ახალი ამბები

ცერცვაძის მტკიცებით, დეკემბერ-იანვარში ჩინური ვაქცინების შემოტანაზე მოსახლეობამ თქვა უარი

21 ივლისი, 2021 • 1137
ცერცვაძის მტკიცებით, დეკემბერ-იანვარში ჩინური ვაქცინების შემოტანაზე მოსახლეობამ თქვა უარი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაცია საქართველოში დაგვიანებით დაიწყო, რადგან დეკემბერში და იანვარში ქვეყანას ჩინური ვაქცინების შემოტანაზე “მოსახლეობამ უარი თქვა”.

“ვაქცინაციის პროცესი დაიწყო დიდი დაგვიანებით, შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის იმ მოცულობის, რაც უნდა იყოს. მაგრამ ორ რამეს გეტყვით — ახლა ყველანაირი შესაძლებლობა გახსნილია, ყველა ტიპის საუკეთესო ვაქცინები არის შეუზღუდავი რაოდენობით და ვაქცინების სერვისის მიმწოდებელი სამსახურები არის მაქსიმალური. არა მგონია, სხვა ქვეყნებს ამდენი ჰქონდეს. დღეში 20-25 ათასი ადამიანის ვაქცინაცია შეგვეძლება. იცით, რატომ დაგვიანდა ვაქცინაცია? დეკემბერში და იანვარში შესაძლებლობა ჰქონდა ქვეყანას, რომ შემოეტანა ჩინური ვაქცინები — სინოფარმი, სინოვაკი — მაშინ მოსახლეობამ უარი თქვა”, — განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია პირველად ექიმებისთვის 15 მარტიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. საქართველოს მთვრობას რამე წარმომადგენლობითი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა “მოსახლეობის უარს” ჩინურ ვაქცინებზე, დეკემბერ-იანვარში არ ჩაუტარებია. მოლოდინს, რომ ჩინურ ვაქცინებს არ შემოიტანდნენ, თავად მთავრობის წარმომადგენლები და კორონავირუსის პანდემიის მართვაში ჩართული ექიმები და ეპიდემიოლოგები ქმნიდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები შემოვიდოდა. მიუხედავად ამისა,  აპრილში საქართველომ ჩინეთისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა შეიძინა. “სინოფარმმა” WHO-ს ავტორიზაცია 7 მაისს მიიღო, “სინოვაკმა” კი — პირველ ივნისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი