ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი – გვარამია

26 მარტი, 2024 • 1023
სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი – გვარამია

„მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის და „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 26 მარტს, სოციალურ ქსელში დაწერა.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა.
მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რ2ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლბაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომაც დაუშვებლად ცნო.

2023 წლის 22 ივნის ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი