ახალი ამბები

“ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის” – სააკაშვილი ჩამოსვლას კვლავ აანონსებს

24 ივნისი, 2021 • 2602
“ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის” – სააკაშვილი ჩამოსვლას კვლავ აანონსებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამჯერად საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აუცილებლად ჩამოვა. სამშობლოში ჩასვლის ზუსტ თარიღს სააკაშვილი არც ამჯერად ასახელებს.

საქართველოში დაბრუნების შესახებ სააკაშვილმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ამდენი წლით არყოფნა მისთვის “მძიმე პირადი გამოცდაა” და სადმე “გადახვეწილად” დიდხანს ყოფნას არ აპირებს.

“მე არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა უნდ,ა ვაპირებ ჩასვლას საქართველოში. [რეფერენდუმადე თუ მის შემდეგ] ამას ქართველი ხალხი ნახავს. ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი. ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს. წინა არჩევნების წინ ვთქვი, რომ ჩამოვალ, როცა არჩევნები დამთავრდება”, – აცხადებს სააკაშვილი.

ჟურნალისტის შეხსენებაზე, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ მსგავსი განცხადებები მისგან წარსულშიც გვსმენია და რატომ უნდა ენდონ დღეს მას მხარდამჭერები, სააკაშვილი პასუხობს:

“იმიტომ, რომ მე ყველაფერს ვასრულებ, რასაც ვამბობ”, — ამბობს სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ახლა “საკუთარი თავის დაზოგვის” დრო აღარ არის.

“იყო პერიოდები, როცა მე მიმაჩნდა, რომ იყო საკმარისი ძალები იმისათვის, რომ საკითხები პოლიტიკურად გარკვეულიყო. ნორმალური არჩევნებისთვის  და გადასვლისთვის მიგვეღწია, ისე, როგორც თავის დროზე მე გადავეცი ხელისუფლება. როგორც ჩანს, ეს რესურსი მთლიანად არის ამოწურული. ახლა ერთადერთი იმედი, რაც გვრჩება, ევროკავშრის ჩართვით, მედიაციით, ამერიკელების ჩართვით და დამკვირებლების ჩამოსვლის პირობებში, ჩვენ შევძლებთ მიღწევას. მაგრამ ამის იმედი, მე მგონი, საქართველოში უკვე ძალიან ცოტა ხალხს დარჩა. ამიტომ, ახლა ყველა რესურსის ჩართვაა საჭირო და აღარ არის არც საკუთარი თავის დაზოგვის და არც პოლიტიკური მანევრირების დრო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი