ახალი ამბებიკომენტარი

ანჩის ხატის შემდეგ სხვათა საკითხიც დადგება – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

3 აგვისტო, 2021 • 8264
ანჩის ხატის შემდეგ სხვათა საკითხიც დადგება – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაასაჯაროვა წერილი, სადაც ილია მეორე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, ანჩის ხატი მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცენ.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე განმარტავს, რას ნიშნავს და რა რისკებს შეიცავს ანჩის ხატის ეკლესიისთვის გადაცემის პერსპექტივა.


საპატრიარქო ანჩის ხატის ეკლესიაში დაბრუნებას ითხოვს – რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რა რისკებს ხედავთ?

ეკლესია უკვე წლებია ითხოვს ანჩის ხატის დაბრუნებას. ხელოვნების მუზეუმის შესასვლელში უკვე წლებია სამლოცველოა მოწყობილი სწორედ ამ მოთხოვნით – ვერავინ გაბედა ამ დაპყრობილი ტერიტორიის გათავისუფლება, ისევე როგორც დღეს ვერავინ ბედავს ტერორისტების მიერ პარლამენტის წინ ჩარჭობილი ჯვრის ამოღებას. დიდი შიშია ქვეყანაში, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ღვთისმოშიშობასთან. ესაა ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის შიში – და არა მარტო პოლიტიკოსებს ეშინიათ, რომლებზეც ამბობენ ხოლმე, რომ ხმების დაკარგვა არ უნდათო, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებსაც არ უნდათ, რომ კეტი ან ქვა მოხვდეთ თავში, ან უბრალოდ გინების ობიექტები გახდნენ.

ფრანგულ სატირულ ჟურნალზე, შარლი ჰებდოზე თავდასხმის შემდეგ – აქ ბევრი ამართლებდა ისლამისტ ტერორისტებს, ცხადია, არა რაიმენაირი სიმპათიის გამო ისლამის მიმართ (ჩვენ მრევლს სხვა მორწმუნეები, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ უყვარს, არა მხოლოდ მუსლიმები, არამედ სხვა არამართლმადიდებელი ქრისტიანი „ძმებიც“), არამედ სწორედ განსხვავებული და თავისუფალი აზრის სიძულვილისა და მზადყოფნის გამო, მოწინააღმდეგეს თავი გაუჩეჩქვოს.

ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ თუ ანჩის ხატს ეკლესიაში გადაიტანენ – ეს იქნება ერთგვარი „პირველი მერცხალი“ და სხვა ექსპონატებზეც ამგვარ მოთხოვნებს წამოაყენებს ეკლესია.

ეკლესიამ ახლა, 5 ივლისს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ მიუშვებენ – ვითომ რელიგიურ და სინამდვილეში ფაშისტურ ჯგუფებთან ერთად – კარგად შეუძლია ტერორის ორგანოზება. ახლა კი, კიდევ ერთხელ გამარჯვებული, სიმბოლურად ითხოვს  ჯერ დიდი ხნის წინ დასმული საკითხის – ანჩის ხატის დაბრუნების – საბოლოო გადაწყვეტას და, რასაკვირველია, მერე დადგება სხვათა საკითხიც.

მაგალითად, ალავერდის ტაძართან უკვე მომზადებულია სამუზეუმოდ სივრცე, სადაც მოელიან, რომ ალავერდის მონასტრის კუთვნილი ნივთები დაბრუნდება. ბევრს არ ახსოვს და შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ ითქვა, რომ მახათას მთის ეკლესიასთან უნდა აშენდეს საეკლესიო მუზეუმი. საიდან უნდა მოიტანონ ამ მუზეუმში სამუზეუმო ნივთები – ეკლესიებიდან ხომ არ გამოიტანენ? მუზეუმებიდან წაიღებენ ალბათ, თან ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდება სამუზეუმო მოთხოვნები და ეს ობიექტები ეკლესიასაც დაუბრუნდება. მერე კი ეკლესია, სავარაუდოდ, ისე განკარგავს, როგორც მოესურვება.

თუ ხელისუფლებამ საპატრიარქოს ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხომ არ იქნება ეს წინასაარჩევნოდ ხმების მოსაგებად გადადგმულ ნაბიჯი?

ხელისუფლება, რასაკვირველია, შეიძლება წავიდეს ამ ნაბიჯზე და არამარტო ამ არჩევნებზე ხმების მოსაპოვებლად. ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი საყრდენი ეკლესიის სახით საერთო პრობლემების გადასაჭრელად – საზოგადოების პროდასავლური, აწ უკვე საგინებელ სიტყვად ქცეული ლიბერალური ან თავისუფლად მოაზროვნე ნაწილის კედელთან მისაყენებლად და, რასაკვირველია, მედიის და ურჩი არასამთავრობო ორგანიზაციების ასალაგმად. ეკლესიისა და ხელისუფლების ასეთი სიმბიოზი არც ეკლესიას უქადის რამე კარგს და არც ქართულ სახელმწიფოს.


წლების განმავლობაში ანჩის ხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა, რომელიც ახლა ინგრევა.  წლების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქო და მასთან დაახლოებული პირები ხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვდნენ.

3 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემა ოფიციალური წერილით სთხოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და კულტურის სამინისტრო.

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი