ახალი ამბები

ამ რეფერენდუმის წინ ჩამოვალ, შევასრულებ ერის და ისტორიის წინაშე ვალდებულებას – სააკაშვილი

29 ივლისი, 2021 • 9242
ამ რეფერენდუმის წინ ჩამოვალ, შევასრულებ ერის და ისტორიის წინაშე ვალდებულებას – სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „სახალხო რეფერენდუმის“ წინ საქართველოში ჩამოვა.

„ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად, ამ სახალხო რეფერენუდმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“, – ამბობს სააკაშვილი 29 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას“, – აცხადებს იგი [სააკაშვილი, – ისევე, როგორც დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, – 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მიიჩნევს ერთგვარ რეფერენდუმად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე].

სააკაშვილის თქმით, მისი პარტია „მთელი ეს პერიოდი ასრულებდა შარლ მიშელის ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა. „ქართულმა ოცნებამ“ კი ფეხქვეშ გათელა ყველა თავისი ვალდებულება. ამჯერად, უკვე ევროკავშირის რეფერენდუმი გარდაიქმნება საერთო, სახალხო რეფერენდუმად – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე“.

[მასალა განახლდება]

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება, წლების განმავლობაში არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანაში ჩავა. ბოლოს ამის შესახებ 2021 წლის ივნისშიც ისაუბრა:

„ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი. ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს“, – თქვა სააკაშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

მორიგი განცხადება კი 29 ივლისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება დატოვონ.

ამასთან, „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები დააონონსეს და საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება არ გამორიცხეს.

თუმცა 29 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თანაგუნდელებს მოუწოდა, არ დატოვონ პარლამენტი და არჩევნებისთვის მოემზადონ, თავად კი დატოვა პარლამენტი.

„არანაირი სიტყვა არავინ არ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს ქართული ოცნების ოცნებაა, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს“, – განაცხადა მელიამ.

„ლელომ“ განაცხადა, რომ რჩებიან პარლამენტში და არჩევნებისთვის მოემზადებიან.

ვრცლად:

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი