ახალი ამბებისაზოგადოება

რაში ადანაშაულებენ გიორგი კეკელიძეს და რას პასუხობს მწერალი

27 ივლისი, 2021 • 67884
რაში ადანაშაულებენ გიორგი კეკელიძეს და რას პასუხობს მწერალი

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. თავად კეკელიძე უარყოფს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას და ამბობს, რომ „ფლირტი იყო“. 

ნეტგაზეთი ესაუბრა ხუთზე მეტ ქალს. მათ შორის ორი ამბობს, რომ კეკელიძე მაშინაც სწერდა სოციალურ ქსელში და ფლირტის გაბმას ცდილობდა, როდესაც ისინი 16 წლისანი იყვნენ. კეკელიძემ ამის საპასუხოდ გვითხრა, რომ გაცნობიერებულად არასდროს მიუწერია არასრულწლოვნისთვის. ამ სტატიაში ორი ქალის ისტორიაზე ვყვებით, რომლებმაც ღიად გამოთქვეს საჯაროდ საუბრის სურვილი.

ქალებმა ამ საკითხის შესახებ საუბრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კეკელიძე სხვა კაც ავტორებთან ერთად გახდა ქალების გაძლიერების ეგიდით გამოცემული წიგნის ერთ-ერთი ავტორი.

რა მოხდა?

26 ივლისს თავის მოვლის საშუალებების კომპანია „Body Shop-მა“ თბილისის საკრებულოს თანაორგანიზებით ნოველების კრებულები გამოსცა. კრებულში თავმოყრილია 13 ქალის რეალურ ისტორიაზე დაწერილი ნოველები, თუმცა ყველა ტექსტის ავტორი კაცია. კომპანია ირწმუნებოდა, რომ წიგნი „ქალთა გაძლიერებისთვის“ შეიქმნა და მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა.

სქრინშოტი „Body Shop“-ის ფეისბუკ გვერდიდან.

ის, რომ ქალთა გაძლიერებისთვის გამოცემული წიგნის ყველა ავტორი კაცია, აუდიტორიის კრიტიკის სამიზნე მალევე გახდა. სოციალურ მედიაში არაერთი კრიტიკული კომენტარის შემდეგ კომპანიამ ფეისბუკ პოსტი წაშალა.

ქალები ასევე წერდნენ, რომ მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ კაც ავტორებს შორის ერთ-ერთს – გიორგი კეკელიძეს მანამდე არაერთი ადამიანი ადანაშაულებდა სექსუალურ შევიწროებაში.

თავად კეკელიძემ ამ ბრალდებებს 26 ივლისს ორი ფეისბუკ პოსტით უპასუხა – ერთი წაშალა, მეორეში კი განაცხადა, რომ არასდროს არავისზე უძალადია და ეს ყველაფერი „ფლირტი“ იყო.

რას ჰყვებიან ქალები?

„წლები მავიწროებდა“

„ფეისბუკზე დამამატა რამდენიმე წლის წინ და მანდედან დაიწყო დაახლოებით ორწლიანი პერიოდი, როდესაც აქტიურად მთავაზობდა სექსს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვუთხარი უარი“ – ჰყვება ნეტგაზეთთან ტაო ჭალიძე.

როგორც ქალი იხსენებს, მას შემდეგ, რაც გიორგი კეკელიძეს სოციალური ქსელით უარი უთხრა და აღარ პასუხობდა შეტყობინებებზე, კაცმა მისი პირადი ნომერი გაარკვია: 

 „მირეკავდა ტელეფონზე და იმავეს აგრძელდებდა“.

„ასეთი ხერხი ჰქონდა მოფიქრებული- „შებმის“, რომ ბევრ შენ დაქალთან მქონია სექსი და „გაუსწორდათ“ და შენც გაგისწორდებაო. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რის მერეც ყველგან დაბლოკილი მყავს, იყო ის, რომ გამომცემლობაში ვმუშაობდი, მას კი რაღაც გადაცემა ჰქონდა რადიოში წიგნებთან დაკავშირებით.

წიგნის ფესტივალზე შემხვდა და იქ მითხრა, იქნებ ჩემთან გადაცემაში მოხვიდეო, რაზეც უარი ვუთხარი. ამის შემდეგ ის ჩემს სამსახურს დაუკავშირდა, რომ გადაცემა მაქვს რადიოში და ტაო ხომ არ მოვიდოდა სტუმრადო, რაზეც სამსახურში ვთქვი, შანსი არ არის, მაგ ადამიანთან გადაცემაში მივიდე-მეთქი“, – გვიყვება ის.

„რამდენ პოსტსაც დავწერდი [ფეისბუკზე], საჯაროდ არ მიკომენტარებდა ხოლმე, ცდილობდა არ გამოჩენილიყო, როგორც ვხვდები, და მაშინვე პირად შეტყობინებებში მივარდებოდა ხოლმე. როცა იქ აღარ ვპასუხობდი, მერე ტელეფონზე მირეკავდა. დღემდე დაბლოკილი მყავს. ის „ექაუნთი“ გაუუქმებია, როგორც მივხვდი – გუშინ ვეცადე, რომ მომეძებნა, „სქრინშოტების“ ამოღება მინდოდა, მაგრამ გაუქმებულია ის ძველი ექაუნთი.

ჩემ გარეშმო ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ასე აქტიურად აწუხებდა და სთავაზობდა სექსს. მაგ ადამიანზე იმდენად გული მერევა, მისი არც ბოდიში მჭირდება, არც თავის მართლება. წლები გრძელდებოდა ეს ყველაფერი და პატარა ბიჭიც არ იყო, იმას დააბრალოს, ვერ გათვალა რას აკეთებდა“.

„შიშველ ფოტოებზე მეუბნებოდა, ფლეიბოისთვის თუ გადაიღე, ჩემთვის რა გახდაო?“

სოფია კენჭიაშვილი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც “ნეტგაზეთს” ესაუბრა გიორგი კეკელიძესთან საკუთარ გამოცდილებაზე. ის ამბობს, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ამ მოთხოვნებზე უბრალოდ არ პასუხობდა.

სოფია გვიყვება, რომ გიორგი კეკელიძე წლების წინ გაიცნო, მაშინ, როდესაც თავადაც იყო მწერლობით დაინტერესებული: 

„დიდი ხანია ვიცნობ, ადრე მეც ვწერდი და გადაკვეთები გვქონდა ლიტერატურულ საიტზე, შემდეგ გავიცანით ერთმანეთი და, როგორც ყოველთვის, პატარა სანაცნობო წრე იყო შეკრული იქაც. ამის შემდეგ, რაღაც პერიოდი, მე საქართველოში არ ვცხოვრობდი, გვქონდა მიმოწერა, უბრალოდ, მოკითხვის დონეზე..

„პირველი წიგნი რომ დაიბეჭდა, „გურული დღიურები“, ამასთან დაკავშირებით მივწერე ერთხელ, მინდოდა მეგობრისთვის მეჩუქებინა. ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, 2014 წლის დასაწყისი იყო. ვიყიდე წიგნი და მივედი მასთან ბიბლიოთეკაში. აქედან დაიწყო: „სურათები გამომიგზავნე“. მაშინ სიტყვა „ნუდი“ ასეთი პოპულარული არ იყო, ამიტომ მეუბნებოდა, სექსუალური სურათები გამომიგზავნეო, ოღონდ ამას აკეთებდა ძალიან შეპარულად.

შემდეგ უკვე ღიად მეუბნებოდა- „ფლეიბოისთვის გადაიღე და ერთი ფოტო ჩემთვის რა გახდა?“. უნდოდა, რომ ნუდი [შიშველი ფოტო] გადამეღო მის წიგნთან ერთად და ზუსტად ვიცი, ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს სთხოვა“, – ამბობს სოფია კენჭიაშვილი.

„2016 წელი იყო, ფეხმიძმედ ვიყავი, მომიკითხა ჩვეულებრივად და ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი. მაშინ არც ვფიქრობდი დიდად ამაზე, როგორც იტყვიან, ფეხებზე მეკიდა. მწეროს და იყოს-მეთქი, მე არ ვპასუხობდი. ვფიქრობდი, ითხოვე და იყავი, ფოტოებს მაინც არ გაძლევ-მეთქი.

მორიგ ჯერზე როდესაც მომიკითხა, ეგრევე მივაყოლე, რომ ფეხმძიმედ ვარ, პატარას ველოდები. „ახლა მაინც დამანებე თავი“ – ამ განწყობით მივწერე. ფოტოებს რატომ არ მიგზავნიო, მიპასუხა. ძალიან გამიკვირდა, რაღაც მორალური ზღვარი, წითელი ხაზი ხომ არსებობს, რომლის იქითაც ნაბიჯი აღარ უნდა გადადგა. გეუბნება ქალი, რომ ფეხმძიმედ არის, ჰყავს ესე იგი პარტნიორი და ჩვეულებრივად უგრძელებ ისე, რომ შენი სექსუალური ფოტოები მომეციო. არ ვუპასუხე არც მაშინ და არც შემდგომ“.

ჩემი გამოცდილება არის ძალიან მსუბუქი, ვერ მოახდინა ვერანაირი ზეგავლენა ჩემზე ამან, მაგრამ რომ ვუყურებდი შემდეგ მაგის კეთილ საქმეებს, როგორ დადის, რას აკეთებს – სულ ხაზად გასდევდა ჩემი ეს გამოცდილება… ამის პარალელურად მე ასეთ რაღაცებს მწერდა. ვერ ვაკავშირებდი ამ ორ პიროვნებას ერთმანეთთან – ერთი მხრივ, ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და პარალელურად, ორსულ ქალს მთხოვდა შიშველ სურათებს“.

სოფია ამატებს, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი კეკელიძემ ძველი ფეისბუკ ანგარიში გააუქმა და შექმნა ფეისბუკ გვერდი (ე.წ. ფეიჯი) – მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა.

„ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია..“ – კეკელიძის პასუხი

მას შემდეგ, რაც შევიწროების შესახებ ბრალდებები სოციალურ ქსელში დაიწერა, კეკელიძემ მომხდარს ორი პოსტი მიუძღვნა. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პირველ პოსტში, რომელიც შემდგომ წაშალა,  კეკელიძემ დაწერა, რომ „მომაბეზრებელი ფლირტების გამო შეიძლება ვინმეს რამე ინტერპრეტაციის საფუძველი” მისცა და რომ  რცხვენია „მობღლარძუნე პერიოდის“.

პირველი პოსტი, რომელიც კეკელიძემ მომხდარს მიუძღვნა.

ეს პოსტი კეკელიძემ მალევე წაშალა და მის ნაცვლად უფრო ვრცელი წერილი გამოქვეყნა. ის არც ახალ განცხადებაში უარყოფს, რომ ადგილი ჰქონდა, სულ მცირე, უხერხულ კომუნიკაციებს ქალებთან, თუმცა დასძენს:

„ჩემს ცხოვრებაში წლების წინ (თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს), იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ – ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად – გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა. ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით – ,,გულისრევა”. ზოგისთვის თუ არ – ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ“, – წერს ის.

ამავე ფეისბუკ პოსტში კეკელიძე ამბობს, რომ მზად არის თავისი საქმიანობა შეაჩეროს ყველა სფეროში და შეხვდეს ყველას, ვისაც კითხვა აქვს.

დამატებითი კომენტარებისთვის ნეტგაზეთმა  მიმართა კეკელიძეს, თუმცა მან გვიპასუხა, რომ უკვე გამოქვეყნებული განცხადებებით გვეხელმძღვანელა და დამატებითი დეტალების შესახებ საუბარი ჯერჯერობით არ სურს.

თუმცა, ორ კითხვაზე, მათ შორის იმაზე, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებასა და ადასტურებს თუ არა 16 წლის გოგოებთან მიმოწერას, მოკლედ და ტექსტურად მაინც გვიპასუხა:

„ვგულისხმობ ზუსტად იმას, რაც წერია – დროებით შეჩერებას საქმიანობების და ყველა ადამიანთან შეხვედრას, ვისაც კითხვები აქვს. არცერთ ადამიანთან შეგნებული მიმოწერა- რომ მცოდნოდა, არასრულწლოვანი იყო – არ მქონია არცერთ პერიოდში. და კვლავ ვიმეორებ – ნებისმიერ შემთხვევაში, კვლავაც უდიდეს ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც მაშინ ჩემი შეუგნებელი საქციელით ტკივილი მიადგა“, – გვითხრა კეკელიძემ.

რა სხვაობაა ფლირტსა და სექსუალურ შევიწროებას შორის?

სექსუალური შევიწროება და ფლირტი ერთმანეთისგან ორი რადიკალურად განსხვავებული ცნებაა, მათ შორის მთავარი სხვაობა კი ორივე მხარეს სასურველობა და თანხმობაა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სექსუალური შევიწროება ასე განიმარტება:

სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

სექსუალური შევიწროება ფულადი ჯარიმით ისჯება მხოლოდ საჯარო სივრცეში – მაგალითად, ქუჩაში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად; სხვა შემთხვევაში კი, მაგალითად, სამუშაო ადგილზე, ფეისბუკზე თუ სხვაგან, საქმე სახალხო დამცველთან ან სასამართლოში მიდის. ორივე შემთხვევაში უკვე შემდგომ ადგენს უწყება, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ შევიწროებას.

თუმცა, როგორც ამას პრაქტიკა მოწმობს, ყველაფერი ასე მარტივი არ არის და ნებისმიერი ასეთი საქმე განიხილება ინდივიდუალურად, გარემოპირობების გათვალისწინებით.

ნეტგაზეთმა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს, ქეთი შუბაშვილსაც ჰკითხა, რა სხვაობაა სექსუალურ შევიწროებასა და ფლირტს შორის.

„აქ გასათვალისწინებელია ადრესატი, ვის მიმართაც არის გამიზნული ქმედება, ადრესატის სურვილი, და ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ქმედება მოხდა.

მაგალითად, რაღაც სიტუაციებში უფრო მარტივი ამოსაცნობია სექსუალური შევიწროება, იმიტომ, რომ ურთიერთობები და გარემოებები არის ფორმალური და იქ, ვთქვათ, ინტიმური, სექსუალური ხასიათის ქცევის ადგილი არ არის, მაგრამ რაღაც ურთიერთობები შესაძლოა, უფრო არაფორმალური იყოს და შესაძლოა უფრო რთული იყოს ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროება.

თუმცა, რა თქმა უნდა არც ფორმალური ურთიერთობები არ გამორიცხავს სექსუალურ შევიწროებას და ამოსავალი წერტილი იქნება მსხვერპლის მდგომარეობა, რომ არასასურველია“ ,- ამბობს ქეთი შუბაშვილი.

ის დასძენს, რომ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სექსუალურ შევიწროებას შესაძლოა მიზანი საერთოდ არ ჰქონდეს – „მაგრამ მთავარია, რომ შედეგად დგებოდეს ადამიანისთვის ღირსების შემლახავი ან დამაშინებელი/დამამცირებელი გარემოების შექმნა. მიზანი და განზრახვა არ არის აუცილებელი“.

რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც მსხვერპლი არ პასუხობს შემავიწროებელს, ქეთი შუბაშვილი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების დადგენისთვის ვერბალური „არა“ აუცილებელი არაა. ის გვიხსნის, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები შემავიწროებელს უარს ვერ ეუბნებიან, ან ამა თუ იმ გარემოების გამო მომხდარზე ხმამაღლა საუბარი უჭირს.

„ესეც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არასასურველობის გამოხატვა არ ნიშნავს, გარკვეული სიტყვებით ფორმულირებას, რომელიც უნდა ვუთხრათ. ეს შეიძლება გამოიხატოს თავშეკავებით, სხვადასხვა მინიშნებით, უარით გარკვეულ შეთავაზებებზე და ა.შ.

შეიძლება მოხდეს ისეც, რომ მსხვერპლს მოუწიოს შემავიწროებელთან ურთიერთობის გაგრძელება, ვერ გამოვიდეს ამ ურთიერთობიდან, რადგან შემავიწროებელს ჰქონდეს რაიმე ბერკეტი – შიში, სამსახურეობრივი მდგომარეობა ან ავტორიტეტული პირი იყოს და მსხვერპლმა მარტივად ვერ თქვას უარი და მოუწიოს მასთან ურთიერთობის გაგრძელება. აუცილებლად „არას“ თქმა, ვერბალურად დაფიქსირება არაა სავალდებულო“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი