთთან ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაწყებულია

29 თებერვალი, 2024 • 2553
ბორელის თქმით, სომხეთთან  ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაწყებულია

“სომხეთმა ამასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა და ჩვენ მოვუწოდეთ მის ხელმძღვანელობას, გააძლიეროს ძალისხმევა შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად. ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნის სომხეთის მოქალაქეებს და გახდება შემდგომი რეფორმების ბერკეტი“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, დღეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის.

“2023 წლის ოქტომბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირის პლენარულ სესიაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის ევროკავშირს დაუახლოვდეს. საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ უმაღლეს წარმომადგენელსა და კომისიას დაავალა, გამოეკვლიათ ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები “ყველა განზომილებაში”. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობდით” ,- განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, წინ მიმავალი გზა რთულია, ხოლო სომხეთის წარსული გადაწყვეტილებები, რომლებსაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება, აგრეთვე, დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხებში, ერთ ღამეში ვერ გადაილახება.

“ორივე მხარის მკაფიო ნება მოგვცემს საშუალებaს, წინ წავწიოთ ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების პროცესი” ,- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დაიწყეს ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობის ახალი პროგრამის მომზადება.
„ევროკავშირი აგრძელებს ყარაბაღელი სომხების მხარდაჭერას. ჩვენ გამოვყავით 12,2 მილიონი ევრო გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გამოვყოფთ დამატებით 5,5 მილიონ ევროს“, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ურყევი ვალდებულება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის უცვლელი რჩება და მზად არიან, მხარი დაუჭირონ მდგრად და გრძელვადიან მშვიდობას.

“ჩვენ უარვყოფთ ძალის ნებისმიერ გამოყენებას და მუქარას. ვაგრძელებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ბორელმა დაამატა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დიალოგის დაწყების ვარიანტებიც განიხილება.

“სომხეთმა ამასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა და ჩვენ მოვუწოდეთ მის ხელმძღვანელობას, გააძლიეროს ძალისხმევა შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად. ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნის სომხეთის მოქალაქეებს და გახდება შემდგომი რეფორმების ბერკეტი“, – განაცხადა ბორელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი