ახალი ამბები

“აიისამ” სტრასბურგში დავა მოიგო — რას ნიშნავს ეს?

22 ივლისი, 2021 • 3373
“აიისამ” სტრასბურგში დავა მოიგო — რას ნიშნავს ეს?

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ “აიისა” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

კომპანიის დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ სტრასბურგში 2018 წელს, მას შემდეგ იჩივლა, რაც ქართულმა სასამართლომ პრეზერვატივების 4 სახის შეფუთვის გამო მწარმოებელი 500 ლარით დააჯარიმა და აღნიშნული შეფუთვების წარმოებიდან ამოღება დაავალა.

რა თქვა სასამართლომ?

სტრასბურგის სასამართლომ 4-დან 3 შეფუთვის შემთხვევაში დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, 1 შემთხვევაში კი საბოლოო გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა.

კონვენციის მე-10 მუხლში ვკითხულობთ:

“1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რადგანაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად”.

ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”(GDI) იცავდა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს სტრასბურგის შეფასებას, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი, რათა გამართლებულიყო ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლში.

“სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“

ასევე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი”, — აღნიშნავს GDI.

რა მოხდა მეოთხე შეფუთვის შემთხვევაში?

ერთ შეფუთვაზე, რომლის შემთხვევაშიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თამარ მეფეა გამოსახული. ილუსტრაციას თან ახლავს წარწერა: „სამეფო კარი თამარში“. აღნიშნულთან დაკავშირებით სტრასბურგმა მტკიცებულებების არასაკმარისობაზე ისაუბრა:

“ერთ-ერთ მათგანზე დატანილი იყო წარწერა “სამეფო კარი თამარში”, რომელიც მიუთითებდა საქართველოს ყოფილ ქალ მმართველზე, თამარ მეფეზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა კანონიზებული.

საჯარო პირის, ან, რაღა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის კანონიზაცია, როგორც ასეთი, ვერ იქნება საჯარო განხილვებიდან მისი პიროვნების ამოღების მიზეზი. აგრეთვე, მიუხედავად ეროვნული დონის სასამართლოს განჩინებისა, გამოხატვის საშუალება — პრეზერვატივების წარმოება და გავრცელება — არ შეიძლება, როგორც ასეთი, მიუღებლად ჩაითვალოს იმის შეფასებისას, შეუძლია თუ არა ასეთ გამოხატვას, წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემის განხილვაში.

სადავო შეფუთვები

სადავო შეფუთვები

თუმცა მომჩივანმა ეროვნულ დონეზე ვერ მოახერხა აეხსნა, პრეზერვატივზე ამ ადამიანის და წარწერის დახატვამ როგორ შეიტანა წვლილი საჯარო განხილვაში/მის დაწყებაში საერთო ინტერესის მქონე საკითხზე. სამწუხაროა, რომ ეროვნული დონის სასამართლოებმა არ შეაფასეს სადავო გამოსახულებაზე დართული ტექსტის მნიშვნელობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნულ დონეზე მომჩივანის მიერ დამაჯერებელი არგუმენტის არარსებობის გამო, რთულია იმაზე დათანხმება, რომ ადგილობრივი ხელისუფალნი შეცდნენ, როცა დაადგინეს, რომ დიზაინი, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც უმიზეზო შეურაცხყოფა  მართლმადიდებელი ქრისტიანობის მიმდევარი ქართველების თაყვანისცემის ობიექტებისა”.

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება?

GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის, მარი კაპანაძის თქმით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა  “ბოლო წლებშიც და ახლაც [საქართველოში] არის მიდრეკილება, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება”.

ამ კონტექსტში კაპანაძე ახსენებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო შენობების წინ განთავსებული ევროკავშირის ან უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციები უნდა დაწესდეს. ის ასევე საუბრობს 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებზე, რომლის მონაწილეთა ნაწილი “აიისას” საქმეშიც ფიგურირებს.

“ყურადღებამისაქცევია, რომ ამ[აიისას] საქმეში თავის დროზე ფიგურირებდნენ სწორედ [გურამ] ფალავანდიშვილი და სხვები, რომლებიც, ვიცით, რომ ამ წელს[5 ივლისის ჰომოფობიური აქციისას] განვითარებულ პროცესებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევიან.

მათი მიზანიც თავის დროზე იყო სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომაც დაინახა ეს ამბავი და პირდაპირ მიუთითა, რომ ეროვნული მოსამართლეები, ფაქტობრივად, იყვნენ მძევლები გაბატონებული რელიგიური შეხედულებებისა.

ანუ, მათ[ეროვნულმა სასამართლოებმა] გადაწყვეტილება მიიღეს არა კონსტიტუციიდან და იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ დაებალანსებინათ აქეთა და იქითა მხრიდან ინტერესები, არამედ, გაბატონებული მართლმადიდებლური შეხედულებებიდან გამომდინარე. ეს არის მნიშვნელოვანი”, — ეუბნება მარი კაპანაძე “ნეტგაზეთს”.

მარი კაპანაძე. ფოტო: Facebook/Mari kapanadze

GDI-ს წარმომადგენელს ვკითხეთ, ელის თუ არა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ქართული სასამართლოები გაითვალისწინებენ სხვა საქმეებზე მსჯელობისას. მარი კაპანაძე დასძენს, რომ ეროვნული სასამართლოები “სამართლებრივად ვალდებულნი არიან”, ეს გააკეთონ, თუმცა სხვა საკითხია, პრაქტიკაში რამდენად აღსრულდება ეს ვალდებულება:

“ამ გადაწყვეტილებამდე ევროპულ სასამართლოს სხვა საქმეებიც აქვს არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამ საქმეებში სტრასბურგს მსგავს სტანდარტებზე ჰქონდა საუბარი და როდესაც ეროვნულ დონეზე ვდავობდით “აიისას” სახელით, მაშინ ვიყენებდით ამ [სტანდარტებს].

თუმცა მაშინ, სამწუხაროდ, ეროვნულმა სასამართლოებმა ამას არ მიაქციეს ყურადღება და გადაწყვეტილება მიიღეს სწორედ გაბატონებული რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე.

რაკი კონკრეტულად ეს საქმე საქართველოს წინააღმდეგ არის მიღებული, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ ნებისმიერ იმ საქმეში, სადაც საფრთხე შეექმნება გამოხატვის თავისუფლებას ეროვნულ დონეზე. იმედია, საქართველოს სასამართლოები ამას ყურადღებას მიაქცევს, თუმცა ამის გარანტია არ გვაქვს. მათზეა დამოკიდებული”.

“აიისას” საქმე მოკლედ

“აიისა” პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, მისი დამფუძნებელი კი ანანია გაჩეჩილაძეა. 2017 წლის მიწურულს და 2018 წლის დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა პრეზერვატივები რამდენიმე შეფუთვით, რომლებიც შემდგომ კამათისა და სასამართლო დავის საგნად იქცა.

ძირითადად, საუბარია 4 დიზაინზე:

  • შეფუთვა თამარ მეფის გამოსახულებითა და წარწერით „სამეფო კარი თამარში“;
  • შეფუთვა წარწერით „ძლევაი საკვირველი“;
  • შეფუთვა, რომელზეც დატანილია წარწერა „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა…“(ნაწყვეტი პროექტ “პანდას” ვიდეოკლიპიდან);
  • შეფუთვა, რომელზეც გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის ორი თითიც აწეულია და ზედ პრეზერვატივია ჩამოცმული.

ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კომპანია ამ დიზაინების გამო გააკრიტიკა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო იყო. გავრცელებულ განცხადებაში მან “ღვთის გმობის გამოვლინება” უწოდა “აიისას” ამ პროდუქციას.

იმავე პერიოდში, კომპანიის საქმიანობა აქციით გააპროტესტეს სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა. ისინი ამბობდნენ, რომ შეკრება სემინარიის ორგანიზებითა და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

პრეზერვატივების ქართული ბრენდის წინააღმდეგ გამართული მდუმარე აქციის მონაწილე; თბილისი, საქართველო. 19 აპრილი, 2018 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

2018 წლის 27 მარტს კონსერვატიულმა “ქართულმა იდეამ” თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა რეაგირებისთვის. მოძრაობის ლიდერი ამბობდა, რომ “აიისას” ზემოხსენებული დიზაინები შეურაცხყოფდა ქართველების რელიგიურ გრძნობებს.

საჩივრის საპასუხოდ,მერიამ ”აიისას” დამფუძნებელ ინდმეწარმეს — ანანია გაჩეჩილაძეს — არასათანადო რეკლამირების ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა. ქალაქის მთავრობა კომპანიის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა, “აიისა” სამართალდამრღვევად ცნო, 500 ლარით დააჯარიმა და დაავალა, წარმოებიდან ამოეღო ზემოთ ნახსენები 4 სახის დიზაინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არაეთიკურია და რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე, ხელყოფს რელიგიურ სიმბოლოებს.

მოგვიანებით, “აიისაა” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც მას თბილისის მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, სასამართლომ კი — დააჯარიმა. ამასთან, ანანია გაჩეჩილაძემ სტრასბურგში იჩივლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი