კომენტარი

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ხსნის, რატომ არის მიუღებელი რუსული კანონი

3 მარტი, 2023 • 4004
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ხსნის, რატომ არის მიუღებელი რუსული კანონი

„ეს კანონი არის პირდაპირ მიმართული საქართველოს დასავლეთისკენ სვლის, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგ, იქნება ეს ევროპის კავშირი თუ ნატო” ,- ასე აფასებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

ბაქრაძის განმარტებით, სიტყვა აგენტს საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ნეგატიური, ჯაშუშის მნიშვნელობა აქვს.

“საბჭოური წარსული ძალიან მძიმე ტვირთად გვაწევს. ის, რომ მაგალითად, საქართველოში სამართლებრივი აზროვნება არ არის – არ ესმით ადამიანებს, რა არის სამართალი, ეს არის სრულიად საბჭოური მემკვიდრეობა ქვეყნისა, რომელშიც არა მხოლოდ ხალხის მტრები არსებობდნენ, არამედ ხალხის მტრის შვილებიც, ცოლებიც და ა.შ.

ასეთი ტიპის აზროვნება არის ძალიან ღრმად ფესვგადგმული და, რასაკვირველია, როდესაც ახლა შემოაქვთ კანონი უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით, „აგენტი“ ქართულში, ისევე როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა ჯაშუშისა და არის აბსოლუტურად ნეგატიური დატვირთვის მქონე სიტყვა. ამიტომაც ეს კანონი არის სრულიად მიუღებელი. ასეთი კანონის არანაირი საჭიროება არ დგას, რადგანაც ის ფული, რომელიც წესიერად შემოდის საქართველოში დასავლეთიდან, არის ძალიან გამჭვირვალე, მაგრამ არაფერი ვიცით იმ ფულზე, რომელიც ჩემოდნებით შემოდის რუსეთიდან. თუმცა, ამაზე ვერ იმუშავებს ეს კანონი. ამაზე უნდა იმუშაოს სუს-მა და უშიშროების სხვა ორგანოებმა, რომელთა საქმიანობის მიზანიც სწორედ ეს არის, ჩვენ ვერასდროს ვნახეთ მათი მუშაობის შედეგი, რადგანაც არცერთი რუსი აგენტი არ არის გამოვლენილი ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არ იჭერენ რუს აგენტებს, არამედ ახლა მუშაობენ სწორედ დასავლეთის წინააღმდეგ და ეს კანონი პირდაპირაა მიმართული საქართველოს დასავლეთისკენ სვლის, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგ, იქნება ეს ევროპის კავშირი თუ ნატო. და არა იმისათვის, რომ უფრო გამჭვირვალე გახდეს თანხები, რომლებიც ისედაც გამჭვირვალედ შემოდის დასავლეთიდან.

მეორე მხრივ, რასაკვირველია, ეს არის [იარლიყი] ყველა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანისთვის მისანიჭებლად, როგორც ეს რუსეთში მოხდა და ეს მაგალითი ჩვენს თვალწინ არის: როგორ იყენებს რუსეთის ხელისუფლება ამ კანონს. დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ ჩვენთვის, საქართველოშიც ზუსტად ასევე იქნება გამოყენებული. როდესაც გვაქვს რუსული მაგალითი, ამაზე საუბარიც კი არ უნდა იყოს საქართველოში”, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

მისი შეფასებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იქნება კრიტიკული აზრის მატარებელი, მოუძებნიან საფუძველს (როგორც ეს რუსეთში ხდება), იმისთვის, რომ მიაწებონ იარლიყი, “რომელიც საზოგადოების თვალში, დაახლოებით იმავე როლს შეასრულებს, როგორსაც 1937 წელში და სტალინური ტერორის დროს ასრულებდა „შპიონი“, „კონტრრევოლუციური ჯგუფების წევრი“.

“რასაკვირველია, საზოგადოებაში, რომელიც არის ძალიან ღარიბი და სოციალურად დაუცველი, ხდება სწორედ სოციალური თემატიკის წინ წამოწევა, რომ არიან მდიდარი “ენჯეოშნიკები” და ღარიბი ადამიანები, თითქოს ეს “ენჯეოშნიკები” ამ ღარიბი ხალხის პურს ჭამდნენ. სინამდვილეში ხალხზე, რომლებიც ხაზინის ქურდები არიან, საერთოდ არ არის საუბარი”, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი