ახალი ამბები

დეპუტატი მანდატურის ფუნქციით — როგორ იძალადეს ქალებზე პარლამენტში

20 ივლისი, 2021 • 1952
დეპუტატი მანდატურის ფუნქციით — როგორ იძალადეს ქალებზე პარლამენტში

„ქართულ ოცნებასა“ და მის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალთა მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს და ამაყობს იმ პროგრესით, რომელიც თუნდაც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით მიაღწია.

თუმცა, როგორც ჩანს, ამან ვერ დააზღვია სამი ოპოზიციონრი ქალი დეპუტატი, რომელთა წინააღმდეგ პარლამენტში, პირდაპირ ეთერში, კაცმა დეპუტატებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს.

სამივე ქალი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სამივე მათგანი საჯაროდ საუბრობს მომხდარზე, თუმცა „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, არეულობაში კვლავ „დესტრუქციულ ოპოზიციას“ ადანაშაულებს. კაცებზე კი, უბრალოდ, არ საუბრობს.

დეპუტატებს შორის, რომლებმაც მანდატურის ფუნქცია შეითავსეს და სხდომათა დარბაზში წესრიგის დამყარების მისია საკუთარ თავზე აიღეს, შალვა პაპუაშვილიც იყო.

ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარზე მოკვლევა შსს-ში. ოპოზიციონერი დეპუტატები კი ამბობენ, რომ საკითხზე ეთიკის კომისიას მიმართავენ.

რა მოხდა?

18 ივლისს პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტან გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. ამ დღეს ოპოზიციური დეპუტატები და მედიის წარმომადგენლები „ტვ პირველის“ დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებითა და პლაკატებით მივიდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშივლისა და შს მინისტრის გადადგომა.

ამ მოთხოვნებს დაძაბულობა და არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ კი მინისტრი პარლამენტიდან წავიდა.

სწორედ ამ არეულობის დროს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იმ ტრიბუნასთან მიახლოება სცადა, საიდანაც შს მინისტრი ვახტან გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. მმართველი გუნდის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბოკუჩავას ხელი მოხვია, ზემოთ ასწია და რამდენიმე მეტრის მოშორებით, მისივე ნების საწინააღმდეგოდ გადააადგილა.

დაკავებული ადგილის დატოვება აიძულეს ენმ-ის კიდევ ერთ დეპუტატ ნონა მამულაშვილსაც. ლექსო ლაშაქარავას პლაკატით ხელში მამულაშვილმა დეპუტატების მაგიდაზე ასვლა სცადა, მალევე კი დეპუტატმა ირაკლი მამულაშვილმა ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. კადრებში ჩანს, რომ მამულაშვილი ინციდენტისას თითქმის ძირს ვარდება.

ლაშქარავას ფოტო ხელში ეკავა დეპუტატ ანი წითლიძესაც მანამ, სანამ რამდენიმე დეპუტატმა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა  ძალით არ განარიდეს.

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?“

ამ დრომდე ნეტგაზეთისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე ან მოკვლევა, ან გამოძიება. თუმცა თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატს და ინციდენტის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს, შალვა პაპუაშვილს, მომხდარი პრობლემად არ მიაჩნია.

მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა, ბოლოს კი დასძინა: „თინასთან ვწუხვარ“.

შალვა პაპუაშვილის განცხადება ფეისბუკზე

პარლამენტში 18 ივლისს მომხდარ ინციდენტს ფეისბუკზე ასევე გამოეხმაურა გენდერული საბჭოს თავმდჯომარე ნინო წილოსანი. თუმცა მის განცხადებაში „ქართული ოცნების“ კაცი დეპუტატების მიერ ძალის გამოყენებაზე საუბარი არ იყო. ამის სანაცვლოდ მან განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.

„პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის, ქალების მონაწილეობით, ძალიან მძიმე საყურებელია. თუმცა სწორედ ეს არის პროვოკატორთა ამოცანა.

პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი ჩვენი გუნდის მიერ დანერგილი ინსტრუმენტია, თუმცა არც ამ პრინციპს, არც რეგლამენტის, არც კანონების დათქმებს, არ იცავენ ოპოზიციონერი კოლეგები და განუწყვეტლივ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციას და სტაბილურობას“, – წერს წილოსანი.

ის ისურვებდა, რომ მისი ქალი კოლეგები „არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებთ კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი“.

ნეტგაზეთმა რამდენჯერმე მიმართა წილოსანს დამატებითი განმარტებისთვის. თუმცა მან გვიპასუხა, რომ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით გვეხელმძღვანელა.

ჩვენს დამატებით კითხვებს, მაგალითად, კაცი დეპუტატების მიერ არასასურველი ხელით შეხება და ძალის გამოყენებით გადაადგილება, არის თუ არა ძალადობის ფორმა, წილოსანმა არ უპასუხა.

„ვფიქრობ ,ნათლად ავსახე ჩემი პოზიცია“, — გვითხრა მან.

„ეს იყო ძალადობა“ 

„ეს იყო ძალადობა“ — ასე აფასებს ნეტგაზეთთან მომხდარს ენმ-ის დეპუტატი ნონა მამულაშვილი. ის გვიყვება, რომ მიზოგინური და ძალადობრივი ქმედებები არ გაკვირვებია, თუმცა, სხვა დეპუტატებთან ერთად, აპირებს ეთიკის კომისიას მიმართოს.

„აქ კონკრეტულად ქალებზე იყო თავდასხმა, როგორც გუშინ ვნახეთ, და ჩვენი პარტიიდან სამ ქალს — თინა ბოკუჩავას, მე და ანი წითლიძეს-  შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ ამის შესახებ ეთიკის კომისიაში დავწერთ საჩივარს“, — ამბობს ის და ამატებს, მართალია, არ აქვს იმედი, რომ პარლამენტი რაიმეს მოიმოქმედებს – „[ეთიკის კომისია] არის ერთადერთი ცივილიზებული საშუალება, რომ ეს საკითხი დავაყენოთ და რაღაცნაირად გადაწყდეს. გადაწყდება თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენი მოვალეობა უნდა მოვიხადოთ, რათა იგივე არ განმეორდეს.

„ზოგადად, ეს მიზოგინური გამოხტომები ოცნების დეპუტატებისგან სიახლე არ არის, შესაბამისად, არ გამკვირვებია, რაც გააკეთეს, რადგან ეს არის ის ხალხი, რომელიც პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა ძალადობისკენ 5 ივლისს. არ იყო ეს გამონაკლისი, ახალი არაფერი გაუკეთებიათ.  საზოგადოებას კი ეს აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მოძალადე ხელისუფლებასთან,“

„პოლიტიკა არის მტრული ქალების მიმართ“

„ჩემთვის ეს უპირველესად ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკა არის მტრული ქალების მიმართ, ის არ არის ინკლუზიური და პოლიტიკაში და საჯარო სივრცეში კაცები იყენებენ სხვადასხვა შესაძლებლობას იმისთვის, რომ ქალები გამოდევნონ ამ სივრციდან, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას“, — ასე აფასებს მომხდარს ნეტგაზეთთან საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს ევრაზიის კოორდინატორი თამარ დეკანოსიძე.

დეკანოსიძე იხსენებს, რომ პარლამენტისთვის, სადაც არაერთხელ ყოფილა კაცებს შორის ხელჩართული ბრძოლა – „ეს ძალადობრივი გარემო არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, რაც უშუალოდ პარლამენტსა და პოლიტიკას კიდევ უფრო არამეგობრულსა და საფრთხის შემცველს ქმნის ქალებისთვის“.

„მიუხედავად იმისა, რომ კაცებს შორისაც არაერთი გვინახავს ფიზიკური დაპირისპირება, ქალის შემთხვევაში საქმე სხვანაირად არის, რადგან მათ შეიძლება ნაკლები უნარი შესწევდეთ იმისა, რომ შევიდეს ხელჩართულ ბრძოლაში, მასზე ფიზიკურად ძლიერ კაცებთან, ამიტომ ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი, როდესაც ქალის მიმართ ხორციელდება.

და ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პარლამენტში ვხედავთ კაცებს შორის ხელჩართულ ბრძოლას და არა ქალებისა. ეს განასხვავებს იმ კულტურას, რაც კაცებს აქვთ პოლიტიკაში – ქალებისგან. შეიძლება ვცდები, მაგრამ ქალების ხელჩართული ფიზიკური დაპირისპირების ვიდეო პარლამენტიდან არ მინახავს“, — ამატებს ის.

თამარ დეკანოსიძე

თამარ დეკანოსიძე. ფოტო: ილიაუნის სამართლის სკოლა

ჩვენს კითხვაზე, რა სიგნალს უგზავნის ამგვარი ქცევა მოქალაქეებს, თამარ დეკანოსიძე გვპასუხობს, რომ ამგვარი სიტუაცია ამძაფრებს სტერეოტიპს – თითქოს პოლიტიკა ბინძური, ძალადობრივი საქმეა და მასში ქალს ადგილი არ აქვს. სტერეოტიპები და საზოგადოების დამოკიდებულება კი საბოლოოდ პოლიტიკურ პროცესებში ქალების ნაკლებ წარმომადგენლობას განსაზღვრავს.

„ეს კადრები ამყარებს ამ დამოკიდებულებას, ქალებს ეუბნება, რომ პოლიტიკა, პარლამენტი არის ფიზიკური დაპირისპირების სივრცე, ხელჩართული ბრძოლის სივრცე და იქ ქალებს არ მიესვლებათ. და თუ შევლენ ისინი ამ სივრცეში, შესაძლოა, ფიზიკური ძალმომრეობის გამოყენებით გამოდევნონ. სამწუხაროდ, ამ მესიჯს უგზავინს საზოგადოებას,“.

ამასთანავე, თამარ დეკანოსიძე მიიჩნევს, რომ რაც მოხდა,  სამსახურეობრივ ადგილზე ადამიანის შევიწროებაა, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, სასამართლო სარჩელის საფუძველი გახდეს.

„არ გვინდა შორს, საერთაშორისო პრაქტიკაში წასვლა, რადგან საქართველოს კანონმდებლობითაც შეგვიძლია მომხდარის შეფასება, კერძოდ, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი ითვალისწინებს ისეთ ქმედებას, რომელსაც ჰქვია შევიწროება.

შევიწროება არის პირის იძულება, მის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმუოფელი გარემოს შექმნას. მე ამ ქალების მაგივრად გამოვიყენებდი ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მივმართავდი სასამრთლოს და მოვითხოვდი ზიანის ანაზღაურებას აღნიშნული ფაქტის გამო. ჩვენი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა“, — დასძენს ის.

„ეთიკის კოდექსის უხეში დარღვევა“ — TI

ნეტგაზეთთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ 18 ივლისს პარლამენტში ქალების წინააღმდეგ გამოყენებული ფიზიკური ძალა დეპუტატთა ეთიკის კოდექსის უხეში დარღვევაა.

ის დასძენს, რომ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლება ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ძალისმიერი გამოყვანა მიუღებელი და არაეთიკურ ქცევაა.

პრობლემაა ასევე ისიც, რომ მართალია, პარლამენტს ეთიკის კოდექსი გაწერილი აქვს, კომისიის დაკომპლექტება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მას არც არანაირი ძალა არ აქვს.

„ამ ეთიკის კოდექსის შემუშავება არაერთი წელი მიმდინარეობდა და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიყავით აქტიურად ჩართული. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ყოფილიყო ძალიან მკარი სანქციები – რაზეც პარლამენტი არ დათანხმდა. პირველადი ვერსია, რაც იყო შეთავაზებული, ითვალისწინებდა საკმაოდ მკაცრ სანქციებს, მათ შორის, ხელფასის დაქვითვას, უფლებამოსილების შეწყვეტას, მივლინებების აკრძალვას და ა.შ.

საბოლოოდ, მკაცრი სანქციებით პარლამენტმა კოდექსი არ მიიღო. დღეს ერთ-ერთი გათვალისწინებული სანქციაა, რომ  ვებ-გვერდზე მიეთითოს, ვინ არის დამრღვევი“, — განმარტავს ლიკა საჯაია ნეტგაზეთთან და ამატებს, რომ ამგვარი საქნცია მკაცრად ვერ ჩაითვლება.

„ჯერჯერობით საბჭო ჩიხშია“ ,— აგრძელებს საჯაია. ის გვიხსნის, რომ რაკი საბჭო დაკომპლექტებული არაა, სურვილი რომც არსებობდეს, ჯერჯერობით ვერანაირი სანქცია ვერ ამოქმედდება. რაც შეეხება დეპუტატების ქცევას,  ამბობს, რომ პარლამენტში წესრიგის დასამყარებლად მანდატურის სამსახური არსებობს, რომელიც კანონის ფარგლებში პარლამენტის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს – „საერთოდ არ არის ეს დეპუტატის ფუნქცია, წესრიგი დაამყაროს დარბაზში”, — ამბობს საჯაია.

ის მოუწოდებს პარლამენტს, ამუშავდეს ეთიკის საბჭო და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობასაც უნდა ჰქონდეეს რეაგირება და მინიმუმ ბოდიში მაინც მოიხადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი