ახალი ამბები

მიშა, იახტა შავ ზღვაში და მიხეილ ბატურინის უჩვეულო პატიმრობა

21 ივლისი, 2021 • 4368
მიშა, იახტა შავ ზღვაში და მიხეილ ბატურინის უჩვეულო პატიმრობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სამი პირი, რომლებიც შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, უკრაინულ იახტაზე დააკავეს.

მათ შორისაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი. მისი თქმით, ქართველ სამართალდამცავებს ეგონათ, რომ იახტაზე სააკაშვილი იმყოფებოდა და პოსტსაარჩევნო ვნებათაღელვის ფონზე საქართველოში ჩასვლას აპირებდა.

ეს ამბავი პოლიტიკურ კონსპირაციებში, საზღვაო სამართალსა და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებშია გადაჯაჭვული. ყველაფერი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან ერთი კვირის თავზე დაიწყო:

შავი ზღვის სანაპირო, ბათუმი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

უკრაინული იახტის აბორდაჟი

2020 წლის 28 ნოემბერი: შავ ზღვაში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, უკრაინული იახტა მიცურავს. საღამოს, დაახლოებით 7-ის ნახევრისთვის, საქართველოს სანაპირო დაცვის ორი კატარღა უკრაინულ იახტას აბორდაჟით აჩერებს [აბორდაჟი ხომალდის შეპყრობის ხერხია].

სამართალდამცავებს, სავარაუდოდ, ეჭვი აქვთ, რომ იქ „უკანონო მიგრანტი“ იმყოფება, რომლის მიზანი საქართველოში შესვლაა, თუმცა ბორტზე მხოლოდ სამ ადამიანს პოულობენ – უკრაინის ორ და საქართველოს ერთ მოქალაქეს.

სამივე მათგანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული.

უკრაინის მოქალაქეები, ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩი სააკაშვილის მეგობრებად მიიჩნევიან, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი კი სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია.

ბატურინის მონათხრობის თანახმად, პოლიციელები მხოლოდ ამ სამი ადამიანის დანახვის შემდეგ, დაეჭვებულები აგრძელებენ „მიშას“ ძებნას:

„კაპიტანს ეუბნებიან, გამოვიდეს მიშაო. მე რომ შევრჩი ხელში, ეს ვინ არისო, მიშა გამოვიდესო“…

მიხეილ ბატურინი. სქრინშოტი ფორმულას ეთერიდან

„პაროლი სამჯერ დაკაკუნებაა“

დაკავებულების ადვოკატის, ბექა ბასილაიას თანახმად, ბორტზე პოლიციელებმა სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი იპოვეს, რამაც სააკაშვილის იქ ყოფნაზე ეჭვები გაუძლიერათ, თუმცა ბორტზე სააკაშვილი არ აღმოჩნდა.

„მიშა რომ ვერ იპოვეს, შემდეგ ამბობდნენ, სადღაც დამალეთ ალბათო, სად ჩააყვინთინეთო“, – იხსენებს ბატურინი „მთავარ არხთან“ საუბარში და ამ გაცვლა-გამოცვლას „ღიმილმომგვერლს“ უწოდებს:

„მე ვუთხარი, აი, იქით არის, ოღონდ პაროლი უნდა, სამჯერ უნდა დააკაკუნოთ-მეთქი. მივიდა და აკაკუნებდა… მერე ვუთხარი, – კარგად აღარ მახსოვს, – მორზეთი დააკაკუნე-მეთქი, ორი მოკლე, ერთი გრძელი-მეთქი. ეგეც შეასრულეს, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ვეღადავებოდი“.

გაჩერებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ, ბატურინის მონათხრობის თანახმად, ქართველმა სამართალდამცავებმა ისინი სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე გადაიყვანეს (და არა პორტში), იქიდან კი, გამთენიისას – წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„მე არ ველაპარაკებოდი, იმის მიუხედავად, რომ გამომძიებელიც იყო მოსული. ვითხოვდი ელემენტარულს – რის საფუძველზე ვიყავი დაკავებული, რაზეც პასუხი არ იყო“, – ამბობს ბატურინი.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ ბატურინი სასამართლოზე. ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

ოფიციალური ბრალდება

ბრალდებაში სააკაშვილის შესაძლო შემოსვლის თუ შემოყვანის ელემენტი ოფიციალურად არ ფიგურირებდა (მხოლოდ საუბარი იყო „უკანონო მიგრანტის შესაძლო შემოყვანაზე“).

საბოლოოდ ბატურინს, დიაჩენკოსა და ხიმინჩს საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ კვეთა წაუყენეს ბრალად. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაიწყო.

წინასასამართლო სხდომასა და არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი იახტით „მშვიდობიან გავლას ახორციელებდნენ“, ბათუმში არ გაჩერებულან, საზღვარი არ გადაუკვეთავთ და არ დაურღვევიათ საზღვაო ან საერთაშორისო სამართალი.

[ვრცლად ბათუმელების არქივიდან სასამართლო განხილვებზე]

უკრაინასთან ურთიერთობის გაციება

ეს პროცესები საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაციების ფონზე განვითარდა, რაც ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხთან იყო დაკავშირებული და მის როლთან უკრაინის ახალ მმართველობით სისტემაში:

2020 წლის 22 აპრილს სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა, რასაც საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა.

ვოლოდიმერ ზელენსკი

საბოლოოდ, 2020 წლის 7 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა [კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია].

ამის შემდეგ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია და ერთი წლის განმავლობაში არ დაუბრუნებია.

დიპლომატიური ურთიერთობების გაციებისა და ბატურინისა და უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შემდეგ, 2021 წლის 10 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ვსარგებლობთ შესაძლებლობით და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამ საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ“, – აცხადებდა სამინისტრო. თუმცა ამ მცდელობებს არაფერი მოჰყოლია.

დათბობა კონფლიქტის და კრიტიკის ფონზე

პარალელურად, საერთაშორისო არენაზე გაძლიერდა საუბარი იმ იდეის შესახებ, რაც სულ მცირე, ორი წლით ადრე გამოითქვა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის „კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ამბიციურ გეგმებზე“.

მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები საქართველოში. 2021 წლის 19 ივლისი

2021 წლის 2 თებერვალს უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ერთობლივი წერილი გაუგზავნეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს და სხვა მაღალჩინოსნებს.

ისინი წერდნენ, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას გზა ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაციის მიმართულებით“.

ამასობაში, 2021 წლის მარტის ბოლოს, უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებით ვითარება კვლავ დაიძაბა — 26 მარტს ერთ-ერთ სოფელთან მოწინააღმდეგის გახსნილ საარტილერიო ცეცხლს 4 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა გადაისროლა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ოფიციალური განცხადება 7 აპრილამდე არ გაუვრცელებია, რაც არაერთმა აქტორმა გააკრიტიკა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მაგალითად, უკრაინის მიმართ „არასათანადო მხარდაჭერის“ გამო საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში აპრილის დასაწყისში, ვითარების დაძაბვის შემდეგ. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

7 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა.

8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებდა.

9 აპრილს კი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ სოლიდარობის ნიშნად აუციელებელი იყო, საქართველოს სასწრაფოდ დაებრუნებინა ელჩი კიევში.

15 აპრილს ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის, რა დროსაც ნახსენები იყო ზურაბიშვილის „მომავალი ვიზიტი“ უკრაინაში.

21 აპრილს, — ერთწლიანი პაუზის შემდეგ, — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა და მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

ზურაბიშვილის ვიზიტი კი ორ თვეში შედგა: ის 23 ივნისს ეწვია კიევს.

სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი

ზურაბიშვილისა და ზელენსკის საუბრები

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, საერთო პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ:

„დაიკარგა გარკვეული დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ჩვენი საერთო მიზნების გამყარებისთვის“.

უკრაინის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ (სხვა საკითხებთან ერთად) განიხილეს „მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხედან საპატიმროებში საქართველოსა და უკრაინაში“:

„იურიდიული პროცედურა იქნება დასრულებული და ეს პირები უახლოეს მომავლში დაბრუნდებიან სახლში“, – განაცხადა ზელენსკიმ, თუმცა სხვა დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

იქვე დაიგეგმა ზელენსკის ვიზიტი საქართველოში ივლისის შუა რიცხვებისთვის.

განაჩენი და შეწყალება

ზელენსკი საქართველოში 19 ივლისს ეწვია.

5 დღით ადრე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეზღვაურების საქმეზე განაჩენი გამოიტანა: სამივე მათგანი დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბატურინის საქმის ადვოკატი და პროკურორი სასამართლოში. 18 მაისი. ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

მიხეილ ბატურინი იხსენებს: „16-ში უკვე გამომიყვანეს საკნიდან. დამხვდა სპეცნაწილის თანამშრომელი, რომელმაც გვითხრა, გილოცავთ, შეწყალებულები ხართო და ხელი მოაწერეთო“.

თუმცა, ბატურინის თქმით, არცერთ მათგანს არაფერზე მოუწერია ხელი, რადგან შეწყალების თხოვნის გაგზავნა მათი მხრიდან ბრალის აღიარებასაც გულისხმობდა.

„შემდეგ უკვე დღეს [19 ივლისს, ზელენსკის ვიზიტამდე] დილას, 8 საათზე გამომიყვანეს საკნიდან, ციხის დირექტორს უნდოდა გასაუბრება. მითხრა, რომ ვიყავი შეწყალებული. დანარჩენი ჩემი საქმე არ არისო“, – იხსენებს ბატურინი.

„სამიტი იშლებოდა“

მიხეილ სააკაშვილის თანახმად, პატიმრების გათავისუფლება პრეზიდენტი ზელენსკის კატეგორიული მოთხოვნა იყო:

„[მეზღვაურები გაათავისუფლეს] მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი საქართველოსთან და თქვა, რომ არ ჩავიდოდა არც ევროკავშირის მოწყობილ სამიტზე, ხოლო მაია სანდუმ, მოლდოვის პრეზიდენტმა, თქვა, რომ თუ უკრაინელები არ ჩავიდოდნენ, ისიც არ ჩავიდოდა, – ანუ სამიტი ეშლებოდათ“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ 19 ივლისს მხოლოდ ის დაადასტურა, რომ შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა და ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულება იყო, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი