ახალი ამბები

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

28 ივლისი, 2021 • 2665
„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

„ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანმების გაუქმება ხელახლა ამწვავებს დროებით ჩამცხრალ შიდაპოლიტიკურ კრიზისს და საერთაშორისო პარტნიორებისგან მწვავე კრიტიკის მორიგი ტალღის მოლოდინს ზრდის.

პოლიტიკოსებისა და კომენტატორების ნაწილის თანახმად, ეს ნაბიჯი ასევე ამხელს „ქართული ოცნების“ ფარულ მოლოდინს და შიშს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43% ვერ მიიღოს.

„საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნება“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „შეთანხმების მუდმივი დარღვევა“.

კობახიძემ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, – დოკუმენტისა, რომელიც ნატოს 2021 წლის კომუნიკეში ქვეყნისთვის საეტაპო მიღწევადაა მონიშნული, – „ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს“.

რა ელის რეფორმებს?

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავდა, რაც გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის წინაპირობებად იყო მიჩნეული. კობახიძემ სათითაოდ, მოკლედ მიმოიხილა, რა პოზიცია აქვთ პარტიაში ამ პუნქტებზე.

სასამართლო რეფორმა: კობახიძის თქმით, რეფორმა გაგრძელდება, – როგორც ამას პარტია ხელმოწერამდეც აცხადებდა, – და ის 2022 წლის ზაფხულამდე დასრულდება. თუმცა, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე მომუშავე ორგანიზაციები მიუთითებდნენ, მმართველმა პარტიამ, დაპირების მიუხედავად, უკვე დაარღვია დადებული პირობა და მოსამართლეები უვადოდ დანიშნა, რის გამოც დაიმსახურა კიდეც კრიტიკა აშშ-სგან, ევროკავშირისა და სხვა მოკავშირეებისგან.

საარჩევნო რეფორმა: კობახიძის თქმით, ეს რეფორმაც გაგრძელდება. ამჟამად, თამარ ჟვანიას გადადგომის ფონზე, პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევს. ამ პოსტზე კანდიდატი საკანონმდებლო ორგანომ უკვე ორჯერ ვერ აირჩია. ამის მიზეზი შარლ მიშელის შეთანხმების ის პუქნტია, რომელიც პარლამენტის შემადგენლობის უბრალო უმრავლესობას (76 დეპუტატს) ამ თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნის საშუალებას არ აძლევს მეოთხე მცდელობამდე. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მომდევნო კენჭისყრებზე დამოუკიდებლად აირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვის ვადით.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო ცვლილებები სიღრმისეულად განიხილება და მიიღება“, რაც სავარაუდოდ, ეხება არჩევნების ჩატარების წესს. საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე შესულია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ კიდევ მისაღებია, ოცნება კი საკონსტიტუციო უმრავლესობას არ ფლობს. ჯერ გაურკვეველია, მიიღებს თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია ამ პროცესში მონაწილეობას და რა რეალობის წინაშე აყენებს ეს გარემოება ახლანდელ თუ მომავალ არჩევნებს.

ამნისტია და პასუხისმგებლობების განაწილება

ამნისტია: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანახმად, ამნისტიის კანონის მიღება შემოდგომაზე დასრულდება [ოპოზიციონერმა ფიგურებმა უკვე დატოვეს საპატიმროები, ხოლო ამნისტია შეეხებათ იმ პოლიციელებს, რომლებმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას დანაშაული ჩაიდინეს].

პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება: მიშელის შეთანხმების თანახმად, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან თავში უნდა ჩასდგომოდნენ ხუთ კომიტეტს, რომელთაგან ორი მაღალი პოლიტიკური წონისა უნდა ყოფილიყო (საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, საბიუჯეტო-საფინანსო ან საგარეო საქმეთა კომიტეტი).

კობახიძემ განაცხადა, რომ „ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება პასუხისმგებლობები ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ“. ეს დათქმა ნიშნავს, რომ ოპოზიციონერების კომიტეტების თავმჯდომარეებად დანიშვნა „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

რიგგარეშე არჩევნები – „კეთილ ნებაზე“

სწორედ „ქართული ოცნების“ „კეთილ ნებაზე“ იქნება დამოკიდებული 2020 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა:

„მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს“.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ „ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არის დამკვიდრებული“.

„43%-ის იმედიც არ აქვთ“

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შენიშნა, ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ „ოცნების“ ლიდერები „პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით“ და ხვდებიან, რომ „იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ“.

2021 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული, „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევდა, 23% – „ნაციონალურ მოძრაობას“, მესამე ადგილს კი 8%-ით გიორგი გახარიას ახლად დაარსებული „საქართველოსთვის“ იკავებდა.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის გირჩს 5% მისცემდა ხმას, „ევროპულ საქართველოს“, „ლეიბორისტებს“ და „პატრიოტთა ალიანსს“- 3-3%, „ლელოს“, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ კი- 2-2%.

დაახლოებით მსგავს სურათს აჩვენებს იმავე პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 32% აძლევს ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“- 24%, გახარიას კი- 13%. შემდეგ ადგილებზე „ედისონის“ კვლევაში მოდიან „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ 4-4%-ით, შალვა ნათელაშვილი და სხვები 3-3 და ნაკლები პროცენტით.

პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიაც ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, მმართველ პარტიაში გარკვეული რისკი იგრძნეს ელექტორალური თვალსაზრისით, – თუნდაც შიდა კვლევებით.

„სისტემა, მომწიფებული კოალიციისთვის“

კაკაჩიას თანახმადვე, საინტერესოა „ოცნების“ განცხადებაში ნახსენები ფრაზა – „პოლიტიკური სისტემის მომწიფება კოალიციური მმართველობისთვის“, რაც „ოცნებამ“ პოლიტიკური პარტიების ქცევიდან უნდა ამოიკითხოს. ეს, შესაძლოა, გულისხმობდეს სივრცის დატოვებას ისეთ ძალასთან კოალიციაზე, რომელიც თანახმა იქნება „ოცნებასთან“ ერთად მთავრობის დაკომპლექტებაზე:

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ აქვთ მოლოდინი, რომ ამ არჩევნების შემდეგ მათ თუ ვერ მოაგროვებს ხმები, ყველა ვარიანტში მოუწევთ კოალიციურ ხელისუფლებაში მოსვლა. ეს მათთვის წარმოუდგენელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დანარჩენ ოპოზიციასთან.

არადა, მრავალპარტიული დემოკრატიის ერთ-ერთი არსი სწორედ ის არის, განსხვავებული იდეოლოგიის პარტიებთან ითანამშრომლო. ბევრ ქვეყანაში გვაქვს ამის მაგალითები. მაგალითად, გერმანიაში არც სოციალ-დემოკრატებსა და ქრისტიან-დემოკრატებს ეხატებათ გულზე ერთმანეთი, მაგრამ იძულებულნი იყვნენ, იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად შესულიყვნენ დიდ კოალიციაში.

თუმცა ამის დაშვება წარმოუდგენელია ქართულ პოლიტიკაში, პიროვნული ზიზღის თუ სხვა მიზეზების გამო. „ქართულ ოცნებას“ ვერ წარმოუდგენია ამ პარტიებთან თანამშრომლობა, თუმცა გიორგი გახარია ან ვინმე სხვა თუ იქნა, [სავარაუდოდ] მასთან შევლენ კოალიციაში“.

„ნაც.მოძრაობის“ პასუხისმგებლობა

„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს შეთანხმების ჩაშლაზე. „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში არჩილ თალაკვაძემაც „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ ხელი არ მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს.

შარლ მიშელმა არაერთხელ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელი მოეწერათ 19 აპრილის შეთანხმებისათვის, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამის მიუხედავად, პარტია პარლამენტში შევიდა, ხელმოწერაზე უარის საფუძვლად კი 20-21 ივნისის მოვლენებისას დამნაშავე პოლიციელების ამნისტია დაასახელა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.

კორნელი კაკაჩია „სამწუხაროდ“ აფასებს გარემოებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს და ფიქრობს, რომ ეს ამ პარტიის იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს, განსაკუთრებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის თვალში, თუმცა:

„მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას სხვადასვანაირად ეკისრებათ პასუხისმგებლობა – თუნდაც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას. ხელისუფლება იმას კი არ უნდა უყურებდეს, რომელი პარტია მოაწერს ან არ მოაწერს ხელს შეთანხმენას, არამედ უნდა იხელმძღვანელოს მთლიანობაში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ამბობს იგი. ამასთან, კორნელი კაკაჩიას თანახმად, შეთანხმებას სხვა არაერთმა პარტიამ მოაწერა ხელი, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მაინც შევიდა პარლამენტში.

შიდა კრიზისი კვლავ მწვავდება

19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკვე დაიწყეს პარლამენტის ბოიკოტირება და მისი დატოვება. ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიიღო ზურაბ ჯაფარიძემ, „ლელომ“ კი ოპოზიციური პარტიები მიიწვია კონსულტაციებისთვის მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ამასთან, „ლელომ“ არ გამორიცხა არც თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების საკითხი.

„მმართველი ძალა თვითონ უნდა იყოს ორიენტირებული, რომ კონსენსუსისკენ წაახალისოს პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ამ დროს ის თავად ხდება რადიკალიზმის წყარო, რაც უკვე სერიოზული პრობლემაა“, – მიიჩნევს იგი.

კაკაჩიას თანახმად, განვითარებული მოვლენები ნიშნავს, რომ „ქვეყანაში უკვე შეიძლება შემოდგომიდან ველოდოთ სულ სხვა, უმართავ პროცესებს, ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პარტიების კიდევ უფრო რადიკალიზებას“.

„უარი ევრო-ატლანტიკურ კურსზე“

წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, – „ღია საზოგადოების ფონდმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ISFED-მა, TI-მ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და სხვებმა მმართველი გუნდის ნაბიჯი შეაფასეს, როგორც „აშკარა უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე“:

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – მიიჩნევენ არასამთავრობოები.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარები არ გაუკეთებიათ ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალურ ფიგურებსა და უწყებებს. თუმცა კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ „საერთაშორისო საზოგადოების და ქართველი ამომრჩევლის წინაშე მათი იმიჯი, როგორც კეთილსინდისიერი მომლაპარაკებლისა, სარგძნობლად შერყეულია და ალბათ კიდევ უფრო შეირყევა, მით უმეტეს, რომ 5-6 ივლისის მოვლენების [ანტიპრაიდული დემონსტრაცისა და ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების] ფონზე ისედაც არ ჰქონდა ჯანსაღი იმიჯი მმართველ პარტიას“.

საგარეო კრიტიკის მოლოდინში

საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდაპოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად შემოღებული მექანიზმი იყო, პოლიტიკური თვალსაზრისით ასევე გახდა ერთგვარი საერთაშორისო ვალდებულება, რაც ქვეყნის პოლიტიკურმა აქტორებმა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღეს:

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეთანხმების მოლაპარაკების პროცესს სათავეში ედგა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის, ევროპული საბჭოს, პრეზიდენტი, უკვე საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ შეთანხმების პოლიტიკური და დიპლომატიური მნიშვნელობა ძალზედ მაღალია“, – ამბობს სირბილაძე და ამის საილუსტრაციოდ კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:

„შეთანხმების განხორციელება პირდაპირ დაუკავშირდა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა ხაზგასმულია ისეთი მაღალი მნიშვნელობის დოკუმენტებში, როგორიც არის ნატოს ლიდერების მიერ 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე მიღებული კომუნიკე. კომუნიკე შეთახმების ძირითადი პრინციპების შესრულებას ნატოსთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის გზასთან აკავშირებს. ხოლო საქართველოს მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება მნიშვნელოვნად აყენებს ზიანს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟს საქართველოსა და რეგიონში და, ბუნებრივია, მოლოდინი იმისა, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოსა და ევროკავშირის და საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე მომავალში“, – გვეუბნება ირაკლი სირბილაძე.

ანალიტიკოსის თანახმად, „საგულისხმოა ევროკავშირთან დაახლოების ახალი ფორმატების შექმნისა და 2024 წელს წევრობაზე განაცხადის გაკეთების პოლიტიკური სურვილის ფონზე, საქართველო ხელიდან უშვებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობას“ და განმარტავს:

„ევროკავშირთან ურთიერთობების ნებისმიერი რეალისტური პროგრესი დაკავშირებულია საქართველოს შესაძლებლობაზე, აჩვენოს, რომ ის ქვეყნის შიგნით უზრუნველყოფს სამართლის უზენაესობას და ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს გამართული ფუნქციონირება შეუძლიათ. ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კი – კერძოდ, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული საკითხები, პოლიტიკური ინსტიტუტების ბოიკოტირების პრაქტიკა, პრობლემები სასამართლო ხელისუფლებაში და 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის გამოწვევები – ორივე თვალსაზრისით, საქართველოს მნიშვნელოვან სისუსტეებს აჩვენებს“, – ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, 19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნა, ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ეს დაკარგული შესაძლებლობა იყო სისტემის რეფორმირებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებულ წინაპირობაზე.

ჯერჯერობით ევროსტრუქტურებს არ გაუკეთებიათ კომენტარები შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი