„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახლიდან გასვენების დროს ტელე და რადიოარხების ნაწილმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა.
აღნიშნულ ტელეკომპანიებს შორის არიან – „გურია“, „მეცხრე ტალღა“, „ოდიში“, „TOK TV“, „აგროგარემო“, „TV 25“, „მეცხრე არხი“, „თანამგზავრი“, „TV 4“, „რიონი“, „ბორჯომი tv“ ; ასევე, რადიოარხები – „ათინათი“; „მწვანე ტალღა“; „ფორტუნა“ და სხვები.
ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.
საბოლოოდ, შსს-მ 12 ივლისს თქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.
თუმცა უწყებას არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მათ ამის შესახებ მხოლოდ თავიანთი ვარაუდი გაავრცელეს.
როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
ნახეთ ასევე:
შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს