ახალი ამბები

“უკრაინისთვის სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, ელჩი კიევში დავაბრუნოთ” — ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 • 940
“უკრაინისთვის სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, ელჩი კიევში დავაბრუნოთ” — ზურაბიშვილი

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღეს, ამ სოლიდარობის ნიშნად, აუციელბელია, საქართველომ სასწრაფოდ დააბრუნოს ელჩი კიევში:

“არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ერთი წელი ხდება, რაც საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იერიში მიიტანეს უკრაინულ ძალებზე იმგვარი მსხვილკალიბრიანი იარაღით, რასაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ორი კი მძიმედ დაიჭრა. კიევის განცხადებით, შეტევა დონეცკის ჩრდილოეთით, დასახლება შუმთან მოხდა.

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ოფიციალური განცხადება 7 აპრილამდე არ გაუვრცელებია. 7 აპრილს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა.

ზალკალიანის თქმით, მან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.

“გავცვალეთ ინფორმაცია რუსული ოკუპაციის ფონზე საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე”, — წერს ზალკალიანი.

უკრაინის მიმართ არასათანადო მხარდაჭერის გამო საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

“როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე არა მარტო ხმამაღლა გამოვხატე პოზიცია, არამედ ჩავედი ცხელი ომის შუაგულში. ძალიან გაკვირვებული ვარ. როგორ ელოდებით რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობას მსოფლიო საზოგადოებისგან”, – განაცხადა ილვესმა.

8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განუცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძე არ იზიარებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის კრიტიკას იმის შესახებ, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი